შინაარსზე გადასვლა

ზოოგეოგრაფია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზოოგეოგრაფია (ცხოველთა გეოგრაფია) — მეცნიერება ცხოველთა გეოგრაფიული გავრცელების შესახებ, თანამედროვე ზოოლოგიის დარგი, ბიოგეოგრაფიის განუყოფელი ნაწილი; შეისწავლის ცხოველთა გავრცელებას დედამიწაზე შორეული წარსულიდან დღემდე, ადგენს გავრცელების საერთო კანონზომიერებებს.[1]

უოლესის ზოოგეოგრაფიული რეგიონები, 1876

ზოოგეოგრაფიის ძირითადი ობიექტია ფაუნა და გეოგრაფიული არეალები, ანუ ცხოველთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა, რომლებიც დასახლებული არიან ბუნებრივ რაიონებში (კონტინენტი, კუნძული, გეოგრაფიული რეგიონი, მაგ. ხმელთაშუაზღვისპირეთი, პატაგონია, კავკასია და სხვ.). იგი სწავლობს სახეობებისა და სხვა ტაქსონების გავრცელებას მთელ მსოფლიოში, ფაუნისტური კომპლექსების გავრცელებას, ასევე ცხოველების განსახლებისა და გადაშენების, ანუ მათი გავრცელების არეალის გაფართოებისა და შემცირების პროცესებს.

როგორც მრავალმხრივი კვლევის სფერო, ზოოგეოგრაფია მოიცავს მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, მორფოლოგიის, ფილოგენეტიკისა და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) მეთოდებს, მსოფლიოს კონკრეტულ საკვლევ რეგიონებში ევოლუციური მოვლენების აღწერისა და გამოკვეთის მიზნით. ზოოგეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალფრედ რასელ უოლესის თვალსაზრისით ფილოგენეტიკური მსგავსებების რაოდენობრივად განსაზღვრა შესაძლებელია ზოოგეოგრაფიულ რეგიონებს შორის, რაც უფრო სიღრმისეულად განმარტავს ორგანიზმების გეოგრაფიულ განაწილებასთან დაკავშირებულ ფენომენებს და უკეთ ხსნის ტაქსონების ევოლუციურ ურთიერთობებს.[2]

ზოოგეოგრაფიის საგანი, მეთოდი და ამოცანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოოგეოგრაფიის ამოცანას შეადგენს გამოარკვიოს ის მიზეზები, თუ რატომაა დედამიწის ზედაპირის ესა თუ ის მონაკვეთი ამა თუ იმ ჯგუფის ცხოველებით დასახლებული. აღნიშნულის დასადგენად ზოოგეოგრაფია, გარდა კვლევის საკუთარი მეთოდებისა, მიმართავს სხვა, როგორც ბიოლოგიურ, ისე არაბიოლოგიურ დისციპლინებს.

ცხოველთა გავრცელება დედამიწის ზედაპირზე დამოკიდებულია ეკოლოგიურ პირობებზე. ცხოველი შეუძლებელია ბინადრობდეს ისეთ ადგილებში, რომელთა საარსებო პირობები არ შეესაბამება მის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, ცხოველის გავრცელება დიდადაა დამოკიდებული ისტორიულ მიზეზებზე, წარსულ ეკოლოგიურ პირობებზე — იგულისხმება ხმელეთისა და ზღვის წარსული განაწილება, ყოფილი კლიმატური პირობები, მცენარეული საფარი და სხვ. ამასთან ცხოველთა გეოგრაფიულ გავრცელებაზე დიდ ზეგავლენას ახდენდა და ახდენს ადამიანი.

ზოოგეოგრაფიული მასალის შესწავლისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ორი ხერხი. ერთ შემთხვევაში შესაძლოა განსახილველად გამოიყოს ცხოველთა რომელიმე სისტემატიკური ერთეული (სახეობა, გვარი, ოჯახი, რიგი და სხვ.) და აღინიშნოს ყველა ის ადგილი, სადაც იგი გვხვდება. ასეთი საკითხების შემსწავლელ მეცნიერებას გეოგრაფიული ზოოლოგია ეწოდება. ამ შემთხვევაში საკვლევ ობიექტს ზოოლოგიური მასალა წარმოადგენს და მას უმეტესად ვხვდებით ჩვეულებრივ ზოოლოგიის სახელმძღვანელოებში ან ფაუნისტური ხასიათის შრომებში.[3] მეორე შემთხვევაში შესაძლოა განსახილველად გამოიყოს დედამიწის ზედაპირის რომელიმე მონაკვეთი და მასზე აღინიშნოს გავრცელებულ ცხოველთა სამყაროს ყველა ძირითადი დამახასიათებელი წარმომადგენელი. ასეთი საკითხების შემსწავლელ მეცნიერებას ზოოლოგიური გეოგრაფია, ანუ ზოოგეოგრაფია ეწოდება. ამჯერად საკვლევ ობიექტს წარმოადგენს გეოგრაფიული უბანი და მის ძირითად საკვლევ ამოცანას შეადგენს შესწავლა ცხოველთა არა ცალკეული სისტემებისა, არამედ აღებული მონაკვეთის ცხოველთა საერთო კომპლექსისა, რომელსაც ფაუნა ეწოდება. მაგრამ ზოოგეოგრაფიის ამგვარი დაყოფა უმართებულოდ ითვლება და მხედველობაში არ მიიღება.[4] უფრო ბუნებრივია ზოოგეოგრაფიის შემდეგი დარგები:

