ფართოფოთლოვანი ტყე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფართოფოთლოვანი ტყეების გავრცელება მსოფლიოში

ფართოფოთლოვანი ტყეტყე, რომელიც წარმოქმნილია ფართო ფოთლის მქონე ჯიშებით (მუხა, ცაცხვი, წიფელი, იფანი, ნეკერჩხალი, ჭადარი, კაკალი, თელა და სხვ.). გავრცელებული არიან ევროპაში (მ.შ. კავკასიაში), აზიაში (შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ ჩინეთში), ჩრდილოეთ ამერიკაში (ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილში). ვაკეებზე წარმოქმნის ზონას, რომელსაც ჩრდილოეთიდან აკრავს წიწვოვანი ტყეები და ველები, სამხრეთიდან — ხმელთაშუაზღვიური ან სუბტროპიკული მცენარეულობა. მთის კალთებზე სიმაღლებრივ სარტყელს ქმნის. ფართოფოთლოვანი ტყე იზრდება ზომიერად ნოტიო კლიმატში, სადაც წლის მანძილზე შედარებით თანაბრადაა გადანაწილებული ნალექების ოდენობა და არ არის ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა; ვერ იტანს კონტინენტურ კლიმატს (ამიტომ, მაგალითად ციმბირში არ იზრდება). ნიადაგები დიდად ნაყოფიერია, მუქი რუხი ან მურა.[1]

ფართოფოთლოვანი ტყე სლოვაკეთში

მრავალი ფართოფოთლოვანი სახეობა ძლიერი ედიფიკატორია და თავისი ფარდის ქვეშ წარმოქმნის სპეციფიკური ეკოლოგიურ რეჟიმს, რომელიც ქვეტყის მცენარეებისა (თხილი, ჩვეულებრივი და თათრული ნეკერჩხალი, შოთხვი, ჭანჭყატი) და ბალახოვანი საფარისათვის (ნემორალური ბალახები: ცისთვალა, მარიამსხალა, ხარისჩლიქა, ორფერი და სხვ.; ასევე გაზაფხულის ეფემეროიდები: ბუჩქისძირა, ფრინტა, ჩიტისთავა და სხვ.) განსაზღვრავს სეზონური ფაზების ცვლას. უწინ ფართოფოთლოვანი ტყე დომბის საცხოვრისი იყო; დღეს აქ გვხვდება კეთილშობილი ირემი, იზუბრი, უაპიტი, შველი, დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, ყარყუმი, სინდიოფალა, კვერნა. მიწისზედა იარუსზე ცხოვრობენ თაგვისებრი მღრღნელები, ნიადაგში — თხუნელები. მდიდარია ორნითოფაუნა, რომელთა შორის ბევრია მწერიჭამია ფრინველი (მემატლია, შაშვი, წივწივა, ასპუჭაკა და სხვ.). ფართოფოთლოვანი ტყეების სამეურნეო გამოყენების გამო შემცირდა მათი გავრცელება, შეიცვალა სახეობრივი შემადგენლობა და სტრუქტურა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Рысин Л. П. Широколиственные леса // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 41.