მარია ანა საქსონიელი (1728-1797)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ანა საქსონიელი
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 9 ივლისი, 1747
მმართ. დასასრული: 30 დეკემბერი, 1777
წინამორბედი: მარია ამალია ავსტრიელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ავგუსტა ზულცბახელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 აგვისტო, 1728
დაბ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 17 თებერვალი, 1797, (68 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, გერმანია
მეუღლე: მაქსიმილიან III, ბავარიის კურფიურსტი
სრული სახელი: მარია ანა სოფია საბინა ანგელა ფრანცისკა ქსავიერა
დინასტია: ვეტინები
მამა: ავგუსტ III, პოლონეთის მეფე
დედა: მარია იოზეფა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ანა საქსონიელი (გერმ. Maria Anna von Sachsen; დ. 29 აგვისტო, 1728, დრეზდენი, საქსონია, გერმანია — გ. 17 თებერვალი, 1797, მიუნხენი, ბავარია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ისა და დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის ქალიშვილი. ბავარიის კურფიურსტი 1747-1777 წლებში როგორც მაქსიმილიან III იოზეფის მეუღლე.

ბიოგრაიფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა დაიბადა 1728 წლის 29 აგვისტოს დრეზდენში, საქსონიაში. იგი იყო საქსონიის, პოლონეთისა და ლიტვის მეფე ავგუსტ III საქსონიელისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის შუათანა ქალიშვილი. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია ესპანეთის დედოფალი მარია ამალია საქსონიელი და საფრანგეთის დოფინი მარია იოზეფა საქსონიელი, რომელთა ხაზითაც იგი დეიდად ერგებოდა ევროპის შემდეგ მონარქებს: საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ს, საფრანგეთის მეფე ლუი XVIII-ს, საფრანგეთის მეფე შარლ X-ს, სარდინიის დედოფალ მარი კლოტილდას, ესპანეთის მეფე კარლოს IV-ს, ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I-სა და საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ლუისა ესპანელს.

1747 წლის 9 ივლისს მარია ანა ცოლად შერთეს მის ღვიძლ დეიდაშვილს, ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან III იოზეფს. ხანგრძლივი ქორწინების მიუხედავად, მათ შვილები არ ჰყოლიათ. უშვილო მარია ანამ საბოლოოდ მოლაპარაკებები წამოიწყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდთან, რის მიხედვითაც, მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პრუსია არ დაუშვებდა ავსტრიის მიერ ბავარიის მიწების მიტაცებას და ამის უზრუნველსაყოფად ტახტზე ვიტელსბახთა გვერდითი შტოს მეთაურ კარლ თეოდორ პფალც-ცვაიბრიუხენელს დასვამდა ტახტზე. ამის პარალელურად, კარლ თეოდორმა ავსტრიის ერცჰერცოგ იოზეფ II-თან საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი ტახტზე ასვლის შემდეგ ქვემო ბავარია ავსტრიას მიუერთდებოდა, სანაცვლოდ კი იგი იღებდა ზემო ბავარიას, კურპფალცს, ავსტრიის ნიდერლანდებს (დღევანდელი ბელგია და ლუქსემბურგი), იულიხსა და ბერგს.

1777 წლის 30 დეკემბერს მაქსიმილიან III უშვილოდ გარდაიცვალა, თუმცა არც მარია ანას და არც კარლ თეოდორის გეგმა არ მოსულა სისრულეში, რადგან 1778 წლიდან დაიწყო ომი ბავარიის მემკვიდრეობისათვის. ფრიდრიხ II-მ ჩაშალა იოზეფ II-ის გეგმები ავსტრიული ნიდერლანდების კარლ თეოდორისათვის გადაცემასთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც კარლმა ავსტრიას აღარ დაუთმო ქვემო ბავარია, ამის გამო კი ავსტრია მოწინააღმდეგეთა მხარეს გადავიდა და ასე სცადა ბავარიული მიწების დაპყრობა. ბოლოს ისე მოხდა, რომ იოზეფმა თავად განაცხადა ტახტზე პრეტენზია, რადგან ცოლად მარია ანა საქსონიელის მული, პრინცესა მარია იოზეფა ბავარიელი ჰყავდა, რომელსაც გარკვეულწილად ეკუთვნოდა ბავარიის ტახტი.

1742 წელს ომი კარლ თეოდორის გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც იგი მთლიანი ბავარიის კურფიურსტი გახდა. დარჩენილი ცხოვრება მარია ანამ მიუნხენში, ფიურშტენრიედის სასახლეში გაატარა. იგი საკმაო პატივსა და ფუფუნებაში ცხოვრობდა, რადგან ახალი კურფიურსტი დიდად ემადლიერებოდა მას ომში გაწეული დახმარებისათვის, რის გამოც მან იგი ყველაფრით უზრუნველყო. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ კარლ IV თეოდორმა თავის უფროს ვაჟს სახელი მარია ანას გავლენით დაარქვა მისი განსვენებული ქმრის, მაქსიმილიან იოზეფის პატივსაცემად, რომელიც მოგვიანებით ბავარიის პირველი მეფე გახდა, თუმცა მარია ანა ამას ვეღარ მოესწრო, რადგან იგი კარლ თეოდორამდე ორი წლით ადრე, 1797 წლის 17 თებერვალს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა მიუნხენში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Helmut Gajic (Red.): Die großen Dynastien. Karl Müller Verlag, Erlangen 1996, ISBN 3-86070-561-X.
  • Hans Rall, Marga Rall: Die Wittelsbacher in Lebensbildern. Styria u. a., Graz u. a. 1986, ISBN 3-222-11669-5 (Auch: Hugendubel, Kreuzlingen 2000, ISBN 3-7205-2103-6).
  • Josef H. Biller, Hans-Peter Rasp: München Kunst & Kultur. Stadtführer und Handbuch. Ludwig, München 2003, ISBN 3-7787-5125-5, S. 422.