ვიაჩესლავ ჩხიკვაძე
| ვიაჩესლავ ჩხიკვაძე | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 4 იანვარი, 1940[1] |
| დაბ. ადგილი | მოსკოვი |
| გარდ. თარიღი | 29 ოქტომბერი, 2019 (79 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | მეცნიერი და ბიოლოგი[1] |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ვიაჩესლავ ჩხიკვაძე (დ. 4 იანვარი, 1940, მოსკოვი, სსრკ — გ. 29 ოქტომბერი, 2019, თბილისი, საქართველო) — ქართველი ჰერპეტოლოგი, პალეონტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიაჩესლავ ჩხიკვაძე დაიბადა 1940 წლის 4 იანვარს მოსკოვში, არქიტექტორ მიხეილ ჩხიკვაძის ოჯახში. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის გამო ოჯახი გადავიდა თბილისში საცხოვრებლად. 1947 წელს შევიდა მე-4 ვაჟთა საშუალო სკოლაში, ხოლო 1958 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1955 წლიდან იყო კომკავშირის წევრი. სკოლაში სწავლისას ხელმძღვანელობდა ნორჩ აკვარიუმისტთა წრეს. ბავშვობიდან გატაცებული იყო ბიოლოგიური საგნებით, კერძოდ ზოოლოგიით. სკოლის ასაკში წაკითხული ჰქონდა რიგი მოხსენებები პალეონტოლოგიიდან სათანადო ექსპონატების დემონსტრაციით.
სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიაში, პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიურ განყოფილებაში, სადაც 1958 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ იქნა უფროს კოლექტორად ახალციხის ექსპედიციაში, 16 სექტემბრიდან — უფროს კოლექტორად უხერხემლოთა პალეონტოლოგიურ ექსპედიციაში, ხოლო 8 ოქტომბრიდან — კოლექტორად ახალციხის პალეონტოლოგიურ ექსპედიციაში. 1959 წლის 4 მაისს დაინიშნა პრეპარატორის თანამდებობაზე.
1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი. მისი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელები იყვნენ ლეო გაბუნია და ლევან ნათაძე. 1964 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც იგი მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე (1964 წლიდან — უფროსი ლაბორანტი, 1966 წლიდან — უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1975 წლიდან — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან — წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი). 1972 წლის მაისში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1991 წლის დეკემბერში სადოქტორო დისერტაცია.
მონაწილეობდა სხვადასხვა ზოოლოგიური და პალეონტოლოგიური კონფერენციების, კონგრესებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში. არჩეული იყო სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრად (საკავშირო პალეონტოლოგიური საზოგადოება, მოსკოვის ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, საკავშირო ჰერპეტოლოგიური საზოგადოება, Society of Vertebrate Paleontology). იყო ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი კავკასიის პირველი ჰერპეტოლოგიური კონფერენციისა (თბილისი, 1983), ხოლო 2003 წლის მაისში მისი ინიციატივით შესდგა საქართველოს ჰერპეტოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი კრება (იგი ერთხმად აირჩიეს ამ საზოგადოების ლიდერად). თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა პალეონტოლოგიურ და ზოოლოგიურ ექსპედიციებში (მონღოლეთი, ბულგარეთი, ყაზახეთი, შორეული აღმოსავლეთი, მოლდავეთი, უკრაინა, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ჩრდილო კავკასია, აზერბაიჯანი, საქართველო).
ამათგან, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზაისანის ქვაბულში (აღმოსავლეთ ყაზახეთი) ჩატარებული ექსპედიციების შედეგები, რომლებმაც დიდი რეზონანსი გამოიწვიეს პალეოტოლოგებს შორის რუსეთში, დასავლეთ ევროპაში, ჩინეთში და შეერთებულ შტატებში.
ვ. ჩხიკვაძე საყოველთაოდ ითვლება ნამარხი ცხოველების ნაშთების ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ „მონადირედ“. მის მიერ არის ნაპოვნი ან აღმოჩენილი მრავალი უიშვიათესი ნამარხი ცხოველების ძვლები, მათ შორის: დიდთავა კუთა ოჯახის (Platysternidae) პირველი ნამარხი წარმომადგენელი, უძველესი გიგანტური სალამანდრები (Cryptobranchidae) აზიაში, პირველი კბილებიანი ფრინველის ნაშთი აზიაში (Odotopterygidae), ჩანთოსნების (Marsupialia) პირველი ნაშთი აზიაში, უძველესი დელფინი (Oligodelphis) და მრავალი სხვა.
1993–1995 წლებში მონაწილეობდა ერთობლივ ყაზახურ-ამერიკულ-ქართულ პალეონტოლოგიურ საერთაშორისო ექსპედიციებში აღმოსავლეთ ყაზახეთში, ალთაის მხარე, კერძოდ, ზაისანის ტაფობში (The Joint Kazakh-American-Georgian Paleontological Expedition). მისმა მონაწილეობამ განსაზღვრა ამ ექსპედიციის დიდი წარმატება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა დიდი გამოცდილება ზაისანის ტაფობში მუშაობისა (1966–1987 წლების ექსპედიციები), არამედ იმიტომაც, რომ პირადად მის მიერ იყო აღმოჩენილი ახალი, მანამდე უცნობი, მეტად მნიშვნელოვანი ადგილსაპოვებლები.
1995–1996 წლებში ვ. ჩხიკვაძე იყო ინიციატორი, ორგანიზატორი და მონაწილე პირველი ერთობლივი ქართულ-ამერიკული პალეონტოლოგიური ექსპედიციისა სამხრეთ საქართველოში (ბენარის ადგილსაპოვებელი). ეს ექსპედიცია შესდგა აკადემიკოს ლეო გაბუნიას მხარდაჭერით და ამერიკელი კოლეგების მონაწილეობითა და დაფინანსებით.
