ბედი ქართლისა (ჟურნალი)
„ბედი ქართლისა“, „რევიუ დე კარტველოლოჟი“ („Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie“) — ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალი. დაარსდა 1948 წელს პარიზში. 1958 წლამდე გამოდიოდა ქართულ ენაზე. ამ წლიდან სტატიები იბეჭდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყოველწლიურად გამოდიოდა ჟურნალის ერთი ან ორი გაერთიანებული ტომი (1983 წელს გამოვიდა ბოლო, - 41-ე ტომი). 1985 წელს ჟურნალის გამოცემა განახლდა ახალი ფორმატითა და სახელწოდებით („Revue des Études Géorgiennes et Caucasiennes“). მისი რედაქტორი იყო აკადემიკოსი ჟ. დიუმეზილი.
ჟურნალი გამოდიოდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის დახმარებით. „ბედი ქართლისამ“ თავის გარშემო შემოიკრიბა უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები; „ბედი ქართლისაში“ იბეჭდებოდა აგრეთვე ქართველი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოეთკავკასიელი საბჭოთა მეცნიერების სტატიები. ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. დამაარსებელი ნ. სალია (ქურციკაშვილი), დირექტორ-რედაქტორი — პროფ. კალისტრატე სალია, მდივანი — გ. გოგოლაშვილი. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოში, რომლის თავმჯდომარე იყო კ. სალია, შედიოდნენ: იულიუს ასფალგი (მიუნხენი), ჟორჟ დიუმეზილი (პარიზი), რენე ლაფონი (ბორდო), დეივიდ ლენგი (ლონდონი), ირენე მელიქოვი (სტრასბურგი), შარლ მერსიე (პარიზი), იოზეფ მოლიტორი (ბამბერგი), ბერნარ უტიე (საბლე-სიურ-სართი), კატრინ პარი (პარიზი), გერტრუდ პეჩი (იენა), კარლ ჰორსტ შმიდტი (ბონი), მიხაელ ვან ესბროკი (ბრიუსელი), ჰანს ფოგტი (ოსლო), მიხეილ წერეთელი (მიუნხენი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაბაღუა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 266.
- ტაბაღუა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 390.