უბინი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პულაუ უბინზე მდებარე ერთ-ერთი დასახლება

პულაუ უბინი (ასევე ცნობილი როგორც უბინი) — სინგაპურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პულაუ ტეკონგის დასავლეთით მდებარე კუნძული. გრანიტის კარიერული მოპოვების გამო კუნძულზე 1960-იან წლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დასახლდა, მაგრამ დღეისთვის მხოლოდ 100-მდე ადამიანი ცხოვრობს. პულაუ უბინი ერთ-ერთი უკანასკნელი სასოფლო სივრცეა სინგაპურში და ფლორისა და ფაუნის სიუხვით გამოირჩევა. კუნძული უბინ-ხატიბის მნიშვნელოვანი ორნიტოლოგიური სივრცეს ნაწილია, რომელიც კონსერვაციის გლობალური თანამშრომლობის პროგრამის BirdLife Interational მიერ გამოყო, რადგანაც კუნძული გადამფრენი და ბინადარი ფრინველების მნიშვნელოვან რაოდენობას ითვლის, რომელთაგანაც ზოგიერთი სახეობა საფრთხის ქვეშაა.[1]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე მდებარე ერთ-ერთი გაუქმებული კარიერი

სახელი პულაუ უბინი მალაიურ ენაზე ნიშნავს გრანიტის კუნძულს, რაც კუნძულზე განთავსებულ უამრავ გაუქმებულ გრანიტის კარიერზე მიუთითებს. პულაუ ნიშნავს „კუნძულს,“ ხოლო უბინი იავურ ენაზე „კვადრატულ ქვას“ ნიშნავს. მალაიებისთვის კუნძული ასევე ცნობილია როგორც პულაუ ბატუ უბინი, „გრანიტის ქვის კუნძული.“ წარსულში კუნძულზე მოპოვებული ქვები იატაკის ფილების დასამზადებლად გამოიყენებოდა, რასაც ჯუბინს (უბინის შემოკლებული ფორმა) უწოდებდნენ.

ტაივანის რომანიზირებულ სისტემაში კუნძულის სახელწოდება ჟღერს როგორც ციოჰ შუა (tsioh sua), რაც „ქვის ბორცვს“ ნიშნავს. კუნძულზე ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი ბუკიტ პუაკაა (პუაკას ბორცვი), რომლის სიმაღლეც 75 მეტრია.[2]

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად, პულაუ უბინი მაშინ შეიქმნა, როდესაც სამი არსება (ბაყაყი, ღორი და სპილო) სინგაპურიდან ჯოჰორის სანაპირომდე რბოლაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. დამარცხებული ცხოველები ქვებად უნდა გადაქცეულიყვნენ. სამივე არსებას უამრავი სიძნელის გადალახვა მოუხდა, მაგრამ ჯოჰორის ნაპირამდე ვერცერთმა მიაღწია. ამიტომაც სპილო და ღორი ერთად პულაუ უბინად გადაიქცა, ხოლო ბაყაყი პულაუ სეკუდუდ ბაყაყის კუნძულად იქცა.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკაზე დატანილი პულაუ უბინის ყველაზე ძველი ვარიანტი სინგაპურის 1828 წლის ესკიზია, რომელზეც კუნძული აღნიშნულია შემდეგი დასახელებით: Pulo Obin, ხოლო ფრანკლინისა და ჯეკსონის რუკაზე კი აღნიშნულია როგორც Po. Ubin.

ამჟამინდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პულაუ უბინი სინგაპურის ერთ-ერთი უკანასკნელი დასახლებაა, სადაც უბრანული დაგეგმარება, ბეტონის ნაგეობები და ასფალტის გზები არ არის. კუნძულის ასამდე მცხოვრები ხის სახლებსა და ხის ტალღსაჭერებში ცხოვრობენ. ფლორითა და ფაუნით მდიდარი კუნძული, გაუქმებული კარიერებითა და პლანტაციებით და ხელუხლებელი ბუნებით სინგაპურის უკანასკნელი კამპონგია, რომელიც თანამედროვე ინდუსტრიულ ეპოქისთვის დამახასიათებელი ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარებისგან მოშორებულია.

ეკოლოგიური პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლური ფერადი რქაცხვირისებრების კონსერვაციის პროექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლური ფერადი რქაცხვირისებრები სინგაპურში ხელახლა პულაუ უბინზე გამოჩნდნენ

ეროვნული ბიომრავალფეროვნების ცენტრის, სინგაპური ველური ბუნების ნაკრძალების, ნანიანგის ტექნოლოგიურიუნივერსიტეტისა და რიგმა მკვლევრებმა აღმოსავლური ფერადი რქაცხვირისებრების კონცერვაციის პროექტი შეადგინეს, რომელიც Anthracoceros albirostris-ის გამრავლების ხელშეწყობასა და აღდგენას ისახავს მიზნად. ეს სახეობა სინგაპურში გადაშენდა, მაგრამ შემდეგ პულაუ უბინისა და ჩანგის მიდამოებში ხელახლა გამოჩნდა.[4][5]

