შინაარსზე გადასვლა

თორელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თორელი.

თორელები — დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში. სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო მამულიდან — თორი (ახლანდელი ბორჯომის რაიონში). თორის წარმომავლობაზე სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს სხვადასხვა აზრი: ს. კაკაბაძე თორელებს მიიჩნევს მხარგრძელთა საგვარეულოს განშტოებად. ლ. მუსხელიშვილის აზრით, თორელების სახლი უკავშირდება სამძივართა გვარს, ნ. შოშიაშვილს მიაჩნია, რომ თორელების სახლი წარმოიქმნა გამრეკელთა საგვარეულოდან (პირველად იხსენიება X საუკუნეში), ხოლო გამრეკელი, გვარის აღმნიშვნელი სიტყვა, თორელებში იქცა სახელად. მართლაც XII საუკუნიდან გამრეკელი სახელად გვხვდება მხოლოდ თორელებისა და მათი შთამომავლების — ჯავახიშვილების გვარში (ისევე, როგორც კახა).

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება (ს. კაკაბაძე, ნ. შოშიაშვილი, სარგის ცაიშვილი), რომ XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი თორელების საგვარეულოდან იყო და რუსთაველი იმიტომ ეწოდა, რომ მესხეთის რუსთავს ფლობდა სამამულედ. ამას მხარს უჭერს ის გარემოება, რომ თორელების საგვარეულო მესხური იყო და ამ საფეოდალოში შედიოდა რუსთავი, აგრეთვე ისიც, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერის აღაპში შოთა იხსენიება მეჭურჭლეთუხუცესად. ეს სახელო კი ამ პერიოდში თორელებს ეპყრათ.

XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის 60-იან წლებამდე თორელების სახლის თავადები (ე. ი. ფეოდალური საგვარეულოს უფროსები) იყვნენ როგორც საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები (ახალქალაქის ერისთავთერისთავები), ისე დარბაზის რიგის მოხელეები — უწყების მეთაურები (ამილახვრები, ამირსპასალარები, მეჭურჭლეთუხუცესები). ამასთან ერთად, თორელებს ზოგჯერ განსაგებლად ეძლეოდათ სახასო ქვეყნის (ე. ი. სამეფო დომენის) რომელიმე ნაწილიც. მაგ. 1163 წელს ანისის გამგებელი ყოფილა კახა თორელი. ასევე საგამგებლოდ ჰქონდათ თორელებს, როგორც ჩანს, საუფლისწულო დომენი — ძამის ხეობა — და სამეფო დომენი — „კარული ქვეყანა“ (კარის მიმდგომი მხარე). ორივე ეს მხარე მათ შემდეგ საკუთარ მამულად აქციეს („კარული ქვეყანა“ თორელ-ახალციხელებს 1270-იან წლებში მედროვე სადუნ მანკაბერდელმა წაართვა). თორელებმა ხელთ იგდეს სხვა მამულებიც: ახალციხე (სამცხეში), ღობიეთი (ჯავახეთში), ქვემო (ქვემო ქართლში), ძამა (შიდა ქართლში). ამის მიხედვით წარმოიქმნა თორელთა საგვარეულო განშტოებები: ახალციხელი, ღობიარი, ქვეშელი, ძამელი. XII საუკუნიდან თორელების ფეოდალური მფლობელობა გავრცელდა თეძმის ხეობაზეც. აქ XIII საუკუნეში ჩამოყალიბდა თორელ-ჯავახიშვილთა ახალი საფეოდალო, რომელიც XIV საუკუნიდან იქცა ჯავახიშვილთა სათავადოდ.


  • მუსხელიშვილი ლ., თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII საუკუნის წარწერებთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, 1940, ტ. 10 B;
  • შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966;