დარვაზის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დარვაზის ქედი
ღარმოს პიკი
ღარმოს პიკი
კოორდინატები: 38°34′ ჩ. გ. 71°31′ ა. გ. / 38.567° ჩ. გ. 71.517° ა. გ. / 38.567; 71.517
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ტერიტორიული ერთეული მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი
უმაღლესი წერტილი არნავადი
სიმაღლე 5992 
სიგრძე 200 კმ
სიგანე 50 კმ
დარვაზის ქედი — ტაჯიკეთი
დარვაზის ქედი

დარვაზის ქედი — მაღალმთიანი ქედი პამირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტაჯიკეთში. გაწოლილია დასავლეთ პამირში. გადაჭიმულია თითქმის 200 კმ-ზე ობიხინგოუს, ფანჯისა და ვანჩის მდინარეთაშუეთში, პეტრე პირველის ქედის სამხრეთით. აღმოსავლეთით უერთდება მეცნიერებათა აკადემიის ქედს. 50-ზე მეტი მწვერვალის სიმაღლე აღემატება 5000 მ-ს.[1] უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 5992 მ (პიკი არნავადი).[2] დარვაზის ქედისა და მეცნიერებათა აკადემიის ქედების შესაყართან მდებარეობს ღარმოს პიკი. დარვაზის ქედი აგებულია ძირითადად გრანიტებითა და მეტამორფული ფიქლებით. ქედის სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი უფრო დამრეცი. ძლიერაა დანაწევრებული მდინარე ობიხინგოუს მარცხენა შემდინარეებით. კალთებზე უმეტესწილად სტეპური და ხე-ბუჩქნარიანი მცენარეულობაა (ჩრდილოეთ კალთაზეა ნეკერჩხალი, კაკალი, სამხრეთისაზე — ღვია, ნუში), რომელსაც ცვლიან სუბალპური და ალპური მდელოები. 4200–4400 მ ზემოთ თოვლი და მყინვარებია. დარვაზის ქედზე გვხვდება 50-ზე მეტი მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 500 კმ²-ზე მეტი.[1] სიდიდით გამოირჩევა გეოგრაფიული საზოგადოების მყინვარი. დარვაზის ქედზე ცნობილია დაახლოებით 70 უღელტეხილი. განვითარებულია ალპინიზმი. სახელწოდება შემოგვთავაზა 1878 წელს შუა აზიის რუსმა მკვლევარმა ვასილი ოშანინმა.[3] 1957 წელს შედგა საქართველოს ალპური კლუბის ტრავერსი დარვაზის ქედზე ჯუმბერ მეძმარიაშვილის, ბექნუ ხერგიანის, ჭიჭიკო ჩართოლანის, ლევან ახვლედიანის, ზურაბ ახვლედიანის, ოთარ ხაზარაძის, თეიმურაზ კუხიანიძის, ილია გაბლიანის, გიორგი აბაშიძისა და რევაზ ხაზარაძის მონაწილეობით.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]