შინაარსზე გადასვლა

უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Ще не вмерла України
„შჩე ნე ვმერლა უკრაინი ი სლავა ი ვოლია“
ქართ. „არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება“

უკრაინის ეროვნული ჰიმნის ნოტები
ქვეყანა დროშა: უკრაინა უკრაინა
ტექსტის ავტორი მიხეილ ვერბიცკი, 1862
მუსიკის ავტორი პავლე ჩუბინსკი, 1863
შემოღებულ იქნა 1917

Ще не вмерла України і слава, і воля („არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება“),[1] თავდაპირველი ფორმით Ще не вмерла Україна, і слава, і воля („არ მომკვდარა უკრაინა, არც მისი დიდება, არც მისი ნება“), ასევე, შემოკლებით, Ще не вмерла Україниუკრაინის სახელმწიფო ჰიმნი (უკრ. Державний Гімн України).[2] მისი მუსიკა ჰიმნად დამტკიცდა უკრაინის უმაღლესი რადის მიერ 1992 წლის 15 იანვარს. ოფიციალური ტექსტი დამტკიცდა 2003 წლის 6 მარტს სპეციალური კანონით უკრაინის ჰიმნის შესახებ (უკრ. Закон про Гімн України).[3]

XX საუკუნის პირველ ნახევარში, რუსეთის იმპერიის, პოლონეთის სამეფოს და ავსტრო-უნგრეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების და ამ ტერიტორიებზე სახელმწიფოს ჩამოყალიბების წარუმატებელი მცდელობებისას, სიმღერა გამოიყენებოდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის, დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის და კარპატო-უკრაინის ჰიმნად, ხოლო უკრაინის საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის შემდეგ იგი ჰიმნად ხელახლა მიიღეს. ეროვნული ჰიმნის კონკურსში მასთან ერთად სხვა ორი პატრიოტული სიმღერა განიხილებოდა, მათ შორის, მიკოლა ვორონიის „უკრაინისთვის“.

ტექსტი წარმოადგენს გამოჩენილი კიეველი ეთნოგრაფის, პავლო ჩუბინსკის 1862 წელს დაწერილი ლექსის პირველი სტროფის მცირედ შეცვლილ ვარიანტს.[4] 1863 წელს ჩუბინსკის ტექსტზე მუსიკა დაწერა დასავლეთ უკრაინელმა კომპოზიტორმა და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა, მიხაილო ვერბიცკიმ.[5] ნაწარმოების პირველი საგუნდო შესრულება ლვივის თეატრ „უკრაინაში“, 1864 წელს შედგა.[6]

პავლო ჩუბინსკი (1839–1884), ტექსტის ავტორი
მიხაილო ვერბიცკი (1815–1870), ჰიმნის მუსიკის ავტორი

უკრაინის ჰიმნის შექმნა დაიწყო 1862 წლის შემოდგომაზე, პავლო ჩუბინსკისთან გამართული ერთ-ერთი წვეულების დროს. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ჩუბინსკის ტექსტზე გავლენა იქონია პოლონურმა ეროვნულმა სიმღერამ „Jeszcze Polska nie zginęła“ („პოლონეთი ჯერ არ დაკარგულა“), რომელიც 1797 წლით და პოლონური ლეგიონების დროით თარიღდება, მოგვიანებით კი პოლონეთის ჰიმნად იქცა.[7][8][9] ამ პერიოდში ეს პოლონური სიმღერა ძალიან პოპულარული იყო ყოფილი პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში შემავალ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ: ჩუბინსკის ლექსის შექმნიდან რამდენიმე თვეში იანვრის აჯანყებაც დაიწყო. ამავე პოლონური სიმღერის გავლენით შექმნა სლოვაკმა პოეტმა სამო ტომაშიკმა სიმღერა „ჰეი, სლავებო“, რომელიც 1944–2003 წლებში იუგოსლავიის ჰიმნი იყო.

ჩუბინსკის ლექსი უკრაინოფილებში უსწრაფესად გავრცელდა. 1862 წლის 20 ოქტომბერს ჟანდარმერიის უფროსმა, თავადმა ვასილი დოლგორუკოვმა „უბრალო ხალხის გონებაზე საშიში გავლენის“ გამო ჩუბინსკის თავიდან მოშორება ბრძანა,[10] რის შემდეგაც იგი არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს.[11]

