ფარსმან I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარსმანი.
ფარსმან I
Pharasmanes I, by TAILLASSON, JJ.jpg
ფარსმან I, ჟან-ჯოზეფ ტაიასოს პორტრეტიდან „რადამისტი და ზენობია“, 1806.
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 35–70[1]
წინამორბედი: მითრიდატე II[2]
მემკვიდრე: მითრიდატე II
მეუღლე: იამასასპი[3]
შვილები: რადამისტი
მითრიდატე II
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: მითრიდატე I

ფარსმან I — იბერიის მეფე 35-70 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამეფდა 35 წელს. ძმის, მითრიდატეს გამეფების მიზნით, რომის მხარდაჭერით სომხეთში ილაშქრა, ხელთ იგდო სომხეთის დედაქალაქი არტაშატი, დაამარცხა სომხეთში შემოჭრილი პართიის უფლისწული ოროდე და მითრიდატე გაამეფა. გაიუს კალიგულას მმართველობის დროს რომაელებმა მითრიდატეს სომხეთის სამეფო ტახტი ჩამოართვეს; იმპერატორმა კლავდიუსმა 47 წელს სომხეთი კვლავ დაუბრუნა მითრიდატეს. სომხეთში მის ხელმეორედ გამეფებაში რომაელებთან ერთად იბერიის ჯარიც იღებდა მონაწილეობას.

51 წელს რომაელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, ფარსმან I-მა სომხეთის სამეფოს ხელში ჩაგდების მიზნით ალყა შემოარტყა გარნისის ციხეში შემწყვდეულ მითრიდატეს და რომაელთა გარნიზონს და ხელთ იგდო გარნისი. ფარსმან I-მა მითრიდატე თავის ძეს რადამისტს მოაკვლევინა. 52 წელს პართელთა შემოჭრის გამო რადამისტმა სომხეთში ფეხი ვერ მოიკიდა. იბერიელებმა უბრძოლველად მიატოვეს არტაშატი და ტიგრანაკერტი. მკაცრი ზამთრის გამო პართიელები გავიდნენ სომხეთიდან. ფარსმან I-მა სომხეთის დასაპყრობად კვლავ გაგზავნა რადამისტი. დროებითი წარმატების შემდეგ რადამისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სომხეთი. საბოლოოდ 55 წელს ფარსმან I შეურიგდა პართიის გაბატონებას სომხეთში. სომხეთის დაკარგვის შემდეგ, 59 წელს, ანტირომაული მოღვაწეობის საბაბით ფარსმანმა მოაკვლევინა რადამისტი, რომელიც მას იბერიის სამეფო ტახტს ეცილებოდა. ამის შემდეგ ფარსმანის შესახებ არაფერია ცნობილი. 75 წელს ფარსმანი უკვე ცოცხალი აღარ იყო, რადგან იბერიის მეფედ იხსენიება მისი შვილი მითრიდატე II.

ფარსმან I არც ლეონტი მროველთან და არც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გორგაძე ს. „საქართველოს ისტორია“. გვ. 72. II. არმაზ-მცხეთის მეფეები.
  2. გორგაძე ს. „საქართველოს ისტორია“. გვ. 48. III. საქართველოს ცხოვრება და თავგადასავალი 1–3 საუკუნეში ქრ. შემდეგ.
  3. გორგაძე ს. „საქართველოს ისტორია“. გვ. 53.