შინაარსზე გადასვლა

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიაჩესლავ ჩხიკვაძე
დაბ. თარიღი 4 იანვარი, 1940(1940-01-04)
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 29 ოქტომბერი, 2019(2019-10-29) (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე (დ. 4 იანვარი, 1940, მოსკოვი, სსრკ — გ. 29 ოქტომბერი, 2019, თბილისი, საქართველო) — ქართველი ჰერპეტოლოგი, პალეონტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი.

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე დაიბადა 1940 წლის 4 იანვარს მოსკოვში არქიტექტორ მიხეილ ჩხიკვაძის ოჯახში. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის გამო ოჯახი გადავიდა თბილისში საცხოვრებლად. 1947 წელს შევიდა მე-4 ვაჟთა საშუალო სკოლაში, ხოლო 1958 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1955 წლიდან იყო ალკკ წევრი. სკოლაში სწავლისას ხელმძღვანელობდა ნორჩ აკვარიუმისტთა წრეს. ბავშობიდან გატაცებული იყო ბიოლოგიური საგნებით, კერძოდ ზოოლოგიით. სკოლის ასაკში წაკითხული ჰქონდა რიგი მოხსენებები პალეონტოლოგიიდან სათანადო ექსპონატების დემონსტრაციით.

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიაში, პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიურ განყოფილებაში, სადაც 1958 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ იქნა უფროს კოლექტორად ახალციხის ექსპედიციაში, 16 სექტემბრიდან — უფროს კოლექტორად უხერხემლოთა პალეონტოლოგიურ ექსპედიციაში, ხოლო 8 ოქტომბრიდან — კოლექტორად ახალციხის პალეონტოლოგიურ ექსპედიციაში. 1959 წლის 4 მაისს დაინიშნა პრეპარატორის თანამდებობაზე.

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი. მისი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელები იყვნენ ლეო გაბუნია და ლევან ნათაძე. 1964 წლიდან იგი იწყებს მუშაობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც იგი მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე (1964 წელი — უფროსი ლაბორანტი, 1966 წელი — უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1975 წელი — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წელი — წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი). 1972 წლის მაისში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1991 წლის დეკემბერში სადოქტორო დისერტაცია.

ვ. ჩხიკვაძე მონაწილეობდა სხვადასხვა ზოოლოგიური და პალეონტოლოგიური კონფერეციების, კონგრესებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში. იგი იყო არჩეული სხვადასხვა სამეციერო საზოგადოების წევრად (საკავშირო პალეონტოლოგიური საზოგადოება, მოსკოვის ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, საკავშირო ჰერპეტოლოგიური საზოგადოება, Society of Vertebrate Paleontology). ვ. ჩხიკვაძე იყო ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი კავკასიის პირველი ჰერპეტოლოგიური კონფერეციისა (თბილისი, 1983), ხოლო 2003 წლის მაისში ვ. ჩხიკვაძის ინიციატივით შესდგა საქართველოს ჰერპეტოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი კრება (იგი ერთხმად აირჩიეს ამ საზოგადოების ლიდერად). თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში ვ. ჩხიკვაძე მონაწილეობდა სხვადასხვა პალეონტოლოგიურ და ზოოლოგიურ ექსპედიციებში (მონღოლეთი, ბულგარეთი, ყაზახეთი, შორეული აღმოსავლეთი, მოლდავეთი, უკრაინა, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ჩრდილო კავკასია, აზერბაიჯანი, საქართველო).

ამათგან, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზაისანის ქვაბურში (აღმოსავლეთ ყაზახეთი) ჩატარებული ექსპედიციების შედეგები, რომლებმაც დიდი რეზონანსი გამოიწვიეს პალეოტოლოგებს შორის რუსეთში, დასავლეთ ევროპაში, ჩინეთში და შეერთებულ შტატებში.

ვ. ჩხიკვაძე საჯაროდ ითვლება ნამარხი ცხოველების ნაშთების ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ „მონადირედ“. მის მიერ არის ნაპოვნი ან აღმოჩენილი მრვალი უიშვიათესი ნამარხი ცხოველების ძვლები. ამათგან დავასახელებთ: დიდთავა კუთა ოჯახის (Platysternidae) პირველი ნამარხი წარმომადგენელი, უძველესი გიგანტური სალამანდრები (Cryptobranchidae) აზიაში, პირველი კბილებიანი ფრიველის ნაშთი აზიაში (Odotopterygidae), ჩანთოსნების (Marsupialia) პირველი ნაშთი აზიაში, უძველესი დელფინი (Oligodelphis) და მრავალი სხვა.

1993-1995 წლებში ვ. ჩხიკვაძე მონაწილეობდა ერთობლივ ყაზახურ-ამერიკულ-ქართული პალეონტოლოგიური საერთაშორისო ექსპედიციებში აღმოსავლეთ ყაზახეთში, ალტაის მხარე, კერძოთ, ზაისანის ტაფობში (The Joint Kazakh-American-Georgian Paleontological Expedition). მისმა მონაწილეობამ განსაზღვრა ამ ექსპედიციის დიდი წარმატება არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა დიდი გამოცდილება ზაისანის ტაფობში მუშაობისა (1966-1987 წლების ექსპედიციები), არამედ იმიტომაც, რომ პირადად მის მიერ იყო აღმოჩენილი ახალი, მანამდის უცნობი, მეტად მნიშვნელოვანი ადგილსაპოვებლები.

1995-1996 წლებში ვ.ჩხიკვაძე იყო ინიციატორი, ორგანიზატორი და მონაწილე პირველი ერთობლივი ქართულ-ამერიკული პალეონტოლოგიური ექსპედიციისა სამხრეთ საქართველოში (ბენარის ადგილსაპოვებელი). ეს ექსპედიცია შესდგა აკადემიკოს ლეო გაბუნიას მხარდაჭერით და ამერიკელი კოლეგების მონაწილეობითა და დაფინანსებით.

