შინაარსზე გადასვლა

რუდოლფ ფირკუშნი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუდოლფ ფირკუშნი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 11 თებერვალი, 1912
დაბ. ადგილი ნაპაჯედლა, მორავია
წარმოშობა ჩეხი
გარდ. თარიღი 19 ივლისი, 1994 (82 წლის)
გარდ. ადგილი შტატსბურგი, ნიუ-იორკი
დასაფლავებულია ბრნოს ცენტრალური სასაფლაო
ეროვნება ჩეხები[1]
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
რუდოლფ ფირკუშნი ვიკისაწყობში

რუდოლფ ფირკუშნი (ჩეხ. Jaromír Weinberger; დ. 11 თებერვალი, 1912, ნაპაჯედლა, მორავია – გ. 19 ივლისი, 1994, შტატსბურგი, ნიუ-იორკი) — მორავიაში დაბადებული, მორავიელ-ამერიკელი კლასიკური პიანისტი.

რუდოლფ ფირკუშნი 1912 წლის 11 თებერვალს დაიბადა მორავიის ქალაქ ნაპაჯედლაში. მან მუსიკალური განათლება მიიღო კომპოზიტორებთან ლეოშ იანაჩეკთან და იოზეფ სუკთან და პიანისტ ვილემ კურცთან. მოგვიანებით მან სწავლა განაგრძო ლეგენდარულ პიანისტებთან ალფრედ კორტოსთან და არტურ შნაბელთან. მან კონცერტებზე გამოსვლა დაიწყო 1920-იან წლებში და მისი დებიუტი შედგა ლონდონში 1933 წელს, ხოლო ნიუ-იორკში 1938 წელს. 1939 წელს ნაცისტებისგან თავის დასაღწევად, გაიქცა პარიზში, მოგვიანებით დასახლდა ნიუ-იორკში და საბოლოოდ გახდა აშშ-ის მოქალაქე.[2]

მას ჰქონდა ფართო რეპერტუარი და ოსტატურად ასრულებდა მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის, შუმანის, შოპენის. ბრამსის, მუსორგსკისა და დებიუსის ნაწარმოებებს. თუმცა, ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა ჩეხი კომპოზიტორების ბედრჟიხ სმეტანას, ანტონინ დვორჟაკის, იანაჩეკისა და ბოჰუსლავ მარტინის ნაწარმოებების შესრულებით. ფირკუშნს განსაკუთრებით მოსწონდა დვორჟაკის ერთადერთი საფორტეპიანო კონცერტი, რომელსაც ის უკრავდა სხვადასხვა დირიჟორებთან და ორკესტრებთან ერთად მთელს მსოფლიოში.

ფირკუშნი ხშირად უკრავდა სხვებთან ერთად პატარა ჯგუფებში. მის ყველაზე გამოჩენილ პარტნიორებს შორის იყვნენ ვიოლონჩელისტები პიერ ფურნიე, გრეგორ პიატიგორსკი, იანოს სტარკერი და ლინ ჰარელი. მევიოლინეები ნათან მილშტეინი და ერიკა მორინი; ვიოლისტები უილიამ პრაიმროუზი. მას ასევე დაუკრავს თანამედროვე კომპოზიტორების კონცერტებზე, როგორიცაა: ჰოვარდ ჰანსონი, ჯან კარლო მენოტი, სამუელ ბარბერი და ალბერტო ჯინასტერა.

ფირკუშნი ასწავლიდა ჯულიარდის სკოლაში ნიუ-იორკში, ასევე ბერკშირის მუსიკალურ ცენტრში ტანგლვუდში. მის სტუდენტებს შორის იყვნენ იეფიმ ბრონფმანი, ედუარდ ჰალიმი, ალან ვაისი, სარა დევის ბიუხნერი, კარლაილ ფლოიდი, კეტრინ სელბი, ავნერ არადი, ჯუნ დე ტოტი, რიჩარდ ციონკო, რობინ მაკკეიბი, ანა ლორენსი, ნატასა ველკოვიჩი და კარლო გრანტი. თავის სამშობლოში კომუნისტური ხელისუფლების დაცემის შემდეგ (1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუცია“), ფირკუშნი დაბრუნდა ჩეხოსლოვაკიაში პირველად 40 წლის შემდეგ კონცერტისთვის.

