ყვითელი აბედა, ტყის ქათამი (ლათ.Laetiporus sulphureus) — ლაეტიპორუსის გვარის აბედა სოკოა. მისი ქუდი მთლიანად ხეზე არის მიმაგრებული. თავიდან პატარა გამონაზარდების სახით არის, გაზრდისას კი ფართოვდება და რამდენიმე შრედ ყალიბდება. ქუდის ფერი გოგირდოვანი ყვითელია. გადაბერებულ ნაყოფსხეულს მოთეთრო ფერი დაჰკრავს. თითოეული შრის დიამეტრი არის 5-6-სმ, სისქე 4 სმ. ფოროვანი ნაწილი მოყვითალოა. სპორების ფერი კი თეთრი. ახალი ნაყოფსხეული გამოყოფს მოყვითალო წვენს, მაგრამ მალე შრება და მაგრდება. ახასიათებს მძაფრი სოკოს სუნი. იზრდება დამპალ ზრდასრულ ფოთლოვან ხეებზე და კუნძებზე, როგორიც არის მუხა, წიფელი და ტირიფი. იშვიათად გვხვდება წიწვოვან ხეებზე. ყვითელი აბედა არის პარაზიტი სოკო, ალპობს და შლის ხის ფესვებს, ქერქს და გულს. ყვითელი აბედას მეორე სახელია ტყის ქათამი, რადგან გემოვნური თვისებებით ქათამს წააგავს. ტყის ქათამი არის მიჩნეული ერთ-ერთ საუკეთესო სოკოდ გერმანიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. საჭმელად ვარგისია მხოლოდ ნორჩი ნაყოფსხეულები. ყვითელი აბედა მიეკუთვნება სოკოების იმ სახეობებს რომელთა კულტივაციაც შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მისი მოყვანა კომერციულად შეზღუდულია.