რქაცხვირისებრებს ბუდისთვის ხეების ფუღუროების სჭირდებათ. თუმცა მდედრი რქაცხვირისებრებისა და მათი პატარა ნაშიერების დაბუდებისთვის საკმარისი ზომის ხის ფუღუროები სინგაპურისთვის არ არის დამახასიათებელი. პროექტის ფარგლებში ხელოვნური ბუდე-ყუთები პულაუ უბინისა და ჩანგის მიდამოებში წარმატებით განთავსდა. ყუთების შიგნით ვიდეოკამერებიც მოათავსეს, რათა ამ სახეობის წარმომადგენელთა ქცევა და გამრავლების მახასიათებლები უფრო კარგად შეისწავლონ.

ზღვის ცხენთა მონიტორინგის პროექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის მაისში ეროვნული ბიომრავალფეროვნების ცენტრმა ეროვნული პარკების საბჭოს მოხალისეებთან და ბუნების დაცვის ჯგუფებთან (Wild Singapore და TeamSeaGrass) ერთად რამდენიმე ადგილას, მათ შორის პულაუ უბინის ტერიტორიაზე კონსერვაციის მიზნით ზღვის ცხენთა (Hippocampus kuda) და Syngnathoides biaculeatus-ის პოპულაციის მონიტორინგის პროექტი წამოიწყო. მონაცემები პოპულაციის ზომის, ინდივიდთა ზრდის სიხშირისა და ბუნებრივ ჰაბიტატებში გადაადგილების დასადგენად გამოიყენება.

ადგილობრივი ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამპონგის ტიპის სახლი

კუნძულის ვიზიტორთა რაოდენობა წლების მანძილზე იზრდება. პულაუ უბინის რეკრეაციული სივრცე, რომელიც ჩეკ იავასაც შეიცავს, ადგილობრივი ტურისტებისთვის შეიქმნა. ტურისტული დანიშნულების ადგილი 1020 ჰექტარი პულაუ უბინის შიგნით, 700 ჰექტარზეა განთავსებული.

კუნძულის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ჩეკ იავა. შეიძლება ითქვას, რომ 5000 წლის წინანდელი მარჯნის რიფი შედარებით ხელშეუხებელია და სხვა კუნძულებთან შედარებით ზღვის ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნებით გამოირჩევა,მათ შორის: ზღვის ცხენებით, ასციდიებით, რვაფეხებით, ზღვის ვარსკვლავებით, ღრუბლებითა და შიშველლაყუჩა მოლუსკებით.

კუნძულზე მდებარე ფო შან ტინგ და ბო გონგის ტაძარიც ხშირად მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა.

სამთო ველოსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე ველოსიპედების ბევრი მაღაზია და კაფეა

პულაუ უბინში სინგაპურის სამთო ველობილიკებიდან ერთ-ერთი მდებარეობს: კეტამის სამთო ველო-პარკი 2007 წელს აიგო.[6] ბილიკი დაახლოებით 8 კმ სიგრძისაა და რელიეფის სხვადასხვა ფორმას მოიცავს, დაწყებული ღია მდელოებიდან, დამთავრებული გაუვალი ჯუნგლებით. ბილიკზე რამდენიმე ციცაბო, მაგრამ დაბალი კლდე მდებარეობს. ბილიკი კარგადაა მონიშნული მიმთითებელი ნიშნებით, რომლებიც ყოველი სექციის სირთულის დონეზე მიუთითებს.

სამთო ველოსიპედისტთა უმრავლესობა საკუთარი ველოსიპედებით მოგზაურობს. გარდა სათავგადასავლო სამთო ველოტურებისა, პულაუ უბინი რეკრეაციული მიზნებით მოგზაურებს სამთო ველოსიპედების ფართო არჩევანს სთავაზობს, რომელთა დაქირავება ჩამოსვლისთანავეა შესაძლებელი. კუნძულის გარშემო მოგზაურობისას ბუნებრივი სილამაზეებისა და მშვენიერი ტბების ნახვაა შესაძლებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chua Ee Kiam (2000), Pulau Ubin – Ours to Treasure, Simply Green, Singapore. ISBN 981-04-3088-4
  • Victor R Savage, Brenda S A Yeoh (2003), Toponymics – A Study of Singapore Street Names, Eastern Universities Press, ISBN 981-210-205-1

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ubin–Khatib. Important Bird Areas factsheet. BirdLife International (2014). ციტირების თარიღი: 18 March 2014.
  2. Media Factsheet A: About Pulau Ubin (30 November 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 December 2015.
  3. Legends of Pulau Ubin. Wild Singapore. ციტირების თარიღი: 19 August 2007.
  4. Hornbill Conservation Project დაარქივებული 31 January 2010 საიტზე Wayback Machine.
  5. Sudden increase in Singapore’s hornbill population დაარქივებული 10 June 2010 საიტზე Wayback Machine.
  6. http://kentridge.eaglet.org/2007/11/16/rock-n-roll-garden/