ზოოგეოგრაფიული დარაიონება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპის ზოოგეოგრაფიული დარაიონება

ზოოგეოგრაფიული დარაიონება ხმელეთისა და მსოფლიო ოკეანისა — დედამიწისა და მისი ცალკეული ტერიტორიებისა და აკვატორიების დაყოფა გარკვეულ რეგიონებად, ზოოგეოფრაფიული მონაცემების მიხედვით. ამ თვალსაზრისით ცხოველთა სამყარო იყოფა ორ ძირითად ნაწილად: კონტინენტურ ფაუნად (კუნძულებისა და მტკნარი წყლების ფაუნის ჩათვლით) და ოკეანურ ფაუნად. ზოგჯერ კონტინენტური წყალსატევების ფაუნისტური დაყოფა ხდება ხმელეთის ცხოველთა სამყაროსგან დამოუკიდებლად.

დედამიწის ხმელეთის ფაუნის დარაიონებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1858 წელს, ინგლისელმა ზოოგეოგრაფმაფილიპ სკლეტერმა ფრინველების გავრცელების მიხედვით გლობარული ხმელეთის ფაუნა დაყო ექვს ფაუნისტურ ოლქად: პალეარქტიკის, ეთიოპიის, ინდოეთის, ავსტრალიის, ნეარქტიკისა და ნეოტროპიკების ოლქებად. 1876 წელს, ალფრედ უოლესმა ძირითადად ხმელეთის ძუძუმწოვრების გლობარული გავრცელების მიხედვით მიიღო სკლეტერის დარაიონება, მაგრამ ინდოეთის ოლქს აღმოსავლეთის ოლქს უწოდებდა. სკლეტერ- უოლესის დარაიონება თანამედროვე გაგებით შეესატყვისება დედამიწის ფილების რაოდენობას. დროთა განმავლობაში მან არაერთი ცვლილება განიცადა. მოგვიანებით შემოიღეს უფრო მაღალი ტაქსონომიური რანგის დარაიონება, სადაც ნეონტოლოგიურ მასალებთან ერთად გამოიყენეს პალეონტოლოგიური მონაცემებიც. ასე დადგინდა ფაუნათა ისტორიული კავშირები. 1890 წელს, ინგლისელმა მეცნიერმა, ბლენფორდმა სკლეტერის ოლქები გააერთიანა 3 ჯგუფში — არქტოგეაში (ეთიოპიის, აღმოსავლეთის, პალეარქტიკის და ნეარქტიკის ოლქები), სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. ამ ჯგუფებს ინგლისელმა ზოოგეოგრაფმა რ. ლიდეკერმა 1896 წელს მიანიჭა სამეფოების რანგი. მოგვიანებით, ორ უკანასკნელს დაერქვა ნეოგეა და ნოტოგეა. 1957 წელს, ამერიკელმა ზოოგეოგრაფმა ფილიპ დარლინგტონმა არქტოგეას გადაარქვა სახელი და უწოდა მეგაგეა. XX საუკუნის II ნახევრიდან ზოოგეოგრაფების მიერ ფართოდ იქნა აღიარებული ოთხი დიდი ხმელეთი — გეა (გაეა): სამეფო პალეოგია 4 ოლქით — ეთიოპიის (აფროტროპიკული), ინდო-მალაის (აღმოსავლეთის), მადაგასკარისა და პოლინეზიის; სამეფო არქტოგეა - ქვესამეფო პალეარქტიკა ევროპაციმბირის, ძველი ხმელთაშუაზღვისა და აღმოსავლეთ აზიის ოლქებით და ქვესამეფო ნეარტქტიკა კანადისა და სონორას ოლქებით; სამეფო ნეოგია ორი ოლქით - ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და პატაგონიის.

ბოლო დროს ევროპელი ავტორების ხერხემლიან ცხოველთა ხუთივე კლასის (სულ 21,037 სახეობა) გავრცელების კანონზომიერებების საფუძველზე სკლეტერ-უოლესისეული დარაიონების მნიშვნელოვანი რევიზია. იგი განხორციელდა ინტერდისციპლინური კვლევის საფუძველზე შედარებითი ეკოლოგიის, ბიოგეოგრაფიის, ეკოლოგიის, კონსერვაციულ ბიომრავალფეროვნების შესახებ. ამ კვლევის სრულყოფაში მეცნიერებს დაეხმარათ ტექნოლოგიური პროგრესი. ამ კვლევით დედამიწის ხმელეთის ფაუნა ამჟამად დაყოფილია 11 სამეფოდ: პალეარქტიკა, საჰარა-არაბეთი, აფროტროფიკები, მადაგასკარი, ორიენტალური, სინო-იაპონია, ახალი გვინეა ოკეანეთის კუნძულებით, ავსტრალია ახალი ზელანდიით, ნეარქტიკა, ნეოტროპიკები, ცენტრალური ამერიკა (პანამა). ანტარქტიკა მიმდებარე კუნძულებით მხედველობაში არ არის მიღებული. დედამიწის ხმელეთის ფაუნის უოლესისეული დარაიონება მიჩნეულია ანალოგიური, ფიტოგეოგრაფიული და ბიოგეოგრაფიული დარაიონების ქვაკუთხედად. ზოოგეოგრაფიულსა და დანარჩენ დარაიონებებს შორის მსგავსება გაცილებით მეტია, ვიდრე განსხვავება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]