შინაარსზე გადასვლა

ტოდორ კაბლეშკოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოდორ კაბლეშკოვი
მშობლიური სახელი ბულგ. Тодор Каблешков
დაბადების თარიღი 13 იანვარი 1851
კოპრივშტიცა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 16 ივნისი 1876 (25 წლის)
გაბროვო ოსმალეთის იმპერია
ეროვნება ბულგარელი
ქვეშევრდომობა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
პროფესია რევოლუციონერი

ტოდორ კაბლეშკოვი (ბულგ. Todor Kableshkov, სრული სახელი Todor Lulchov Kableshkov;  დ. 13 იანვარი, 1851, კოპრივშტიცა, ოსმალეთის იმპერია — გ. 16 ივნისი, 1876, გაბროვო, ოსმალეთის იმპერია) — ბულგარელი რევოლუციონერი,  ბულგარეთის 1876 წლის აპრილის აჯანყების მონაწილე.[1]

დაიბადა 1851 წლის 13 იანვარს ოსმალეთის იმპერიის ქალაქ კოპრივშტიცაში (ახლანდელი ბულგარეთი, სოფიის ოლქი), ლულჩო დონჩოვ კაბლეშკოვისა და მისი მეუღლის, სტოიკას მდიდარ ოჯახში.

ტოდორი ძალიან იყო მიჯაჭვული დედაზე, რომელიც ადრე გარდაიცვალა. მას ხუთ და-ძმასთან ერთად განათლებული მამიდა პენა უვლიდა. მოგვიანებით მამა დაქორწინდა ანა გრიგოროვაზე, რომელთანაც ტოდორს კარგი ურთიერთობა ჰქონდა.[2]

ტოდორ კაბლეშკოვი

თავდაპირველად ბიჭი სწავლობდა მშობლიურ კოპრივშტიცაში, სადაც მასწავლებლებს შორის იყო ხარიტონ გრუევი, ცნობილი ბულგარელი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის იოაკიმ გრუევის ძმა. ტოდორი ბეჯითი და გულმოდგინე სტუდენტი იყო.1864 წლის ბოლოს მამამ ის და მისი უმცროსი ძმა ცოკო პლოვდივში მიიყვანა პრესტიჟულ ეპარქიულ სკოლაში, სადაც თავად იოაკიმ გრუევი ასწავლიდა. იქ  წააწყდა თურქების მკაცრ დამოკიდებულებას ბულგარელების მიმართ, ერთხელ სასტიკად სცემეს. ტოდორის საჩივრის საპასუხოდ მას მხოლოდ ურჩიეს, თურქეთის რეგიონებში არ გაევლო. 1867 წელს თოდორი ავად გახდა და მამამ  სახლში წაიყვანა, სადაც სწავლა კერძო გაკვეთილების საშუალებით გააგრძელა. ამის შემდეგ  მშობლებმა ბიჭი გაგზავნეს სასწავლებლად კონსტანტინოპოლის პრესტიჟულ გალათასარაის ლიცეუმში, შემდეგ კი — გალათას პრესტიჟულ სასწავლებელ Metep Sultani-ში. კონსტანტინოპოლში ტოდორი შეუერთდა პეტკო სლავეიკოვის წრეს, სადაც პირველად გაეცნო ლიუბენ კარაველოვის ზოგიერთ ნაწარმოებს. დაინტერესდა ფრანგული და რუსული ლიტერატურით, სლავეიკოვის ძლიერი გავლენით ცდილობდა ლექსების წერას.

ტოდორ კაბლეშკოვის სახლ-მუზეუმი

1871 წელს ტოდორი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. ამ მომენტიდან დაიწყო მისი რევოლუციური მოღვაწეობა. მეწაღე პეტკო ბოიაჯიევ-კუნდურჯიატოვთან და მასწავლებელ ნაიდენ პოპსტოიანოვთან ერთად, 1871 წლის მაისში დასკალ პოპსტოიანოვმა დააარსა ქალთა საზოგადოება „ხარება“, რომლის თავმჯდომარე  ტოდორ კაბლეშკოვის დედა გახლდათ .  ვასილ ლევსკისთან შეხვედრამ, რომელიც კოპრივშტიცაში 1871 წლის დეკემბრის ბოლოს ჩავიდა,  დიდი გავლენა მოახდინა ტოდორზე, როგორც რევოლუციონერზე.[3] კაბლეშკოვი გადავიდა ედირნეში. იქ ისწავლა ტელეგრაფზე მუშაობა ქალაქის რკინიგზის სადგურზე და რევოლუციური წრე ჩამოაყალიბა. პლოვდივში ტელეგრაფისტად მუშაობდა  რუმელის რკინიგზაზე, შემდეგ —ქალაქ ბელოვოს სადგურზე და მალე  მის უფროსად დაინიშნა. პარალელურად, ტოდორ კაბლეშკოვი მოგზაურობდა ახლომდებარე სოფლებში,  ხვდებოდა მოსახლეობას და ეწეოდა აგიტაციას მათ ჩასართავად რევოლუციურ მოძრაობაში. ტოდორ კაბლეშოვმა  1875 წელს მონაწილეობა მიიღო სტაროზაგორსკის აჯანყების მომზადებაში.

