ცხოველთა ემბრიოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემბრიოლოგიის ატლასი (1889)

ცხოველთა ემბრიოლოგია (ძვ. ბერძნ. embryon — ჩანასახი და logos — სიტყვა, მოძღვრება) — მეცნიერება ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების (ონტოგენეზის) ჩანასახოვანი პერიოდის შესახებ.

ძველ მოაზროვნეთა თხზულებებში საკმაოდ ბევრი ცნობა მოიპოვება ჩანასახის განვითარების შესახებ. ძვ. წ IV საუკუნეში ჰიპოკრატეს შეხედულებები უკვე გამოხატავდა პრეფორმისტულ იდეებს, არისტოტელესი კი — ეპიგენეზურს. XVII-XVIII საუკუნეებში აღწერილია ქათმის ემბრიონის განვითარება (იტალიელი ბიოლოგები მარჩელო მალპიგი (1672) და (1600-1604) ფაბრიჩო), ძუძუმწოვრების საკვერცხის ფოლიკულა, სპერმატოზოიდები (ანტონ ვან ლევენჰუკი), ბაყაყის კვერცხის გაყოფა, მწერების რთული განვითარება, რეგენერაცია კიბოსნაირებში, ჭიებში და სხვ.

ჯერ კიდევ 1651 წელს უილიამ ჰარვეიმ დაადგინა,მ რომ ყველა ორგანიზმი ყველა ცოცხალი არსება კვერცხიდან (კვერცხუჯრედიდან) ვითარდება. ამ გამოკვლევის საფუძველზე შეიქმნა ეპიგენეზური (1759) თეორიები.

ემბრიოლოგიის განვითრებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზმთა აგებულების უჯრედული თეორიის ჩამოყალიბებას თეოდორ შვანისა და მათიას შლაიდენის მიერ 1838-1839 წლებში. ემბრიოლოგიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კ. ბერის გამოკვლევებს, რადგან, ამის შემდეგ, საბოლოოდ ჩამოყალიბდა ემბრიოლოგია, როგორც მეცნიერება. მან დაამტკიცა, რომ ადამიანისა და ყველა სხვა ხერხემლიანი ცხოველის განვითარება ერთიანი გეგმით მიმდინარეობს (თუმცა, ბერი არ იყო თანამიმდევრული ევოლუციონისტი).

თანამედროვე ემბრიოლოგია წარმოუდგენელია უჯრედული მოძღვრებისა და ევოლუციური იდეის გარეშე. ემბრიოლოგიის განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია ჩარლზ დარვინის მოძღვრებამ.

აღწერილობითი ემბრიოლოგიის წიაღში XIX საუკუნის ბოლოს აღმოცენდა შედარებითი ემბრიოლოგია. მეცნიერების განვითარების პროცესში სტრუქტურული გარდაქმნების შესწავლის შედეგად დაგროვილმა მასალამ შეამზადა ნიადაგი ექსპერიმენტული ემბრიოლოგიისთვის. XX საუკუნის დასაწყისში წარმატებით განვითარდა ევოლუციური ემბრიოლოგია. მის დაფუძნებასა და განვითარებაში დიდი წვლილი სსრკს მეცნიერების გამოკვლევებს.

ემბრიოლოგია გენეტიკის, მოლეკულური ბიოლოგიის და ციტოლოგიის მიჯნაზე წარმოიშვა და სწრაფად განვითარდა ახალი მიმართულება — განვითარების ბიოლოგია, რომელიც შეისწავლის ონტოგენეზის კანონზომიერებებს მოლეკულურ, გენეტიკურ, ციტოლოგიურ, ქსოვილურ, ორგანულ და ორგანიზმულ დონეზე.

განვითარების ბიოლოგიის წარმატებების შედეგად ჩამოყალიბდა კონცეფცია ონტოგენეზის კლონური საფუძვლების შესახებ, რომლის თანახმად, ემბრიოგენეზის ადრეულ სტადიებზე გამოიყოფა უჯრედული კლონები, რომლებიც შემდგომში საწყისს აძლევენ სპეციფიკურ სტრუქტურებს. მრავალი მონაცემი ადასტურებს, რომ ამა თუ იმ უჯრედული კლონის საწყის (ანუ ღეროვანი უჯრედების) დეტერმინაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს უჯრედშორის ურთიერთქმედებას და პლაზმური მემბრანის მდგომარეობას.

განვითარების ბიოლოგია აგრეთვე სწავლობს ემბრიონული დიდერენცირების ინდუქტორების ბუნებას. განვითარების ბიოლოგიის პრობლემები ძირითადად ეხება ზოგად ბიოლოგიურ მოვლენებს, რომლებთაც დიდი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ბიოტექნოლოგიისა და მედიცინისთვის. მეცნიერების იმ დარგების კომპლექსში, რომლებიც შეადგენენ განვითარების ბიოლოგიას, ძირითადი ადგილი უკავია ემბრიოლოგიას.

ემბრიოლოგია საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ემბრიოლოგიის განვითარება დაიწყო 1919 წელს, თსუ სამკურნალო ფაკულტეტის ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის დაარსებით. 30-იან, განსაკუთრებით კი 40-60-იან წლებში, კვლევითი მუშაობა გაიშალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო და პედიატრიულ სასწავლო კვლევით ინსტიტუტებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]