წმინდა ცეცხლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა)
წმინდა ცეცხლი 2018 წელს.
კუვუკლია, რომელშიც შედის იერუსალიმის პატრიარქი.

წმინდა ცეცხლი (ბერძნულ ტრადიციაში წმინდა სინათლე (ბერძ. Ἃγιον Φῶς)) — ცეცხლი, რომელიც ყოველწლიურად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძრის კუვუკლიიდან, დიდ შაბათს, მართლმადიდებლური აღდგომის წინადღეს გამოაქვთ. კუვუკლიიდან ცეცხლის გამოტანა სიმბოლურად გამოსახავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“, ესე იგი იესო ქრისტეს აღდგომას.[1]

წმინდა მიწის ადგილების სტატუს-კვოს შესაბამისად ცერემონიას ასრულებენ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის იერუსალიმის პატრიარქის, კოპტური და სირიული ეკლესიების მღვდელთმსახურნი. წირვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, ბელარუსში, რუმინეთში, ბულგარეთში, ეგვიპტეში, კვიპროსში, ლიბანში, გარდა ამისა, წმინდა ცეცხლი სპეციალური ავიარეისებით ყოველწლიურად ჩამოაქვთ საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, საბერძნეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, პოლონეთში, სერბეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, კვიპროსში, ყაზახეთში, სირიაში, ლიბანში, იორდანიაში და თაყვანს სცემენ სახელმწიფო და საეკლესიო მეთაურები.[2]

ერთ-ერთი უძველესი ცნობა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ გვხვდება გრიგოლ ნოსელთან, ევსები კესარიელთან, სილვია აკვიტანელთან და თარიღდება IV საუკუნით (ამასთან, მითითებული ავტორები მიუთითებენ უფრო ადრეულ შემთხვევებსაც). ეკლესიის წმინდა მამების მოწმობით, პეტრე მოციქულმა საფლავთან მისვლისას გონიერი და სხეულებრივი თვალით ხელთუქმნელი ღვთაებრივი სინათლე იხილა, რომელმაც გაანათა მაცხოვრის საფლავი. ევსები კესარიელი „საეკლესიო ისტორიაში“ წერს იმის შესახებ, რომ დიდი სააღდგომო ღამისთევისას დიაკვნებს დააკლდათ ზეთი, რის გამოც მთელი ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ხოლო იერუსალიმის პატრიარქმა ნარცის I-მა (185–213) უბრძანა მათ, რომლებსაც მზადყოფნაში მოყავდათ განათება, ჩამოესხათ წყალი და მოეტანათ. შემდეგ სილოამის ემბაზიდან კანდელებში წყლის ჩასხმის კურთხევა გასცა. ამ წყალმა მიიღო ზეთის თვისება, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.[3]

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.[4]

აღდგომის წინადღეს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შესახებ დაწვრილებითი ცნობები დაცულია რუსული ეკლესიისგან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის აქტიური მოღვაწის, დეკანოზ პეტრე კონჭოშვილის, 1899 წლის ჩანაწერებში „მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ“.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იოანეს სახარება. თავი 1. 1:9
  2. The Holy Fire (Holy Light). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2018-06-12.
  3. მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდმოსვლას ელოდება
  4. მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
  5. ლია ბარბაქაძე. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.