შინაარსზე გადასვლა

ტექნოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიუკომენის ორთქლის მანქანა.

ტექნოლოგია (ძვ. ბერძნ. τεχνολογια < τέχνη [tékhnē] — „ხელოვნება“, „ოსტატობა“, „უნარი“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — ნედლეულის, მასალის, ნახევარფაბრიკატების ან ნაკეთობების მიღების, დამუშავებისა და გადამუშავების საშუალებათა და წესების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება მრეწველობის სხვადასხვა დარგში, მშენებლობაში და ა. შ. სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც ამუშავებს და სრულყოფს ასეთ საშუალებებსა და წესებს. ტექნოლოგია (ანუ ტექნოლოგიური პროცესები) ეწოდება აგრეთვე ნედლეულის მოპოვების, დამუშავების, გადამუშავების, საწყობში მოთავსების, შენახვის ოპერაციებს, რომლებიც საწარმოო პროცესის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია. თანამედროვე ტექნოლოგია მოიცავს წარმოების ტექნიკურ კონტროლსაც. ტექნოლოგიას უწოდებენ აგრეთვე საწარმოო პროცესების აღწერას, ტექნოლოგიურ წესებს, მოთხოვნებს, გრაფიკებს და სხვას. ტექნოლოგიას განიხილავენ წარმოების კონკრეტულ დარგთან დაკავშირებით (მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია, მშენებლობის ტექნოლოგია) ან განსაზღვრული მასალის მიღების ან დამუშავების ხერხებზე დამოკიდებულებით (ლითონთა ტექნოლოგია, ქსოვილთა ტექნოლოგია და სხვა). ტექნოლოგიურ პროცესის განხორციელების შედეგად დასამუშავებელი ობიექტი ხარისხობრივად იცვლება. მაგალითად, სხვადასხვა ლითონის მიღების ტექნოლოგია ემყარება საწყისი მასალის ქიმიურ შედგენილობის, ქიმიურ და ფიზიკურ თვისებების ცვლილებას. მექანიკურ დამუშავების ტექნოლოგია დაკავშირებულია დასამუშავებელი დეტალის ფორმისა და ზოგიერთი ფიზიკური თვისების ცვლილებასთან.

ტექნოლოგიის, როგორც მეცნიერების, ამოცანაა ფიზიკური, ქიმიური, მექანიკური და სხვა კანონზომიერებათა გამოვლინება ყველაზე მეტად ეფექტური და ეკონომიკური საწარმოო პროცესების განსაზღვრისა და პრაქტიკაში გამოყენების მიზნით. მაგალიტად, მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია იკვლევს დასამუშავებელ ტექნოლოგიური პროცესების დაპროექტების საფუძვლებს, ზედაპირის დამუშავების მექანიკურ ხერხებს, ტიპობრივი დეტალების დამზადების მეთოდებს, მათი აწყობის პროცესებს, სამარჯვებისა და იარაღის კონსტრუირების საფუძვლებს. სხვადასხვა წარმოების ტექნოლოგია ტექნიკის განვითარებასთან ერთად მუდმივად განახლებადი და ცვალებადია. ყველა დარგისა და სახეობის წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფა სახალხო მეურნეობის ტექნიკური პროგრესის დაჩქარების მნიშვნელოვანი პირობაა. თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარების ძირითადი მიმართულებებია წყვეტილი ტექნოლოგიურ პროცესებიდან უწყვეტ ნაკადურ პროცესებზე გადასვლა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების მასშტაბის გაზრდასა და მანქანებისა და მოწყობილობების ეფექტურად გამოყენებას, „შეკრული“ ტექნოლოგიის დანერგვას (ნარჩენების გარეშე).