სატანას სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სატანას სოკო
Boletus satanas.JPG
სატანას სოკო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  რუბრობოლეტუსი
სახეობა:  სატანას სოკო
ლათინური სახელი
Rubroboletus satanas (Lenz) Kuan Zhao & Zhu L. Yang (2014)

სატანას სოკო (ლათ. Rubroboletus satanas; 2014 წლამდე Boletus satanas) — სოკოს სახეობა ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას.

ძლიერ შხამიანი სოკოა, რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, მათ შორის, ფაღარათს, გულისრევას, ძლიერ პირღებინებას. იზრდება ნათელ ფოთლოვან ტყეებში მუხასთან, წიფელთან, რცხილასთან, თხილთან, წაბლთან, ცაცხვთან, რომლებთანაც ერთად მიკორიზას წარმოქმნის.

სატანას სოკო აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა ჰარალდ ოთმარ ლენცმა 1831 წელს, რომელმაც მისცა მას ავისმომასწავლებელი სახელი.[1] 2014 წელს სატანას სოკო გადატანილი იქნა რუბრობოლეტუსის გვარში.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus satanas Lenz (1831) basionym
  • Suillus satanas (Lenz) O.Kuntze (1898)
  • Tubiporus satanas (Lenz) Maire (1937)
  • Boletus crataegi Smotl. (1952)
  • Boletus crataegi (Smotl.) Hlavácek
  • Suillellus satanas (Lenz)
  • Rubroboletus satanas f. crataegi  Mikšík 2015)

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი 8-25 სმ (30 სმ-მდე) აღწევს. ქუდს ნახევრადსფეროსებრი და მომრგვალო-ბალიშისებრი ფორმა აქვს, ხორცოვანია, მოთეთრო, მონაცისფრო, ტალახისფერ-მონაცისფრო, ზეთისხილისფერ-მონაცისფრო, ზოგჯერ მოყვითალო და ჟანგმიწა ელფერით, ზოგჯერ მომწვანო ან მოყვითალო-მოვარდისფრო ჩანაცვლებით.

რბილობი თეთრი ან მოყვითალოა. გაჭრისას ლურჯდება ან წითლად იღებება. ფეხში მოწითალოა. ნორჩობაში ახასიათებს სუსტად გამოხატული სუნი, ხოლო სიმწიფეში ან დიდხნიანი შენახვის შემთხვევაში ლეშის ან დამპალი ხახვის სუნი.[3]

მილაკოვანი შრე მოყვითალოა, მოგვაინებით ზეთისხილისფერ-ყვითელი, მომწვანო-ყვითელი, ფორები წვრილი, მოყვითალო, მოგვიანებით ნარინჯისფერი, კარმინისფერ-წითელი, წითელ-ზეთისხილისფერი ან მურა-წითელი. ხელის დაჭერისას ლურჯდება.

ფეხის სიმაღლე 5-15 სმ აღწევს, ხოლო სისქეში 3-10 სმ-ს; ჯერ კვერცხისებრი ან სფეროსებრია, შემდეგ კასრისებრი და სხვა ფორმის, მკვრივია, ზედა მხარეს მოყვითალო-წითელია, შუაში — კარმინისფერ-წითელი ან ნარინჯისფერ-წითელი, ძირისკენ — მომურო-ყვითელი. ქუდისკენ ახასიათებს, წითელი, მომრგვალო ყულფებიანი ბადე.[4]

სპორული ფხვნილი ზეთისხილისფერი ან მოყავისფრო-ზეთისხილისფერია. სპორების ზომებია 11-15×4-7 მკმ.

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატანას სოკო გვხვდება ნათელ ფოთლოვან ტყეებში მუხასთან, წიფელთან, რცხილასთან, თხილთან, წაბლთან, ცაცხვთან,[5][6] რომლებთანაც ერთად მიკორიზას წარმოქმნის, დიდწილად, კირქვიან ნიადაგზე. სითბოსმოყვარულია.