1875 წლის გაზაფხულზე კაბლეშკოვი გადადგა სადგურის უფროსის პოსტიდან და დასახლდა ქალაქ პაზარჯიკში. როგორც სატყეო მასალების ვაჭარი, იგი მოგზაურობდა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის სოფიაში, სამოკოვსა და პიროტში, რის შედეგად გაჩნდა  რევოლუციური განწყობები ბულგარელებში. 1875 წლის შემოდგომაზე მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და კვლავ დაბრუნდა მშობლიურ კოპრივშტიცაში. იქ შეიტყო ზაგორის აჯანყების სამწუხარო დასასრულის შესახებ. ამის შემდეგ ტოდორ კაბლეშოვი კიდევ უფრო აქტიურად ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. მან გაიცნო მასწავლებლები — მარია ბულგაროვა და ელამპია ვეკილოვა— სწორედ მათ მოქარგეს მომავალი აჯანყებულების დროშა.

1875 წლის შემოდგომაზე, სტარა ზაგორის აჯანყების დასრულების შემდეგ, გიურგიაში შეიკრიბნენ გამოჩენილი რევოლუციონერი მოღვაწეები ახალი აჯანყების დასაგეგმად, რომელიც მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო. ცენტრალური რევოლუციური კომიტეტის დამფუძნებლებმა ბულგარეთის ტერიტორია დაყვეს ოთხ რევოლუციურ ოლქად, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ორგანიზატორები — „მოციქულები“.  აჯანყების ორგანიზატორება ვერ გამოიჩინეს სიფრთხილე. ინფორმაცია სოფელ კოპრივშტიცაში აჯანყების მომზადების შესახებ ცნობილი გახდა თურქებისთვის  და დაიწყო დაპატიმრებები. თავდაპირველად, თურქებმა ვერ შეაფასეს შეთქმულების მასშტაბები და ჯარისკაცების მხოლოდ მცირე რაზმი გაგზავნეს კოპრივშტიცაში. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა თანდათანობით იზრდებოდა. 1876 ​​წლის 21 აპრილს აჯანყებამ მოიცვა 32 ბულგარული დასახლება. 22 აპრილს დაიწყო პირველი სერიოზული ბრძოლები თურქებთან, რომელიც გაგრძელდა 1876 წლის ივლისის ბოლომდე —1876 წლის 31 ივლისს აჯანყებულთა რაზმების ბოლო მეთაური სიდერ გრინჩაროვი თურქულ რაზმთან ბრძოლაში დაიღუპა.

ტოდორ კაბლეშკოვის მონუმენტი სოფიაში

1 მაისს რაზმმა ტოდორ კაბლეშკოვის მეთაურობით გადაწყვიტა ბალკანეთის მთების გავლით რუმინეთში გაქცევა. 8 მაისს მის რაზმში ოთხი ადამიანი იყო დარჩენილი — თავად ტოდორი, ნაიდენ სტოიანოვი, გეორგი ტურნევი და სტეფან პოჩეკოვი. მათი დატყვევებისთვის ჯილდო იყო დაწესებული. მდინარე როგაჩოვთან მათ მოულოდნელად თურქები  დაესხნენ თავს, დაიწყო შეტაკება. მოკლეს გეორგი ტურნევი და სტეფან პოჩეკოვი, ტყვედ აიყვანეს ტოდორ კაბლეშკოვი და ნაიდენ სტოიანოვი. ტყვეები წაიყვანეს ქალაქ ტროიანში, შემდეგ კი ლოვეჩში, სადაც ციხეში აწამეს. 3 ივნისს გადაიყვანეს  ველიკო- ტარნოვოში, შემდეგ  — პლოვდივში,  სასამართლოზე წარსადგენად. გაბროვოში კოლონის ერთ-ერთი გაჩერებისას 1876 წლის 16 ივნისს კაბლეშკოვმა ისარგებლა ერთ-ერთი მცველის უყურადღებობით, რევოლვერი წაართვა და თავი მოიკლა.

მეორე დღეს გაბროვოს ეპისკოპოსის თხოვნით თურქებმა კაბლეშოვის ცხედარი ბულგარელებს გადასცეს. 1883 წელს თოდორ კაბლეშკოვის ნეშტი გამოასვენეს და დაკრძალეს კოპრივშტიცაში, ქალაქ აპრილცის მავზოლეუმში. კოპრივშტიცაში კაბლეშკოვის სახლში ამჟამად მუზეუმია.[4][5]

  • Свинтила, Владимир. Етюди по Народопсихология на Българина. София, Изток-Запад, 2007. ISBN 978-954-321-292-7. . გვ. 285
  1. MacDermott, Mercia (1962) A History of Bulgaria 1395–1885. New York: Frederick A. Praeger. pp. 252-256. Retrieved 22 June 2021 – via Internet Archive.
  2. Perry, Duncan M. (1993). Stefan Stambolov and the Emergence of Modern Bulgaria, 1870-1895. Duke University Press. p. 31. ISBN 0-8223-1313-8.
  3. Сапунджиев, Е., съставител. „Юбилеен сборник по миналото на Копривщица“. Непубликувани писма на Тодор Л.Каблешков и Найден Попстоянов. 1926 г. (ბულგ.)
  4. Bousfield, Jonathan; Dan Richardson (2002). The Rough Guide to Bulgaria. Rough Guides. p. 1858288827. ISBN 0-8223-1313-8.
  5. Списание „Училищен преглед“. януари, февруари и март 1923 г.. с. 135. (ბულგ.)