მოიზ ჩომბე
მოიზ ჩომბე | |
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 ივლისი, 1964 – 13 ოქტომბერი, 1965 | |
წინამორბედი | სირილ ადულა |
მემკვიდრე | ევრაისტ კიმბა მუტომბო |
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 ივლისი, 1964 – 13 ოქტომბერი, 1965 | |
წინამორბედი | სირილ ადულა |
მემკვიდრე | კლეოფას კამიტატუ |
კატანგის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 ივნისი, 1960 – 12 იანვარი, 1963 | |
დაბადებული | 10 ნოემბერი, 1919 მუსუმბა, ბელგიის კონგო |
გარდაცვლილი | 29 ივნისი, 1969 (49 წლის) ალჟირი, ალჟირი |
მოიზ კაპენდა ჩომბე (ფრანგ. Moïse Kapenda Tshombe; დ. 10 ნოემბერი 1919, მუსუმბა, ბელგიის კონგო — გ. 29 ივნისი 1969, ალჟირი) — კონგოელი პოლიტიკოსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 1964-1965 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა წარმატებული კონგოელი ბიზნესმენის ოჯახში. განათლება მიიღო ამერიკულ მისიონერთა სკოლაში. 1950-იანი წლებიდან აქტიურად დაკავდა პოლიტიკური საქმიანობით. 1959 წელს კატანგის პროვინციაში დააარსა პარტია CONAKAT, რომელიც მოითხოვდა პროვინციის ფართო ავტონომიას.
კატანგის მმართველი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960 წლის არჩევნების შემდეგ ჩომბეს მიერ დაარსებულმა პარტიამ მოიპოვა კატანგის პროვინციული პარლამენტის მანდატების უმრავლესობა. ბელგიის კონგოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1960 წლის 30 ივნისი) ჩომბემ და მისმა პარტიამ გამოაცხადა ასევე კატანგის დამოუკიდებლობა.
პროდასავლური და ანტიკომუნისტური განწყობის მქონე ჩომბე აირჩიეს კატანგის პრეზიდენტად. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პატრის ლუმუმბამ გაეროსაგან ითხოვა სამხედრო დახმარება, რათა აღეკვეთა სეპარატისტული გამოსვლები კატანგის პროვინციაში. გაერომ აღნიშნული დახმარება გაითვალისწინა და ორი წლის მანძილზე სამშვიდობო ძალები აკონტროლებდნენ კატანგის პროვინციის დაბრუნების პროცესს ქვეყნის ცენტრალური მმართველობის ქვეშ.
1961 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პატრის ლუმუმბა, რომელიც 1960 წელს დააპატიმრეს, გააგზავნეს კატანგის პროვინციაში, სადაც დასაჯეს სიკვდილით. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად თავად ჩომბემ გასცა ბრძანება მისი დახვრეტის შესახებ, ხოლო მეორე ვერსიით ცდილობდა მისი სიკვდილით დასჯა აერიდებინა, მათი არასახარბელო ურთიერთდამოკიდებულების მიუხედავად.
პრემიერ-მინისტრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1963 წელს გაეროს სამშვიდობო ძალებმა საბოლოოდ მოახდინეს კატანგის ოკუპაცია. ჩომბე იძლებული გახდა ჯერ ჩრდილოეთ როდეზიაში, ხოლო შემდეგ ესპანეთში გაქცეულიყო.
1964 წელს ისევ დაბრუნდა სამშობლოში, რათა დაეკავებინა შემოთავაზებული ახალი კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 1964 წელს მისი ხელმძღვანელობით მოხდა კონგოს სახალხო რესპუბლიკის ლიკვიდაცია, რომლის დედაქალაქიც იყო სტენვილი (თანამედროვე კისანგანი). მიუხედავად მისი აქტიური საქმიანობისა, პრეზიდენტმა ჟოზეფ კასავუბუმ იგი ერთი წლის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
საზღვარგარეთ ჩომბეს მიმართ იყო ორაზროვანი დამოკიდებულება. მაგალითად, როდესაც მან გამოთქვა სურვილი დასწრებოდა 1964 წლის კაიროს კონფერენციას ზოგიერთი ქვეყანა (ნიგერია, ლიბერია, სენეგალი და ტოგო) მისი მომხრე იყო, ხოლო ზოგიერთი (იუგოსლავია) წინააღმდეგი. ხმათა უმრავლესობით ჩომბეს უარი უთხრეს კაიროს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე[1]. იგი ჩაფრინდა კაიროში მაგრამ ვერ მიიღო მონაწილეობა კონფერენციის მსვლელობაში[1].
გაქცევა და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1966 წელს, ქვეყნის ახალმა მმართველმა მობუტუ სესე სეკომ, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, მოიზ ჩომბე დაადანაშაულა სახელმწიფოს ღალატში. ჩომბე იძულებული გახდა კვლავ ესპანეთში გაქცეულიყო.
1967 წელს დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი. 1967 წლის 30 ივნიის, ვერტმფრენი, რომლითაც მიფრინავდა ჩომბე ხელში ჩაიგდეს და დასვეს ალჟირში, სადაც კვლავ ციხეში ჩასვეს. მოგვიანებით მიუსაჯეს შინაპატიმრობა. გარდაიცვალა 1969 წლის 29 ივნისს შინაპატიმრობაში, გულის შეტევის შედეგად. დაკრძალულია ბრიუსელში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Новосельцев Б. С. Югославия и Каирская конференция неприсоединившихся стран. // Славянский альманах. — 2015. — № 1-2. — С. 133—134.