რუხი ნიადაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუხი ნიადაგინიადაგის ტიპი, რომელიც გავრცელებულია სუბტროპიკულ ნახევრად უდაბნოს ზონაში. ვითარდება ლიოსზე, ლიოსისებურ თიხნარებსა და ძველ ალუვიურ ნაფენებზე.[1] რუხი ნიადაგის პროფილში გამოიყოფა: 20 სმ-მდე სისქის ღია რუხი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, მორუხო-ჩალისფერი აკუმულაციურ-კარბონატული ჰორიზონტი და ნიადაგწარმომქმნელი ქანი, რომელიც ხშირად 90 სმ-ზე მეტ სიღრმეზე შეიცავს ადვილხსნად მარილებს.[2]

რუხი ნიადაგებია წინა და შუა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ავსტრალიაში.[1] რუხ ნიადაგებს ახასიათებს: ტუტე რეაქცია, პროფილის სუსტი დიფერენციაცია, მცირე ჰუმუსიანობა (1,5–2,5%; ჰუმუსი მდიდარია აზოტით), 20–60 სმ სიღრმეზე ყველა პროფილში კალციუმის კარბონატების მაღალი შემცველობა, კარგი ჰიდროფიზიოლოგიური თვისებები, დიდი ბიოლოგიური აქტივობა; მორწყვის შემთხვევაში მაღალ მოსავალს იძლევა.[1][2] გასარწყავებულ რუხ ნიადაგებზე მოჰყავთ ბამბა, მარცვლოვნები, შაქრის ჭარხალი, იყენებენ მებაღეობასა და მევენახეობაში.[2] ცნობილია რუხი ნიადაგის ქვეტიპები: ღია, ჩვეულებრივი (ტიპობრივი) და მუქი.[1] საჭიროებს ნიადაგის მეორადი დამარილებისა და დაჭაობებისაგან დაცვის ღონისძიებებს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 კირვალიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 519.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Лычагин М. Ю. Серозёмы // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 98.