ფაუნისტური ანუ აღწერითი ზოოგეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაუნისტური ანუ აღწერითი ზოოგეოგრაფიის ამოცანას შეადგენს ცხოველთა მოსახლეობის აღნუსხვა-რეგისტრაცია, როგორც ცალკეული სისტემატიკური კატეგორიებისა — სახეობებისა, გვარებისა, ოჯახებისა და ა. შ., ისე დედამიწის ზედაპირის ამა თუ იმ უბნის ცხოველთა შემადგენლობისა. ამგვარად, ფაუნისტური ზოოგეოგრაფია ახდენს ცხოველთა სამყაროს ინვენტარიზაციას და იძლევა ზუსტ ცნობებს ცხოველთა გავრცელებისა და ადგილსამყოფელების შესახებ.

შედარებითი ზოოგეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედარებითი ზოოგეოგრაფია დედამიწის ზედაპირს ყოფს ცალკეულ ზოოგეოგრაფიულ ოლქებად და ცდილობს დაადგინოს მათ შორის კავშირი, არკვევს ცალკეულ ფაუნათა სისტემატიკურ შემადგენლობასა და საზღვრებს. შედარებითი ზოოგეოგრაფია ძირითადად ეყრდნობა ფაუნისტური ზოოგეოგრაფიის მონაცემებს.

მიზეზობრივი ანუ კაუზალური ზოოგეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიზეზობრივი ანუ კაუზალური ზოოგეოგრაფია არკვევს როგორც ცალკეული სახეობების და უფრო მაღალი სისტემატიკური კატეგორიების, ისე მთელ ფაუნათა არეალების ჩამოყალიბების მიზეზებსა და კანონზომიერებებს.

გენეზისური ანუ ისტორიული ზოოგეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენეზისური ანუ ისტორიული ზოოგეოგრაფია შეისწავლის ცხოველთა გავრცელების დამოკიდებულებას წარსულ გეოლოგიურ ეპოქებში მოქმედ ფაქტორთაგან (რელიეფი, კლიმატი, მცენარეული საფარი და სხვ.) და იკვლევს ფაუნის გენეზისს. ზოოგეოგრაფიის ეს დარგი მჭიდროდაა დაკავშირებული კაუზალურ ზოოგეოგრაფიასთან.

ეკოლოგიური ზოოგეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკოლოგიური ზოოგეოგრაფიის ამოცანას შეადგენს ცხოველთა გეოგრაფიულ გავრცელებაზე არაორგანულ და ორგანულ გარემოთა ფაქტორების ზეგავლენის შესწავლა. თავის მხრივ ეკოლოგია წარმოადგენს მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას. ეკოლოგიური ზოოგეოგრაფიის მონაცემები აღრმავებენ მიზეზობრივი ზოოგეოგრაფიის დებულებებს.[4]

ზოოგეოგრაფიის კავშირი სხვა მეცნიერებებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოოგეოგრაფია დაკავშირებულია ბიოლოგიურ და გეოგრაფიულ შეცნიერებებთან, რომელთაგან იგი ღებულობს მონაცემებს ამა თუ იმ ამოცანის გადასაწყვეტად, ხოლო დასახელებული მეცნიერებანი ზოოგეოგრაფიის მონაცემებსა და დებულებებს იყენებენ თავის სფეროში სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად. მჭიდრო კავშირი არსებობს ზოოგეოგრაფიასა და სისტემატიკურ ზოოლოგიას შორის. სისტემატიკური ზოოლოგია ზოოგეოგრაფიას აძლევს ძირითად საკვლევ მასალას, ხოლო, მეორე მხრივ, ზოოგეოგრაფია აწვდის საჭირო მასალას თვით სისტემატიკას. ზოოგეოგრაფია ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული პალეოზოოლოგიასთან, ფიტოგეოგრაფიასთან, ფიზიკურ გეოგრაფიასთან, ისტორიულ გეოლოგიასთან, აგრეთვე ზოგიერთ ჰუმანიტარულ მეცნიერებასთან (ისტორია, განსაკუთრებით ეთნოგრაფია, არქეოლოგია). ეს დარგები ადამიანის კულტურული აღმავლობის პარალელურად გვაწვდის ცნობებს ისტორიულ დროში ცხოველთა სამყაროს გარკვეული ნაწილის ცვლილებათა შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Darlington, P.J., Jr., Zoogeography: The Geographical Distribution of Animals, New York, 1957.
  2. Holt, B. G., et al. (2013). An update of Wallace’s zoogeographic regions of the world. Science, vol. 339, no. 6115, pp. 74-78.
  3. ჯანაშვილი, ა., 1974, გვ. 5.
  4. 4.0 4.1 ჯანაშვილი, ა., 1974, გვ. 6.