1863 წელს გაზეთ „მეტაში“ დაბეჭდილი თავდაპირველი ვერსია, 1991 წლის რეპრინტი

ჩუბინსკის ლექსის პირველი ოფიციალური გამოცემა 1863 წლით თარიღდება, როცა იგი ლვივის ჟურნალ „მეტას“ მეოთხე ნომერში დაბეჭდა. დღევანდელი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე გავრცელების შემდეგ ლექსი უკრაინულმა სამღვდელოებამაც შეამჩნია. მისით შთაგონებულმა მამა მიხაილო ვერბიცკიმ, რომელიც უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახური და იმ დროის უკრაინის ერთ-ერთი გამოჩენილი კომპოზიტორი იყო, მასზე მუსიკის დაწერა გადაწყვიტა.[5] 1865 წელს ჩუბინსკის პოემა პირველად დაიბეჭდა ვერბიცკის პარტიტურის თანხლებით. მანამდე, 1864 წელს, ლვივში მისი პირველი საგუნდო შესრულებაც შედგა.[6]

1917 წლის საფოსტო მარკა, რომელზეც მომავალი ჰიმნის რამდენიმე სიტყვაა დატანილი.

ჰიმნს 1915 წელს ხალხური სიმღერის სახით ასრულებდა ლვიველი უკრაინელი ემიგრანტი, ნიუ-იორკში მცხოვრები მიხაილო ზაზულიაკი.[12] იგი, როგორც ჰიმნის პირველი ჩანაწერი უკრაინულ ენაზე (მაშინდელი სათაურით „Szcze ne wmerła Ukrajiny ni sława ni wola“) ვინილის სახით 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოსცა Columbia Phonograph Company-მ.[13][14]

უკრაინის ჰიმნის პირველი ჩანაწერი „Ще не вмерла Україна“. ასრულებს მიხაილო ზაზულიაკი. Columbia Studio, აშშ (1916)

მიუხედავად ამისა, ჩუბინსკის ლექსი სახელმწიფო ჰიმნი 1917 წლამდე არ გამხდარა, როცა იგი უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ დაამტკიცა. მეტიც, 1917 წლიდან 1921 წლამდე მას არ ჰქონდა ექსკლუზიური ლეგალური სტატუსი და მასთან ერთად სხვა ჰიმნებიც არსებობდა.

1918-1919 წლებში ჩუბინსკის ჰიმნი მცირე ხნით არსებული დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მიერაც გამოიყენებოდა.

1939 წელს „Ще не вмерла Українa“ კარპატო-უკრაინის ოფიციალური სახელმწიფო ჰიმნიც გახდა.

1922 წელს უკრაინის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ რუსეთის, ამიერკავკასიის და ბელორუსიის სსრ-ებთან ერთად საბჭოთა კავშირის შექმნის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ჰიმნი დაუყოვნებლივ აიკრძალა საბჭოთა რეჟიმის მიერ. საბჭოთა კავშირის შექმნისას გადაწყდა, რომ კავშირში შემავალ ყველა სახელმწიფოს საკუთარი ჰიმნის ქონა შეეძლო, თუმცა, ჩუბინსკის ლექსი უარყოფილ იქნა უკრაინელი ნაციონალისტების სეპარატისტული გრძნობების შესაძლო წახალისების გამო. საბჭოთა ხელმძღვანელობას სურდა, ტექსტს წარმოეჩინა უკრაინა, როგორც მოძმე რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის შიგნით, „თანასწორი თანასწორთა შორის, თავისუფალი თავისუფალთა შორის“, ასევე, აუცილებელი იყო მასში კომუნისტური პარტიის მოხსენიება, რომელიც უკრაინას კომუნიზმისკენ მიუძღვებოდა. ეს დავალება პავლო ტიჩინამ შეასრულა, რომლის ლექსზე „Живи, Україно, прекрасна і сильна“ მუსიკა ანტონ ლებედინეცმა დაწერა და იგი უკრაინის სსრ-ის ჰიმნი 1949 წლიდან 1991 წლამდე იყო. ამ ჰიმნმა უკრაინაში პოპულარობა ვერ მოიპოვა და თითქმის ყველა ოფიციალურ ღონისძიებაზე უკრაინაში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჟღერდა.

დამოუკიდებლობის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 15 იანვარს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა სახელმწიფო ჰიმნის მუსიკა, რაც, მოგვიანებით, კონსტიტუციაშიც აისახა. მიუხედავად ამისა, ჰიმნის ტექსტი ოფიციალურად 2003 წლის 6 მარტამდე არ იყო დამტკიცებული, როცა რადამ მიიღო კანონი სახელმწიფო ჰიმნის შესახებ (Закон "Про Державний гімн України"). კანონპროექტის ავტორი მაშინდელი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა იყო.[3] კანონის მიხედვით, ჰიმნად მტკიცდებოდა მიხაილო ვერბიცკის მუსიკა და პავლო ჩუბინსკის ლექსის პირველი სტროფი და რეფრენი, თუმცა, ლექსის პირველ სტრიქონში შედიოდა ცვლილება და ფრაზა „Ще не вмерла, Україна, i слава, і воля!“ („არ მომკვდარა უკრაინა, არც დიდება, არც ნება“) იცვლებოდა ფრაზით „Ще не вмерла України і слава, і воля“ („არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება“).

