შინაარსზე გადასვლა

ქვეყნის გული

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნის გული

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  Phallales
ოჯახი:  Phallaceae
გვარი:  Phallus
სახეობა:  ქვეყნის გული
ლათინური სახელი
Phallus impudicus (კარლ ლინე, 1753)

ქვეყნის გული (ლათ. Phallus impudicus)[1] — სოკო გასტერომიცეტების რიგისა.[2] ფართოდ არის გავრცელებული. ცნობილია თავისი არასასიამოვნო სუნითა და სპეციფიკური ფორმით. ქუდიანი სოკოა, სიმაღლე 10-30 სმ. ნორჩი ნაყოფსხეული კვერცხისებრია (დიამეტრი 6 სმ) და ზოგჯერ ნახევრად ნიადაგშია ჩაფლული, მომწიფებისას მისი გარსი იხევა და იქიდან ამოიზრდება ფეხი, რომელიც წვერში იკეთებს კონუსურ ქუდს. ქუდი დაფარულია მომწვანო ლორწოთი, რომელსაც მძორის სუნი აქვს. ფეხის ძირი ჩამჯდარია პარკისებრ წარმონაქმნში. საფუძველთან შეიმჩნევა თეთრი ფერის მიცელიუმი. პერიდიუმი ხორცოვანია, კრიალა, მოთეთრო ან კრემისფერი.

მოუმწიფებელი რბილობი ლაბოვანია, ბოლოკის სუნი აქვს. მომწიფებისას პერიდიუმი სკდება 2-3 ლაპოტად; ველუმისებურია. ქუდის სიმაღლე 4-5 სმ აღწევს; კვერცხისებრია; დაფარულია ლორწოვანი გლებით. ქუდის თავზე არის დისკისებრი წარმონაქმნი. სპორული ფხვნილი მოყვითალოა; სპორების ზომებია 3,5-5 × 1,5-2 მკმ. ელიფსურ-ცილინდრულია. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულსა და შემოდგომაზე. ცუდი სუნის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში იჭმება, ოღონდ, ნორჩი სახით. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით, ქვეყნის გული საჭმელად უვარგისი სოკოა.[2] ძირითადად მუხასთან და წიფელთან ერთად ქმნის მიკორიზას. დიდი რაოდენობით გვხვდება ევროპასა და ჩრდილოეთი ამერიკაში; ნაპოვნია აზიის რამდენიმე ქვეყანაში (რუსეთის აზიური ნაწილი, ჩინეთი, ტაივანი, ინდოეთი); გვხვდება აგრეთვე კოსტა-რიკაში, ისლანდიაში, ტანზანიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში.

ნორჩი სოკოს შინაგანი რეცეპტაკულუმი (ლათ. receptaculum) შესაძლებელია ამოიჭრას დანით; მიირთმევენ უმი სახით.[3] ქვეყნის გული საჭმელ სოკოდ მიიჩნევა საფრანგეთსა და გერმანიაში.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი) ცნობილია „მუცელგვრემიას“ სახელწოდებით.[2] აგრეთვე მესხეთში ეძახიან „სადმამწყვიტეს“ ან „სადმამგლიჯეს“.[1]

  1. 1.0 1.1 ქვეყნის გული — ბოტანიკური ლექსიკონი
  2. 2.0 2.1 2.2 ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 519.
  3. Bon, Marcel (1987). The Mushrooms and Toadstools of Britain and North-western Europe. London, UK: Hodder & Stoughton, გვ. 300. ISBN 0-340-39935-X.  The entry for P. impudicus in this book explains the structure and mentions the edibility of the inner layer.