ჩანასახი
ჩანასახი — ორგანიზმი განვითარების ადრეულ სტადიაზე.
ადამიანისა და ცხოველების ჩანასახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგივე ემბრიონი, ორგანიზმი განვითარების ადრეულ სტადიაზე, განაყოფიერებული კვერცხიდან (ზიგოტა) დამოუკიდებელი კვებისა და მოძრაობის უნარის ჩამოყალიბებამდე. ჩანასახი ვითარდება დედის სპეციალურ ორგანოებში.
მცენარის ჩანასახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მცენარის ჩანასახი, იგივე ემბრიო, ახალი ინდივიდის ნასახი, რომელიც ზიგოტიდან ვითარდება. ყველაზე მარტივი ემბრიონული განვითარება მწვანე წყალმცენარეებს აქვთ, მაგალითად, სპიროგირას ზიგოტა სპოროფიტული ძაფის გარეშე იწყებს მეიოზურ გაყოფას. ხავსებში ჩანასახი ვითარდება დედა ორგანიზმზე – გამეტოფიტზე და აქვე წარმოქმნის სპორებს. ლიკოპოდიუმის ჩანასახს აქვს 2 სიმეტრიული ბორცვი (საიდანაც წარმოიქმნება ფოთლები), მათ შორის მოთავსებულია ზრდის წერტილი. შვიტებსა და გვიმრებში ზიგოტიდან წარმოიქმნება 4 ზონა, რომელთაგანაც შესაბამისად ვითარდება ყლორტი, პირველი ფოთოლი, ფესვი და ფეხი, შიშველთესლოვანებში ჩანასახის განვითარების საწყის (ე. წ. ცენოციტურ) სტადიაზე მეტნაკლები რაოდენობით ვითარდება თავისუფალი ბირთვები. მოგვიანებით ბირთვებს შორის ჩნდება უჯრედული ტიხარი, ჩაისახება ყლორტი, ფესვი და ლებნები. ფარულთესლოვანებში განვითარების საწყის ეტაპზე თავისუფალი ბირთვების წარმოქმნა (გამონაკლისია იორდასალამი) არ ხდება, ფარულთესლოვანთა უმეტესობაში ზიგოტა წარმოქმნის ორ უჯრედს; აპიკალურიდან ვითარდება საკუთრივ ჩანასახი, ხოლო ბაზალურიდან — საკიდარი ანუ სუსპენზორი. ზიგოტის პირველი დაყოფების თავისებურებანი საფუძვლად უდევს ფარულთესლოვანთა ემბრიონული ტიპების კლასიფიკაციას, ემბრიოგენეზის გვიანდელ სტადიებზე ერთლებნიანებში პროემბრის აპიკალური ზონა იძლევა მხოლოდ ერთ ბორცვს (საიდანაც ერთი ლებანი წარმოიქმნება), ხოლო ორლებნიანებში ასეთი ბორცვი ორი ან ორზე მეტია. ჩანასახის კვებასემსახურება ენდოსპერმი, მოგვიანებით თესლში სამარაგო საკვები ნივთიერებები გროვდება ენდოსპერმში ან ლებნებში. თესლში ზოგჯერ არის სამარაგო საკვები ნივთიერებების შემცველი სხვა ქსოვილიც — პერისპერმი (წარმოქმნილი მუცელუსისგან). ევოლუციურ პროცესში ფარულთესლოვანთა ზოგიერთ ჯგუფში (მაგ., პარაზიტებსა და საპროფიტებში) ჩანასახი რედუცირებულია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღვალაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 78.