ჭიჭიკო ჩართოლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭიჭიკო ჩართოლანი
დაბადების თარიღი 1906
მესტია
გარდაცვალების თარიღი 1984
მესტია
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მთამსვლელი
ჯილდოები
მედალი „მამაცობისათვის“ მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1951

ჭიჭიკო ჩართოლანი (დ. 1906, მესტია — გ. 1984, მესტია) — ქართველი მთამსვლელი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი.[1] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში კავკასიონსა და პამირზე ასვლის ტრავერსების კლასში (1950, 1952, 1957). ბრინჯაოს პრიზიორი 1955 წელს ტექნიკურად რთული ასვლების კლასში. შედიოდა საქართველოს ალპინიზმის ფედერაციის პრეზიდიუმის შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირში პირველად, ჯგუფთან ერთად, განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937), რითაც სათავე დაედო ამ კლასს მთამსვლელობაში.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიჭიკო ჩართოლანი დაიბადა გლეხის ოჯახში სოფელ მესტიაში. დაკავებული იყო სოფლის მეურნეობითა და ნადირობით, კარგად იყო ორიენტირებული ადგილობრივ მთებში. მეორე მსოფლიო ომის დროს შედიოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის სვანეთის რაზმში. მონაწილეობდა კავკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილების გამაგრებაში. იყო მთის მეგზური, მონაწილეობდა დაზვერვასა და მოულოდნელ შეტევებში.

1934 წელს როჟნოვსკის ხელმძღვანელობით დაამთავრა სამთვიანი კურსები ადგილობრივ მოსახლეობაში ახალი მეგზურების მომზადების საქმეში, რომელიც ორგანიზებული იყო პროლეტარული ტურიზმისა და ექსკურსიების საზოგადოების მიერ. 1937 წელს შეისწავლა ალპინიზმის ინსტრუქტორის საქმე. ამავე წელს სვანეთის ჯგუფის შემადგენლობაში გაბრიელ ხერგიანის ხელმძღანელობით განახორციელა თავის პირველი ასვლა ახალი მარშრუტით სამხრეთ უშბაზე და მონაწილეობა მიიღო ორ ალპინიადაში: გაერთიანებული ბალყარულ-სვანური ზამთრის ალპინიადაში კავკასიისა და ევროპის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე და ზაფხულის სვანურ ალპინიადაში თეთნულდზე, რომლის დროსაც მწვერვალზე ავიდა 182 ადამიანი. 1938 წელს ჩართოლანმა განახორციელა ასვლა ბეზენგის კედლის მწვერვალებზე: ლალვერზე, გისტოლასა და კათინთაუზე. იმავე წელსვე იყო მეორე სვანური ალპინიადის ინსტრუქტორი ლაჰილზე და გულბაზე.[3]

ჩართოლანს ძირითადი მიღწევები ალპინიზმში ჰქონდა ომისშემდგომ პერიოდში. 1946 წლის ივლისში ჭიჭიკო ჩართოლანმა ალპინისტთა ჯგუფში კაკო მარის ხელმძღვანელობით გაიარა 5A სირთულის კატეგორიის ახალი მარშრუტი ჩრდილოეთ უშბაზე გულის მყინვარიდან უნაგირის გავლით.[3]

1947 წლის სექტემბერში კავკასიონის მთავარი ქედის მასშტაბური საიუბილეო ტრავერსის ფარგლებში, რომელიც მიეძღვნა სსრკ-ის შექმნიდან 30 წლისთავს, ჭიჭიკო ჩართოლანმა, კაკო მარმა, გოჯი ზურებიანმა და ბექნუ ხერგიანმა გაიარეს მისი მე-17 მონაკვეთი მცირე ტრაპეციის მწვერვალების გავლით — ნამყვამიაილამაწურუნგალა ქედის ცენტრალურ ნაწილში ბალყარეთის მთიან რაიონში 5А სირთულის კატეგორიის მარშრუტით. აღნიშნული მარშრუტი უმეტესწილად იყო კლდოვანი, ჟანდარმების დიდი რაოდენობითა და რთული ტექნიკური მონაკვეთებით. ეს გადასვლა გახდა ამ მწვერვალების პირველი ტრავერსი ისტორიაში.[4]