სატანას სოკო გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ევროპაში. სატანას სოკო გვხვდება საქართველოშიც, თუმცა ჩვენში საჭმელად არ ხმარობენ.[4] სატანას სოკო შესულია პოლონეთის,[7] ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, გერმანიის, დანიის, სლოვაკეთის, ფინეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, ესტონეთისა და ინგლისის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[8]

სეზონიივნისი-სექტემბერი.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოქსიკურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატანას სოკო შხამიანია, როგორც უმი ისე მომზადებული. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, მათ შორის, ფაღარათს, გულისრევას, ძლიერ პირღებინებას, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 6 საათი.[9][10][11][12] დამახასიათებელია ნერვული სისტემის, ელენთისა და ღვიძლის სერიოზული ტოქსიკური დაზიანება. დაუმუშავებელი სოკოს მიღების შედეგად ვითარდება უწყვეტი პირღებინება. აგრეთვე, ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ცნობიერების დაბურდულობა, კიდურების პარალიჩი, თავის ტკივილი.[13] სოკოთი გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

საკვებად გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელმა მიკოლოგმა ჯონ რამსბოტომმა 1953 წელს განაცხადა, რომ სატანას სოკოს საკვებად ხმარობენ იტალიის ზოგიერთ რაიონსა და ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში.[14] არსებობს ცნობები, რომ ამ რეგიონში სატანას სოკოს დიდხნიანი დუღილის შემდეგ მიირთმევენ, რაც გარკვეულწილად ახდენს ტოქსინების ნეიტრალიზებას, თუმცა აღნიშნული ფაქტი დღემდე მეცნიერულად დადასტურებული არ არის.

ამას გარდა, ცნობილია, რომ სან-ფრანცისკოს უბის არეალის ფარგლებში სატანას სოკოს მიირთმევენ რეგულარულად რაიმე სახის გართულებების გარეშე.[15] თუმცა, სოკო, რომელსაც ამ რეგიონში მოიხმარენ, შესაძლოა შეცდომით იყოს იდენტიფიცირებული როგორც სატანას სოკო. ძველ მიკოლოგიურ ლიტერატურაში იგი სასიკვდილოდ შხამიან სოკოდაა მოხსენიებული.[16]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Harald Othmar Lenz: „Die nützlichen und schädlichen Schwämme“, Editura Beckersche Buchhandlung, Gotha 1831, p. 67-73 [1]
  2. K. Zhao & Z. L. Yang: „A new genus, Rubroboletus, to accommodate Boletus sinicus and its allies”, în: „Phytotaxa”, vol. 188, nr. 2, 2014, p. 67
  3. Pavol Škubla, Wielki atlas grzybów, Poznań: Elipsa, 2007, ISBN 978-83-245-9550-1.
  4. 4.0 4.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 71, ISBN 99940-856-1-1.
  5. Galli R. (2007). I Boleti. Atlante pratico-monographico per la determinazione dei boleti (in Italian) (3rd ed.). Milano, Italy: Dalla Natura.
  6. Muñoz JA. (2005). Fungi Europaei 2: Boletus s.l. Italy: Edizioni Candusso. ISBN 978-88-901057-6-0.
  7. Zbigniew Mirek, Kazimierz Zarzycki, Władysław Wojewoda, Zbigniew Szeląg, Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006, ISBN 83-89648-38-5.
  8. Władysław Wojewoda, Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, ISBN 83-89648-09-1.
  9. North, Pamela (1967). Poisonous Plants and Fungi in colour. Blandford Press & Pharmacological Society of Great Britain.
  10. Brensinsky A, Besl H. (1990). A colour atlas of poisonous fungi. Wolfe Publishing Ltd, London. 295 p.
  11. Spoerke DG, Rumack BH (eds). (1994). Handbook of mushroom poisoning: diagnosis and treatment. CRC Press, Boca Raton.
  12. Berger KJ, Guss DA. (2005). Mycotoxins revisited: Part I. J Emerg Med 28:53.
  13. სატანას სოკო — Rubroboletus satanas
  14. Ramsbottom J (1953). Mushrooms & Toadstools. Collins, გვ. 53–54. ISBN 1-870630-09-2. 
  15. Thiers HD (1975). California Mushrooms – A Field Guide to the Boletes. New York: Hafner Press. p. 58. ISBN 0-02-853410-7.
  16. სატანას სოკო — Rubroboletus satanas