სსრ კავშირის შექმნის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სსრ კავშირის შექმნის ხელშეკრულების თავფურცელი

სსრ კავშირის შექმნის ხელშეკრულება — დოკუმენტი, რომლითაც იურიდიულად გაფორმდა 1917 წლის 25 ოქტომბრის (7 ნოემბრის) ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ რუსეთის ყოფილი იმპერიის ნანგრევებზე წარმოქმნილი გასაბჭოებული რესპუბლიკების გაერთიანება და ახალი იმპერიის — საბჭოთა კავშირის — დაარსება. საქართველო ამ გაერთიანებაში შევიდა არა როგორც ცალკე სუბიექტი, არამედ როგორც ამიერკავკასიის ფედერაციის წევრი სახელმწიფო (მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი საქართველომ მიიღო 1936 წელს, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ). დეკლარაციით გამოცხადა და ხელშეკრულებით განმტკიცდა, რომ ერთ საკავშირო სახელმწიფოდ — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირად — გაერთიანდა 4 მოკავშირე რესპუბლიკა: რსფსრ, უკრაინის სსრ, ბელორუსიის სსრ და ამიერკავკასიის სფსრ (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). ხელშეკრულების პროექტი 1922 წლის 29 დეკემბერს განიხილა და მიიღო ოთხივე რესპუბლიკის „სრულუფლებიანი დელეგაციების“ კონფერენციამ, 30 დეკემბერს კი დაამტკიცა სსრკ საბჭოების I-მა ყრილობამ. დეკლარაციამ და ხელშეკრულებამ შეადგინა სსრკ პირველი კონსტიტუცია.

ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 1991 წლის დეკემბერში, როდესაც სსრ კავშირში შემავალი რესპუბლიკების ძალისხმევით მოხდა ხელშეკრულების დენონსაცია და სსრკ-ის ლიკვიდაცია. ბელორუსიის, უკრაინისა და რუსეთის ხელმძღვანელებმა 1991 წლის 8 დეკემბერს ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას, რითაც დაადასტურეს სსრკ-ის დაშლა და განაცხადეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ. შეთანხმებას დსთ-ს შექმნის შესახებ 1991 წლის 21 დეკემბერს შეუერთდნენ აზერბაიჯანი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი (მოგვიანებით დსთ-ს საქართველოც შეუერთდა). 1991 წლის 25 დეკემბერს სსრ კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა, შეწყვიტა თავისი არსებობა.

საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად საქართველომ, ისევე როგორც სხვა ყოფილმა მოკავშირე რესპუბლიკებმა, მიიღო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]