1996 წლის შემოდგომაზე ამერიკელმა კოლეგებმა (Smitsonian Institution: Dr. Robert Emry) ვიაჩესლავ ჩხიკვაძე მიიწვიეს შეერთებულ შტატებში, სადაც მას საშუალება მიეცა შეესწავლა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის პალეონტოლოგიურ ცენტრებში დაცული კოლექციები. ამას გარდა, ამ ვიზიტის დროს მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში (ნიუ-იორკი), სადაც წარმოადგინა თავისი მოხსენება მტკნარი წყლის კუთა სისტემატიკის შეასახებ. მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და გამოქვეყნდა შესაბამის ჟურნალში.
2003 წლის 12–23 აგვისტოს ვიაჩესლავ ჩხიკვაძე იყო საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე სანქტ-პეტრბურგში (Symposium on Turtle Origins, Evolution and Systematics. Saint-Petersburg. 18–20 August, 2003). მის მიერ წარმოდგენილმა სამმა მოხსენებამ დამსწრე კოლეგების დიდი მოწონება და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა.
ვ. ჩხიკვაძე 1992 წლიდან კითხულობდა ხერხემლიანთა ზოოლოგიის კურსს ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი საკურსო და სადიპლომო ნაშრომი და სამი საკადიდატო დისერტაცია. ამას გარდა, იგი იყო საკმაოდ ცნობილი მხატვარ-ანიმალისტის ლაშა ცხონდიას, ჯერ სამეცნიერო ხელმძღვანელი, შემდეგ კი სამეცნიერო კონსულტანტი.
ვიაჩესლავ ჩხიკვაძე თბილისში, 2019 წლის 29 ოქტომბერს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვ. ჩხიკვაძე იყო 180-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი (თერთმეტი მონოგრაფია, ამათგან შვიდი კოლექტიური მონოგრაფია). მისი რედაქციით (და თანაავტორობით) გამოქვეყნდა ერთი მონოგრაფია.
გადაშენებულ ცხოველთა და მცენარეთა ახალი სახეობები და ახალი გვარები, რომელთაც პალეონტოლოგ ვიაჩესლავ ჩხიკვაძის პატივსაცემად, მისი სახელი უწოდეს სხვადასხვა ავტორებმა:
- Rodentia: Mylagaulidae: – Tschalimys čkhikvadzei Shevyreva, 1971
- Mollusca: Gastropoda: – Bradybaena slavai Tolstikova 1980
- Reptilia: Crocodilia: Alligatorinae: – Sajkanosuchus čkhikvadzei Efimov, 1984
- Perissodactyla: Hyracodontidae: – Triplopus čkhikvadzei Gabunia, 1984
- Insectivora: Pseudoneurogymnurus tshkhikvadzei Gureev, 1979
- Rodentia: Chapattimyidae: – Chkhikvadzomys elpisma Shevyreva, 1984
- Celtis chkhikvadzei Avakov, 1984
პერსონალური მონოგრაფიები:
- Чхиквадзе В.М. (1973). Третичные черепахи Зайсанской котловины. Тбилиси, Мецниереба, (:1-100).
- Чхиквадзе В.М. (1983). Ископаемые черепахи Кавказа и Северного Причерноморья. Тбилиси, Мецниереба, (:1-149).
- Чхиквадзе В.М. (1989). Неогеновые черепахи СССР. Тбилиси, Мецниереба, (:1-102).
- Чхиквадзе В.М. (1990). Палеогеновые черепахи СССР. Тбилиси, Мецниереба, (:1-95).
კოლექტიური მონოგრაფიები:
- Флеров К.К., Беляева Е.И., Яновская Н.М., Гуреев А.А., Новодворская И.М., Корнилова В.С., Шевырева Н.С., Курочкин Е.Н., Жерихин В.В., Чхиквадзе В.М., Мартинсон Г.Г., Толстикова Н.В., Чепалыга А.Л., Фотьянова Л.И. (1974). Зоогеография палеогена Азии. Москва, Наука. (:1-302).
- Венус Б.Г., Верзилин Н.Н., Кянсеп-Ромашкина Н.П., Мироненко О.А., Толстикова Н.В., Стариков В.П., Станкевич Е С., Шевырева Н.С., Чхиквадзе В.М. (1980). Палеолимнология Зайсана. Ленинград, Наука. (:1-184).
- Чхиквадзе В.М. (1991). Земноводные, пресмыкающиеся, черепахи, ящерицы, змеи. В коллективной монографии: Грузия в антропогене. Тбилиси. (:340-345).
- ჩხიკვაძე ვ., ბაქრაძე მ. (1996). რეპტილიები. წიგნში: საქართველოს ბიომრავალფეროვნების მასალები. თბილისი. (:68_71).
- Чхиквадзе В.М. (1998). Эоцен–олигоценовая герпетофауна бывшего СССР. В кн.: “Геологические и биотические события позднего эоцена – раннего олигоцена”, (часть II). Изд. “ГЕОС”, Москва. (61-66).
- Дидманидзе Э.А., Схиртладзе И.А., Нинуа Н.Ш., Гургенидзе Л.Н., Чхиквадзе В.М. (2002). О некоторых эндемичных, редких и исчезающих видах фауны Грузии: Новые ориентиры к решению проблемы. Тбилиси. (:1-65).
- База данных животного мира Южного Кавказа (Amphibia, Reptilia, Aves, Mammalia). (2003). Тбилиси, NACRES. (:1-112).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.