შუა ციმბირის ზეგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუა ციმბირის ზეგანი
Putorana. One of the waterfalls.jpg
ადგილმდებარეობა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა კრასნოიარსკის მხარე
სახის რესპუბლიკა
ირკუტსკის ოლქი
კოორდინატები 64°00′ ჩ. გ. 103°00′ ა. გ. / 64.000° ჩ. გ. 103.000° ა. გ. / 64.000; 103.000
გეოგრაფია
ფართობი 3,5 მლნ. კმ²
სიმაღლე 1800 
პუტორანის პლატო შემოსილია თოვლით
პუტორანის პლატო შემოსილია თოვლით

შუა ციმბირის ზეგანი (იაკუტ. Орто Сибиир хаптал хайалаах сирэ) — ვრცელი ზეგანი ჩრდილოეთი აზიის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, სახის რესპუბლიკასა და ირკუტსკის ოლქის ტერიტორიებზე.[1]

სამხრეთიდან ესაზღვრება აღმოსავლეთი საიანის, ბაიკალისპირეთისა და ჩრდილოეთ იმიერბაიკალეთის მთები, დასავლეთიდან — დასავლეთ ციმბირის ვაკე, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი და ცენტრალური იაკუტიის ვაკე. ფართობი დაახლოებით 3,5 მლნ. კმ².[2] მდებარეობს ციმბირის ბაქნის ფარგლებში. საშუალო სიმაღლე 500-700 მ. შუა ციმბირის ზეგნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომელიც მოიცავს ქვემო ტუნგუსკის, პოდკამენაია-ტუნგუსკის, ანგარის აუზებსა და ვილიუის სათავეებს, აქვს მოსწორებული რელიეფი.[3][4]

შუამდინარეთები ბრტყელი და განიერია. ყველაზე ამაღლებული ნაწილი, რომელიც ჩრდილოეთ-დასავლეთში მდებარეობსა (პუტორანის პლატო), 1500-1700 მ აღწევს. ვილიუის პლატო და მდინარე ლენის აუზის ზემოთი 900-1100 მ სიმაღლეზეა. სასარგებლო წიაღისეულებიდან აღსანიშნავია ნიკლისა და სპილენძის მადნები (ნორილსკის რაიონი), რკინის მადანი (ანგარა-ილიმის რაიონი და ანგარა-პიტის აუზი), ქვანახშირი (ტუნგუსკის, ჩერემხოვოს, კანსკის აუზები), გრაფიტი და სხვა. შუა ციმბირის ზეგნის მდინარეები ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აუზს მიეკუთვნებიან; უხვწყლიანია და მიედინება ღრმა და ვიწრო ხეობებში. დიდი მდინარეებია: ქვემო ტუნგუსკა, პოდკამენაია-ტუნგუსკა, ანგარა, ლენა, ხატანგა, ანაბარი, ოლენიოკი. ჰავა მკვეთრად კონტინენტურია. იცის ცივი და ხანგრძლივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა –20°C, –44°C, დამახასიათებელია თბილი ზაფხული, ივლისის საშუალო ტემპერატურაა 12°C-20°C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ ნაწილში უდრის 200-350 მმ-ს, დასავლეთ ნაწილში — 400-500 მმ-ს, წელიწადში. პუტორანის პლატოზე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა აღწევს 700-800 მმ წელიწადში.[3][4]

შუა ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოყალიბებულია ლებიან-მზრალ-ტაიგური და მზრალ-ტაიგური ნიადაგები. მათი ძირითადი თავისებურებები დაკავშირებულია ზედაპირიდან ახლოს მდებარე მრავალწლოვანი მზრალობის ჰორიზონტის განლაგებასთან, რომელიც ქმნის წყლის რეჟიმის წაურეცხავ პირობებსა და ართულებს მარილის გამოზიდვას. მზრალ-ტაიგური ნიადაგები გამოირჩევა მჟავა რეაქციითა და თან არსებული ნიადაგური მასის გადაადგილებული კვალით.[3][4]

შუა ციმბირის ზეგანზე გავრცელებულია მრავალწლოვანი მზრალობა. შუა ციმბირის ზეგნის დიდი ნაწილი მოქცეულია ნათელწიწვოვანი ტაიგის ზონაში. ჭარბობს ლარიქსის ტყე. ანგარის აუზში გავრცელებულია ფიჭვისა და ფიჭვ-ლარიქსის ტყეები. მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის ჩრდილოეთით უმთავრესად მეჩხერი და დაბალტანიანი დაჭაობებული ლარიქსის ტყეებია. სამხრეთით, კანსკის, ირკუტსკ-ჩერემხოვოს ქვაბულებში და კუდის აუზში გვხვდება ტყესტეპის უბნები, მაშასადამე, კრასნოიარსკის ტყესტეპი, კანის ტყესტეპი, ბალაგანის სტეპი და სხვა.[3][4]

პუტორანის პლატოს ჩრდილოეთით და ანაბარის მასივის მაღლობებზე მთის ტუნდრაა განვითარებული. ლენა-ანგარის პლატოსა და ენისეის ჭიუხზე 1000 მეტრზე მაღლა გვხვდება მთის ტუნდრის უბნები. შუა ციმბირის ზეგანზე ცხოველებიდან გვხვდება ლემინგი, თეთრი მელა, თეთრი კურდღელი, ჩრდილოეთის ირემი, ტაიგაშილოსი, მურა დათვი, სამურავი. ფრინველებიდან აღსანიშნავია სოღო. მდინარეები მდიდარია თევზით. აღსანიშნავია: ზუთხი, ტაიმენი და სიგი. სარეწაო მნიშვნელობა აქვს ციყვს, სიასამურსა და ონდატრას.[3][4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]