შინაარსზე გადასვლა

ოქროკუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქროკუდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ერებუსისებრნი
ქვეოჯახი:  ტალღურასებრნი
გვარი:  Euproctis
სახეობა:  ოქროკუდა
ლათინური სახელი
Euproctis chrysorrhoea (Linnaeus, 1758)

ოქროკუდა (ლათ. Euproctis chrysorrhoea) — პეპელა ტალღურების ოჯახისა. ხეხილისა და ტყის ფოთლოვანი ჯიშების საშიში მავნებელია. პეპლის ფრთების შლილი 35 მმ აღწევს. ოქროკუდა თეთრია, წინა ფრთებზე ბოლოში ოთხი პატარა შავი წერტილი აქვს. დედალი ოქროკუდას მუცელი ოქროსფერი ბეწვების კონით ბოლოვდება (აქედან სახელწოდება). მატლი მონაცრისფრო შავია, მეჭეჭებზე აქვს ოქროსფერი ბეწვები. იკვებება ფოთლებით. მავნებლის მასობრივი გამრავლებისას მცენარე უფოთლოდ რჩება. ოქროკუდა ყველგანაა გავრცელებული; საქართველოში უმეტესად ქართლში, მესხეთსა და იმერეთში[1] — ფოთლოვანი ტყის მერქნიან სახეობებზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში — ხეხილზე. მკვებავი მცენარეებია: მუხა, წიფელი, კუნელი, ცაცხვი, არყი, რცხილა, კოწახური, ასკილი; ხეხილიდან — ვაშლი, მსხალი, ალუჩა, ქლიავი, ატამი და სხვა. სულ აზიანებს მერქნიანი მცენარეების 100-ზე მეტ სახეობას.[2]

ახასიათებს ერთწლიანი გენერაცია.[2] ოქროკუდა ზამთრობს მატლის სახით საზამთრო ბუდეში,[1] II ასაკის მატლის ფაზაში. გაზაფხულზე მცენარის კვირტების გაშლისას მატლები გამოდიან აბლაბუდებიდან. დაჭუპრება ხდება ივნისში სათითაოდ ან ჯგუფურად, აბლაბუდისებრ პარკებში ფოთლებს შორის და ღეროზე, მასობრივი გამრავლებისას — ხეების ქვეშ ბალახზე. ჭუპრის ფაზა გრძელდება 15–20 დღეს. პეპლები ფრენენ ივლის-აგვისტოში. მდედრი პეპელა ფოთლის ქვედა მხარეს დებს კვერცხებს ჯგუფურად, თითოეულში 200–500 ცალის რაოდენობით. 15–20 დღის შემდეგ (უმეტესად ივლისის მეორე ნახევარში) კვერცხებიდან გამოჩეკილი მატლები 20–23 °C ტემპერატურაზე განვითარებას ამთავრებენ 30–45 დღეში. მატლები კვების პროცესში ფოთლებს ახვევენ აბლაბუდაში და წარმოიქმნება მკვრივი ნაცრისფერი ბუდე, რომელშიც ზამთრობს 200-დან 2000-მდე ცალი მატლი ერთად.[2] წელიწადში ერთ თაობას იძლევა.[1]

ბრძოლის ღონისძიებები: ბუდეების შეგროვება და დაწვა, მატლის გამოჩეკის პერიოდში პესტიციდების (კონტაქტური მოქმედების) გამოყენება, 16 °C-ის ზევით კარგად მოქმედებს ენტობაქტერინი-3 და დენდრობაცილინი.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ალექსიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 610.
  2. 2.0 2.1 2.2 მანდარია ნ., დიდმანიძე ე., იმერეთში გავრცელებულ ქერცლფრთიანების ზეოჯახ აბრეშუმქსოვებისებრთა (LEPIDOPTERA, BOMBYCIDOIDEA) მავნე სახეობები // აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, №2, 2013. — გვ. 160–161.