1996 წლის შემოდგომაზე ამერიკელმა კოლეგებმა (Smitsonian Institution: Dr. Robert Emry) ვიაჩესლავ ჩხიკვაძე მიიწვიეს შეერთებულ შტატებში, სადაც მას მიეცა საშუალება შეესწავლა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის პალეონტოლოგიურ ცენტრებში დაცული კოლექციები. ამას გარდა, ამ ვიზიტის დროს მან მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში (ნიუ-იორკი), სადაც მან წარმოადგინა თავისი მოხსენება მტკნარი წყლის კუთა სისტემატიკის შეასახებ. მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და გამოქვეყნდა შესაბამის ჟურნალში.

2003 წლის 12-23 აგვისტოს ვიაჩესლავ ჩხიკვაძე იყო საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე სანქტ-პეტრბურგში (Symposium on Turtle Origins, Evolution and Systematics. Saint-Petersburg. 18-20 August, 2003). მის მიერ წარმოდგენილმა სამმა მოხსენებამ დამსწრე კოლეგების დიდი მოწონება და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა.

ვ. ჩხიკვაძე 1992 წლიდან კითხულობდა ხერხემლიათა ზოოლოგიის კურსს ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი საკურსო და სადიპლომო ნაშრომი და სამი საკადიდატო დისერტაცია. ამას გარდა იგი იყო, საკმაოდ ცნობილი მხატვარ-ანიმალისტის ლაშა ცხონდიას, ჯერ მეცნიერი ხელმძღვანელი და მერე კი მეცნიერი კონსულტატი.

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე გარდაიცვალა 2019 წლის 29 ოქტომბერს თბილისში. დასაფლავებულია კუკიის სასაფლაოზე.

ვ. ჩხიკვაძე იყო 180-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი (თერთმეტი მონოგრაფია, ამათგან შვიდი კოლექტიური მონოგრაფია). მისი რედაქციით (და თანაავტორობით) გამოქვეყნდა ერთი მონოგრაფია.

გადაშენებულ ცხოველთა და მცენარეთა ახალი სახეობები და ახალი გვარები, რომელთაც პალეონტოლოგ ვიაჩესლავ ჩხიკვაძის პატივსაცემათ, მისი სახელი უწოდეს სხვადასხვა ავტორებმა:

  • Rodentia: Mylagaulidae: – Tschalimys čkhikvadzei Shevyreva, 1971
  • Mollusca: Gastropoda: – Bradybaena slavai Tolstikova 1980
  • Reptilia: Crocodilia: Alligatorinae: – Sajkanosuchus čkhikvadzei Efimov, 1984
  • Perissodactyla: Hyracodontidae: – Triplopus čkhikvadzei Gabunia, 1984
  • Insectivora: Pseudoneurogymnurus tshkhikvadzei Gureev, 1979
  • Rodentia: Chapattimyidae: – Chkhikvadzomys elpisma Shevyreva, 1984
  • Celtis chkhikvadzei Avakov, 1984

პერსონალური მონოგრაფიები:

  1. Чхиквадзе В.М. (1973). Третичные черепахи Зайсанской котловины. Тбилиси, Мецниереба, (:1-100).
  2. Чхиквадзе В.М. (1983). Ископаемые черепахи Кавказа и Северного Причерноморья. Тбилиси, Мецниереба, (:1-149).
  3. Чхиквадзе В.М. (1989). Неогеновые черепахи СССР. Тбилиси, Мецниереба, (:1-102).
  4. Чхиквадзе В.М. (1990). Палеогеновые черепахи СССР. Тбилиси, Мецниереба, (:1-95).

კოლექტიური მონოგრაფიები:

  1. Флеров К.К., Беляева Е.И., Яновская Н.М., Гуреев А.А., Новодворская И.М., Корнилова В.С., Шевырева Н.С., Курочкин Е.Н., Жерихин В.В., Чхиквадзе В.М., Мартинсон Г.Г., Толстикова Н.В., Чепалыга А.Л., Фотьянова Л.И. (1974). Зоогеография палеогена Азии. Москва, Наука. (:1-302).
  2. Венус Б.Г., Верзилин Н.Н., Кянсеп-Ромашкина Н.П., Мироненко О.А., Толстикова Н.В., Стариков В.П., Станкевич Е С., Шевырева Н.С., Чхиквадзе В.М. (1980). Палеолимнология Зайсана. Ленинград, Наука. (:1-184).
  3. Чхиквадзе В.М. (1991). Земноводные, пресмыкающиеся, черепахи, ящерицы, змеи. В коллективной монографии: Грузия в антропогене. Тбилиси. (:340-345).
  4. ჩხიკვაძე ვ., ბაქრაძე მ. (1996). რეპტილიები. წიგნში: საქართველოს ბიომრავალფეროვნების მასალები. თბილისი. (:68_71).
  5. Чхиквадзе В.М. (1998). Эоцен–олигоценовая герпетофауна бывшего СССР. В кн.: “Геологические и биотические события позднего эоцена – раннего олигоцена”, (часть II). Изд. “ГЕОС”, Москва. (61-66).
  6. Дидманидзе Э.А., Схиртладзе И.А., Нинуа Н.Ш., Гургенидзе Л.Н., Чхиквадзе В.М. (2002). О некоторых эндемичных, редких и исчезающих видах фауны Грузии: Новые ориентиры к решению проблемы. Тбилиси. (:1-65).
  7. База данных животного мира Южного Кавказа (Amphibia, Reptilia, Aves, Mammalia). (2003). Тбилиси, NACRES. (:1-112).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]