ფირკუშნიმ 1992 წლის 18 მაისს პრაღაში, მევიოლინე იოზეფ სუკთან ერთად დაუკრა დვორჟაკ-იანაჩეკ-ბრამს-ბეთჰოვენის სონატის სრული რეციტალი. მან მხოლოდ ორჯერ დაუკრა პრაღის გაზაფხულის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, ჯერ 1946 წელს შეასრულა დვორჟაკის საფორტეპიანო კონცერტი, ხოლო 1990 წელს მან დაუკრა მარტინის მეორე საფორტეპიანო კონცერტი.

ფირკუშნიმ მიიღო დიდი შექება თავისი კოლეგისგან, ვლადიმერ ჰოროვიცისგან, რომელმაც ერთხელ წამოიძახა: „რუდოლფ ფირკუშნის შუბერტის დაკვრა შეუძლია, რა თქმა უნდა. მე გავიგონე ის რადიოში ამ შუადღისას... უკრავდა სამ Klavierstücke-ს. მშვენიერია!“[3]. ფორტეპიანოს მასწავლებელმა და კრიტიკოსმა დევიდ დუბალმა ფირკუშნის უწოდა „მეოცე საუკუნის გამორჩეული ჩეხი პიანისტი“.[4]

1990 წელს ფირკუშნიმ მიიღო პრაღის კარლის უნივერსიტეტის დამსახურებული დოქტორის წოდება. მოგვიანებით, 1993 წელს, მან მიიღო დოქტორის წოდება ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტიდან და იანაჩეკის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიიდან.

ფირკუშნი გარდაიცვალა შტატსბურგში, ნიუ-იორკში 1994 წელს.[5] მას დარჩა ვაჟი, იგორ ფირკუშნი და ქალიშვილი, ვერონიკე ფირკუშნი კალეგარი, რომელიც არის ბარნარდის კოლეჯის კურსდამთავრებული და ჯილდოს მფლობელი მთარგმნელი.[6][7]

2007 წელს მისი და მისი მეუღლის, ტატიანა ნევოლოვა ფირკუშნი, ფერფლი ერთად დაკრძალეს საპატიო ადგილას, ბრნოს ცენტრალურ სასაფლაოზე, მის პირველ მასწავლებელთან, იანაჩეკთან ახლო. 2012 წელს, მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბრნოს იანაჩეკის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიამ ჩაატარა დიდი ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მისმა ბევრმა ყოფილმა კურსდამთავრებულმა ჯულიარდის სკოლიდან. 2013 წელს პრაღის საგაზაფხულო ფესტივალმა დააარსა რუდოლფ ფირკუშნოს სახელობის ფორტეპიანოს ფესტივალი.

  • Beith, Richard; Melville-Mason, Graham: Rudolf Firkusny. Essex: The Dvořák Society, 1999. ISBN 0-9532769-0-2
  • Dubal, David: Reflections from Keyboard: The World of the Concert Pianist. New York: Summit Books, 1984. ISBN 0-671-49240-3
  • Mach, Elyse: Great Contemporary Pianists Speak for Themselves. New York: Dover Publications, 1991. ISBN 0-486-26695-8
  • Marcus, Adele: Great Pianists Speak. Neptune, New Jersey: Paganiana Publications, 1979. ISBN 0-87666-617-9
  • Noyle, Linda J.: Pianists on Playing. Maryland: The Scarecrow Press, 1987, reprint 2000. ISBN 0-8108-3889-3
  • Schonberg, Harold C.: The Great Pianists. New York: Simon and Schuster, 1987, 1963. ISBN 0-671-64200-6
  • Šafařík, Jiří: Rudolf Firkušný. Brno: Universitas Masarykiana, 1994. ISBN 80-85834-10-3
  • Vrkočová, Ludmila: Slovníček hudebních osobností. 1999. ISBN 80-901611-5-4

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Databáze Vojenského historického archivu
  2. Whitney, Craig R., "Rudolf Firkusny Once Again Plays In Czechoslovakia". The New York Times, May 29, 1990.
  3. Dubal, David, Evenings with Horowitz: A Personal Portrait, Amadeus Press, 1991, p. 101.
  4. Dubal, David, The Art of the Piano, A Harvest Book, 1995, p. 80.
  5. Oestreich, James R. (July 20, 1994). „Rudolf Firkusny, an Elegant and Patrician Pianist, Is Dead at 82“. The New York Times.
  6. Remembering Rudolf Firkusny en (2012-06-20). ციტირების თარიღი: 2020-11-15
  7. Nineteen PEN Translates awards go to titles from fifteen countries and thirteen languages en-GB. ციტირების თარიღი: 2020-11-15