მაქსიმილიან III იოზეფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქსიმილიან III იოზეფი
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 20 იანვარი, 1745
მმართ. დასასრული: 30 დეკემბერი, 1777
წინამორბედი: კარლ III ალბრეხტი
მემკვიდრე: კარლ IV თეოდორი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 მარტი, 1727
დაბ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
გარდ. თარიღი: 30 დეკემბერი, 1777, (50 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
მეუღლე: მარია ანა საქსონიელი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: კარლ VII, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ამალია ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მაქსიმილიან III იოზეფი (გერმ. Maximilian III. Joseph; დ. 28 მარტი, 1727, მიუნხენი, ბავარია — გ. 30 დეკემბერი, 1777, მიუნხენი, ბავარია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის კურფიურსტი 1745-1777 წლებში. საღვთო რომის იმპერატორ კარლ VII-ისა და მარია ამალია ავსტრიელის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსიმილიან იოზეფი დაიბადა 1727 წლის 28 მარტს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის კურფიურსტ კარლ III ალბრეხტისა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია მარია ამალია ავსტრიელის უფროსი ვაჟი. მას სახელი ბაბუების, ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან II-ისა და საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ის პატივსაცემად დაარქვეს.

მას შემდეგ, რაც იმპერატორი კარლ VI უვაჟოდ გარდაიცვალა, მაქსიმილიანის დედასა და კარლის ქალიშვილ მარია ტერეზიას შორის დაიწყო ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის, რომლის შედეგადაც ჰაბსბურგთა მონარქიის ქვეყნები მარია ტერეზიას დარჩა, ბოჰემია და საღვთო რომის იმპერია კი მაქსიმილიან იოზეფის მშობლებს. ამრიგად გახდა მამამისი საღვთო რომის იმპერატორი კარლ VII, რომელიც 1745 წელს დაიღუპა. ამან წარმოშვა კიდევ ერთი კონფლიქტი ავსტრიასა და ბავარიას შორის, რომლის შედეგადაც მარია ტერეზიას ქმარმა, ფრანც შტეფანმა, დაიკავა ბოჰემიაც და საღვთო რომის იმპერიაც. ეს მარია ამალიამ გააპროტესტა, რის გამოც ფრანც შტეფანი ბავარიის ანექსირებით დაიმუქრა, რის გამოც ბავარიელებმა უარი თქვეს სხვა ტახტებზე, სამაგიეროდ კი მაქსიმილიან III იოზეფი ბავარიის ახალი კურფიურსტი გახდა. ამ კონფლიქტის მოგვარებისათვის მალევე მისი და, მარია იოზეფა ცოლად გაჰყვა მარია ტერეზიას ვაჟს, ერცჰერცოგ იოზეფს.

1747 წლის 9 ივლისს მაქსიმილიანმა ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია ანა საქსონიელი, თუმცა ქორწინება უნაყოფო აღმოჩნდა. ამის პარალელურად დაიწყო შვიდწლიანი ომი, რომელიც სულ მალე მთელ ევროპას მოედო. ამ ომში ბავარიელები ავსტრიის მხარეს იბრძოდნენ, მაშასადამე პრუსიის წინააღმდეგ. ომი ავსტრიის მარცხით დასრულდა, რა დროსაც პრუსიამ მიიტაცა მთელი სილეზია, თუმცა ბავარიას რეალურად არაფერი დაუკარგავს.

მსგავსად სხვა ევროპელი მონარქებისა, მაქსიმილიან III-ც ცდილობდა თავის სამფლობელოში აბსოლუტიზმის დამყარებას, რასაც წარმატებით გაართვა თავი. ამასთან იგი მხარს უჭერდა ბავარიაში იეზუიტთა მოღვაწეობას. 1759 წელს დააარსა ბავარიის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ამასთან ერთად იგი აქტიურად უწყობდა ხელს ბავარიაში როკოკოს დამკვიდრებას და ქვეყანაში განმანათლებლობის შეტანას.

მაქსიმილიან III იოზეფი გარდაიცვალა 1777 წლის 30 დეკემბერს მიუნხენში, 50 წლის ასაკში, უშვილოდ. ამის გამო ბავარიის ტახტი მისმა გარე ბიძაშვილმა, ცვაიბრიუხენელმა კარლ IV თეოდორმა დაიკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Paul Bernard. Joseph II and Bavaria: Two Eighteenth Century Attempts at German Unification. Hague: Martin Nijoff, 1965, p. 40.
  • Germany, German guide-books, CUP Archive, 1931, pg. 94–95.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 40.