შინაარსზე გადასვლა

ივეოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივეოსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ცხოველები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ყარყატისნაირნი
ოჯახი:  ივეოსისებრნი
გვარი:  ივეოსი
სახეობა:  ივეოსი
ლათინური სახელი
Plegadis falcinellus (Linnaeus, 1766)
სინონიმები
  • Tantalus falcinellus (Linnaeus, 1766)
  • Ibis falcinellus (Linnaeus, 1766)
  • Falcinellus falcinellus (Linnaeus, 1766)
  • Tringa autumnalis (Hasselqvist, 1762)
  • Tantalus bengalensis (Lichtenstein, 1793)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697422
გავრცელება

  გამრავლება
  მიგრაცია
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრება

ივეოსი[1] (ლათ. Plegadis falcinellus) — ფრინველი ივეოსისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 50–65 სმ, მასა 530–770 გრამი. ნისკარტი გრძელი, წვრილი და ქვემოთკენ მოღუნულია; შიშველი კანი მის ძირთან — შავი, შეჯვარების დროს ცისფერი, წვრილი თეთრი ზოლით შემოქობილი. კისერი და ფეხები გრძელი. შებუმბვლა მოწითალო-ყავისფერი; შუბლი, კეფა, ზურგი და კუდზედა მიდამო მომწვანო-იისფერი ლითონისებრი ბზინვარებით; ფრთები და ბოლო შავია, მწვანე ელფერით. შეფერილობა ზრდასრული ფრინველებისა ზამთარში და მოზარდებისა ბზინვარების გარეშეა; თავი და კისერი თეთრი წინწკლებით. მამალს თავზე აქვს კარგად გამოხატული ქოჩორი. ოჯახის ერთადერთი სახეობაა, რომელიც ორივე ნახევარსფეროშია გავრცელებული; გვხვდება ევრაზიის სამხრეთში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში და დიდი ანტილის კუნძულებზე; საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას.[2] უპირატესობას ანიჭებს გაბარდულ მტკნარ და მარილიან წყალსატევებს; მთის ტბებზე გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მეტრზე (სომხეთი). იკვებება წყლისა და ხმელეთის ცხოველებით, უმთავრესად მწერებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, აგრეთვე მცირე ზომის თევზებით, ამფიბიებითა და ქვეწარმავლებით. ბუდეს აშენებს ხეზე ან ლერწმის ხერგებზე. დიდ კოლონიებში (ხშირად სხვა ყარყატისნაირებთან ერთად) ვხვდებით რამდენიმე ათას წყვილს. დებს 3–7 (ჩვეულებრივ 4) კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი 21–22 დღის განმავლობაში; ბარტყებს ბუდეში დაახლოებით 28 დღე კვებავენ; 50 დღის ასაკში მოზარდები ფრენის უნარს იძენენ. ახლო სახეობები — სათვალიანი (P. chihi) და წვრილნისკარტა (P. ridgwayi) ივეოსები ბინადრობენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 38, 118, 199.
  2. კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 94.