ნოტები ხმისა და გიტარისათვის, მიხაილო ვერბიცკის ხელნაწერი

კანონი უდიდესი უმრავლესობით მიიღეს (334 მომხრე 450 დეპუტატიდან, მხოლოდ 46 წინააღმდეგი). ხმის მიცემისგან მხოლოდ უკრაინის სოციალისტურმა პარტიამ და უკრაინის კომუნისტურმა პარტიამ შეიკავეს თავი. ამ კანონის მიღებით საბოლოო სახე მიიღო უკრაინის კონსტიტუციის მე-20 მუხლმა. ეროვნული ჰიმნი, რომელიც აქამდე კანონით მხოლოდ ვერბიცკის მუსიკას წარმოადგენდა, ამიერიდან ჩუბინსკის ტექსტის მოდიფიცირებულ ვერსიასაც გულისხმობდა.

ჰიმნის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის საპროტესტო მოძრაობის და 2013 წლის ევრომაიდანის მოვლენების დროს. უკრაინელი კომპოზიტორი ვალენტინ სილვესტროვი, რომელიც კიევის პროტესტებში აქტიურად მონაწილეობდა, უკრაინის ჰიმნს შემდეგნაირად ახასიათებს:[15]

უკრაინის ჰიმნი გასაოცარია. პირველ ჯერზე იგი არანაირ შთაბეჭდილებას არ გიტოვებს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი მოსმენისას. ეს ჰიმნი მიხაილო ვერბიცკიმ შექმნა, შუა მე-19 საუკუნეში მოღვაწე საეკლესიო კომპოზიტორმა. ის ავსტრიული მონარქიის ქვეშ ცხოვრობდა, სავარაუდოდ, უყვარდა შუბერტი; ჰქონდა კეთილხმოვანების ნიჭი – ეს ცხადად ჩანს მისი ლიტურგიკული ნაწარმოებებიდან. იგი ეკლესიის კომპოზიტორი იყო და ეს პატრიოტული სიმღერაც ისე შექმნა, როგორც ეკლესიის კომპოზიტორმა. ეს საგალობელია, ალილუია. არცერთ სხვა ჰიმნს არ აქვს ეს! იგი უნიკალური ნაწარმოებია: უკრაინის ჰიმნი, რომელსაც, ამავე დროს, ლიტურგიკული საგალობლის ყველა თვისება აქვს. ამ ჰიმნში ჩაძირულია რაღაც ლიტურგიის, ღამისთევის მოგონება. თითქოს, ქარი ქრის ამ მარტივ საგალობელში, თითქოს ხის რტოები მღერიან.

2014 წლის აგვისტოში ევროვიზიის უკრაინელმა კონკურსანტმა, ზლატა ოგნევიჩმა (ინნა ბორდიუხი) სიმღერის თავისი ვერსია გამოუშვა.[16] 2016 წლის მაისში ტერნოპილში ბაზირებული უკრაინის 44-ე საარტილერიო ბრიგადის სასულე ორკესტრის ჯარისკაცებმა ჰიმნი მიწის ქვეშ 300 მეტრის სიღრმიდან შეასრულეს, რითიც მსოფლიო რეკორდი მოხსნეს.[17]

ევრომაიდანის საპროტესტო აქციების დროს უკრაინის ჰიმნი პროტესტანტებისთვის რევოლუციური ჰიმნის როლს ასრულებდა. მოძრაობის ადრეულ კვირებში ისინი ჰიმნს საათში ერთხელ, მომღერალ რუსლანას ხელმძღვანელობით ასრულებდნენ.[18]

2014 წლის 25 მარტს ხარკიველმა მიკიტა რუბჩენკომ ჰიმნის ინსტრუმენტული, როკ-ვერსია შექმნა.[19][20]

ოფიციალური ტექსტი უკრაინულად[21][22] ქართული თარგმანი ქართული თარგმანი ინგლისური თარგმანი
(ავტორი ჯორჯ იური რაიტი)[23]

Ще не вмерла України і слава, і воля,
Ще нам, браття молодії, усміхнеться доля.
Згинуть наші воріженьки, як роса на сонці.
Запануєм і ми, браття, у своїй сторонці.

𝄆 Душу й тіло ми положим за нашу свободу,
І покажем, що ми, браття, козацького роду. 𝄇

(1)
არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება.
ბედი კვლავაც გაგვიღიმებს, ახალგაზრდა ძმებო.
ჩვენი მტრები გაქრებიან, როგორც ნამი მზეზე
და ვიმეფებთ, ძმებო, ჩვენს მხარეში.

სხეულსა და სულსაც დავდებთ ჩვენი თავისუფლებისთვის,
და ვაჩვენებთ, რომ ჩვენ, ძმებო, ვართ კაზაკთა მოდგმის.