1950-იან წლებში ჩართოლანი გახდა სსრკ-ის ალპინიზმის ჩემპიონატების ოთხგზის გამარჯვებული და პრიზიორი. ყველა ჯილდო მიიღო საქართველოს ალპური კლუბის შემადგენლობაში განხორციელებული ასვლებისათვის. 1950 წელს ქართველი ალპინისტების გუნდმა ალიოშა ჯაფარიძის პატივსაცემად გადაწყვიტა შხელდა–უშბის მთის მასივის ტრავერსის გავლა. ჯაფარიძე და მისი მთელი გუნდი დაიღუპა 1945 წლის ოქტომბერში შხელდა–უშბის ტრავერსისას. წინა წარუმატებელი ცდების გამოცდილების მიუხედავად, გუნდმა კაკო მარის (ხელმძღვანელი), ბექნუ ხერგიანის, გოჯი ზურებიანის, ჭიჭიკო ჩართოლანისა და მაქსიმე გვარლიანის შემადგენლობით განახორციელა ტრავერსი საპირისპირო მიმართულებით უფრო ადრეც (ალპინისტები მარშრუტზე გავიდნენ 31 ივლისს). ტრავერსი შხელდა–უშბა წარმატებით დასრულდა და დაიკავა 1-ლი ადგილი 1950 წლის სსრკ-ის ალპინიზმის ჩემპიონატებში ტრავერსების კლასში. ამავე წელს ჭიჭიკო ჩართოლანს ალპინიზმში მიენიჭა სსრკ-ის სპორტის ოსტატის წოდება, ხოლო 1951 წელს გახდა სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი ალპინიზმში.[3]

1952 წელს ჩართოლანმა მონაწილეობა მიიღო მწვერვალების შხარა-თეთნულდის პირველ ტრავერსში შხარაზე ასვლით სამხრეთი კედლიდან, რომელმაც გაიყო 1-ლი და მე-2 ადგილი სსრკ-ის ალპინიზმის ჩემპიონატზე ტრავერსების კლასში საქართველოს სხვა ალპურ კლუბთან ერთად. 1955 წელს მონაწილეობდა სამხრეთ უშბაზე ასვლაში დასავლეთიდან უნაგირის გავლით, რომელმაც დაიკავა მე-3 ადგილი ტექნიკურად რთული ასვლების კლასში.[3]

1957 წელს ჩართოლანმა მონაწილეობა მიიღო დიდ ქართულ ექსპედიციაში პამირზე, რომელიც ჩართოლანისთვის აღმოჩნდა პირველი გამოცდილება კავკასიის მიღმა. იგი შედიოდა საიერიშო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელმაც 6–11 აგვისტოს ჩათვლით განახორციელა დარვაზის ქედის პირველი ტრავერსი. ტრავერსის დროს ასვლა განხორციელდა 7 მწვერვალზე: ღარმოს პიკსა და კიდევ 6 უსახელო მწვერვალზე. ამ ასვლამ 1957 წელს დაიკავა 1-ლი ადგილი სსრკ-ის ალპინიზმის ჩემპიონატზე ტრავერსების კლასში. ჩართოლანი ალპინიზმით აქტიურად იყო დაკავებული 60-იანი წლების შუა ხანამდე. სპორტული მიღწევებისთვის მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ-ის და სსრკ-ის სპორტკომიტეტის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისათვის დაჯილდოებული იყო მედლებით „მამაცობისათვის” და „კავკასიის დაცვისათვის“. არის რიგი საიუბილეო ჯილდოს მფლობელი.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯაფარიძე, ივანე. სპორტის დამსახურებული ოსტატები. თბ., 2010.
  2. ელგუჯა ბერიშვილი. ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბილისი:პალიტრა L, 2013.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 П. П. Захаров, А. И. Мартынов, Ю. А. Жемчужников. Альпинизм. Энциклопедический словарь / под ред. Захарова П. П.. — М.: ТВТ Дивизион, 2006. — С. 659. — 744 с
  4. Чартолани Чичико Гаезович. Клуб альпинистов «Санкт-Петербург»