ლუდვიგ მის ვან დერ როე
ლუდვიგ მის ვან დერ როე (Ludwig Mies van der Rohe, ნამდვილი სახელი Maria Ludwig Michael Mies — მარია ლუდვიგ მიქაელ მისი; დ. 27 მარტი, 1886, აახენი – გ. 17 აგვისტო, 1969, ჩიკაგო) — გერმანელი არქიტექტორი-მოდერნისტი, ფუნქციონალიზმის წამყვანი წარმომადგენელი. ალვარ აალტოს, ფრენკ ლოიდ რაიტს, ვალტერ გროპიუსისა და ლე კორბუზიესთან ერთად ის მიიჩნევა მოდერნისტული არქიტექტურის პიონერად.
მის ვან დერ როე იყო ბაუჰაუსის ბოლო დირექტორი.[1] ნაციზმის გაძლიერების შემდეგ, ვინაიდან მათ დახურეს ბაუჰაუსის სკოლა და აკრძალეს მსგავსი იდეოლოგია, მის ვან დერ როე წავიდა აშშ-ში. მან აქ მალევე დაიწყო არქიტექტურული სკოლის ხელმძღვანელობა, არმორის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ჩიკაგო.
მისი დიდი სურვილი იყო აღმოეჩინა და დაემკვიდრებინა ახალი არქიტექტურული სტილი, რომელიც იქნებოდა თანამედროვეობის სრული ანასახი, როგორც კლასიკური და გოთიკური სტილი იყო საკუთარი ეპოქისთვის. მის მიერ დაპროექტებული შენობები კეთდებოდა თანამედროვე, სრულიად ახალი მასალებით, როგორიცაა სამრეწველო ფოლადი და მინის ფირფიტები. ის მიისწრაფვოდა მყარი ფორმებისაკენ ექსტერიერში და თავისუფალი სივრცისკენ ინტერიერში, რაც მიიღწეოდა სრულყოფილი და მარტივი ფორმებით. ის ხშირად ასოცირებულია მის საყვარელ აფორიზმებთან „ნაკლები არის მეტი“ („Less is more“) და „ღმერთი დეტალებშია“ (God is in the details").
1950-იან-60-იან წლებში დიდი ზეგავლენა მოახდინა აშშ-სა და დასავლეთ ევროპის არქიტექტორებზე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიული განათლება არ მიუღია. 1905 წლიდან მუშაობდა ბერლინში ბ. პაულის (1907 წლამდე) და პ. ბერენსის (1908–1912) სახელოსნოებში. 1910-იან წლებში იყო ნეოკლასიციზმის მიმდევარი. ამ პერიოდის ნამუშევარია პერლსის სახლი ბერლინში (1911). მასზე დიდი გავლენა იქონია ფ.ლ. რაიტის და ჰ.პ. ბერლაგეს შემოქმედებამ. 1920-იან წლებში იყო ფუნქციონალიზმის წამყვანი წარმომადგენელი. 1919–1924 წლებში შეიმუშავა ექსპერიმენტული პროექტების სერია, მათ შორის შემინული ცათამბრჯენებისა. 1926 წელს შექმნა კარლ ლიბკნეხტის და როზა ლუქსემბურგის ექსპრესიონისტული ხასიათის ძეგლი ბერლინში. 1927 წელს ხელმძღვანელობდა საცხოვრებელი ბინების საერთაშორისო გამოფენას შტუტგარტში. აქ დაამუშავა დაბა ვაისენჰოფის გენერალური გეგმა. ჰოლანდიური ჯგუფის, „სტილის“ გავლენით მუშაობდა ფორმალურ-ესთეტიურ პრობლემებზე. 1929 წელს შექმნა გერმანის პავილიონი ბარსელონის მსოფლიო გამოფენაზე. 1930–1933 წლებში იყო ბაუჰაუსის დირექტორი.
1938 წლიდან მუშაობდა აშშ-ში. 1938–1958 წლებში იყო ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დირექტორი. ავტორია ამავე ინსტიტუტის არქიტექტურული კომპლექსისა ქალაქ ჩიკაგოში (1942). 1950-იან წლებში წამოაყენა უნივერსალური არქიტექტურული ფორმის იდეა. ესაა ერთიანი შიდა სივრცე, რომელიც იძლევა ინტერიერში შემდგომში ცვლილებების შეტანის მაქსიმალურ შესაძლებლობას. ასეთია ფარნსუორთის სახლი, (ფოქს-რივერი, ილინოისი, 1946–1950), საცხოვრებელი სახლი ლეიკ-შორ დრაივზე (ჩიკაგო, 1950–1951) და კომონუელს პრომენადზე (ჩიკაგო, 1957). სხვა ნამუშევრებია საოფისე შენობა სიგრემ-ბილდინგი ნიუ-იორკში (1958), დომინიონ-სენტერი ტორონტოში (1967). უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნამუშევარია ახალი ეროვნული სამხატვრო გალერეა ბერლინში (1968).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 15.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Great Buildings Architects
- Ludwig Mies van der Rohe დაარქივებული 2011-07-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Dyckhoff, Tom. (November 30, 2002) Mies and the Nazis ინგლისური. the Guardian. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2018