(2)
არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება
კვლავაც ძმებო ახალგაზრდებს გაგვიღიმებს ბედი,
გაქრებიან, დაფრთხებიან ჩვენი მტერუკები,
ვით ცვარ ნამით მწვანე ბალახს შეგაშრება მზეში.

სულს შევწირავთ, თავსაც დავდებთ თავისუფლებისთვის,
და ვუჩვენებთ ყველას ძმებო, ვართ კაზაკთა ჯიშის.[24]

Ukraine’s glory hasn’t perished, nor freedom, nor will.
Upon us, fellow kin, fate shall smile once more.
Our enemies will vanish, like dew in the morning sun,
And we too shall rule, brothers, in a free land of our own.

We’ll lay down our souls and bodies to attain our freedom,
And we’ll show that we, brothers, are of the Kozak line.

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Салтан А. Н. Как Кучма с Медведчуком слова для государственного гимна выбирали [Электронный ресурс]. – Режим доступа к статье: http://kievvlast.com.ua/text/kak_kuchma_s_medvedchukom_slova_dlja_gosudarstvennogo_gimna_vibirali37334.html. – Заглавие с экрана. – 25.03.16.
  • Салтан Н. М., Салтан О. М. Живи Україно незламна і сильна… Парламентські дебати навколо затвердження тексту Державного гімну України 4 та 6 березня 2003 року // Сіверянський літопис. Всеукраїнський науковий журнал. — 2016. — № 4 (130). — С. 16-36.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Magocsi, Paul Robert (2010). A History of Ukraine: A Land and Its Peoples. Toronto: University of Toronto Press, გვ. 401. ISBN 9781442640856. 
  2. Constitution of Ukraine, Article 20
  3. 3.0 3.1 Указ Президії Верховної ради України
  4. Ukraine – Shche ne Vmerla Ukraina. NationalAnthems.me. ციტირების თარიღი: 2011-11-05
  5. 5.0 5.1 Cerkwa.net დაარქივებული February 3, 2005, საიტზე Wayback Machine. – Father Mychajlo Verbyćkyj
  6. 6.0 6.1 Ukraine – nationalanthems.info. ციტირების თარიღი: 2019-10-03
  7. „Павло Чубинський писав вірші "під Шевченка"“. Gazeta.ua (უკრაინული). 22 იანვარი, 2009. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. Hrytsak, Yaroslav (2005) „On Sails and Gales, and Ships Driving in Various Directions: Post-Soviet Ukraine as a Test Case for the Meso-Area Concept“, Emerging meso-areas in the former socialist countries: histories revised or improvised?. Hokkaido University, გვ. 57-58. ISBN 9784938637354. 
  9. Grabowska, Sabina (2016). „The Evolution of Polish National Symbols on the Example of the Flag and Anthem“. Kultura i Edukacja. Wydawnictwo Adam Marszałek (4): 183. ISSN 1230-266X.
  10. за вредное влияние на умы простолюдинов
  11. Павло Платонович Чубинський. Андрусов Микола Іванович.
  12. Less known pages out of the life of Mykhailo Zazulyak. Meest Online weekly. November 7, 2013
  13. In the Internet is becoming popular an audio record of the 1916 Ukrainian anthem[მკვდარი ბმული]. 5 Channel. 20 October 2014
  14. The first record of the anthem. youtube
  15. Валентин СИЛЬВЕСТРОВ: "Читайте Шевченка, доки не пізно ...".
  16. (in Ukrainian) Ohńevič recorded her own version of the Ukrainian national anthem. AUDIO, Tablo ID (27 August 2014)
  17. Archived at Ghostarchive and the Wayback Machine: Ukrainian Anthem Underground: Ukrainian army brass orchestra performs at a salt mine.
  18. Євромайдан уночі забарикадувався ялинкою і щогодини співав гімн із Русланою დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. fakty.ictv.ua (in Ukrainian)
  19. A Kharkiv man recorded a rock version of the Ukrainian anthem. Espreso TV. March 25, 2014 დაარქივებული July 9, 2014, საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
  20. Archived at Ghostarchive and the Wayback Machine: 5 канал (2014-03-25), Державний Гімн України – National Anthem of Ukraine – Rock version by Nicky Rubchenko, https://www.youtube.com/watch?v=1VCQDoYop64. წაკითხვის თარიღი: 2019-03-01
  21. Ukraine NationalAnthems.info. Kendall, David, 2013.
  22. Law of Ukraine "About National Anthem of Ukraine"
  23. National anthem of Ukraine. Lyrics by Pavlo Chubynsky. Translation by Yury Nesterenko.
  24. უკრაინის ჰიმნი ქართულ ენაზე. ქართული ვერსიის ავტორი ჩოჩია სოსო ლარიევიჩი (2010)