პლანეტური ნისლეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოკოკინას ნისლეული. (ავტორი: დავით დვალი, ფოტო გადაღებულია თბილისიდან)
პლანეტური ნისლეული NGC 6326, რომელიც განათებულია ორმაგი ცენტრალური ვარსკვლავით [1]

პლანეტური ნისლეული (შემოკლებით პნ) — ემისიური ნისლეულის ტიპი, რომელიც მოიცავს წითელი გიგანტი ვარსკვლავების მიერ გამოტყორცნილ იონიზირებულ გაფართოებად მნათ გარსს.[2] სიტყვა nebula ლათინურად ღრუბელს ან ნისლეულს ნიშნავს და ტერმინი „პლანეტური ნისლეული“ არასწორადაა შერჩეული, რომელიც 1780-იანებში ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა შემოიღო, რადგან როდესაც იგი თავისი ტელესკოპით უყურებდა მათ, ეს ობიექტები ძალიან ჰგავდა პლანეტების მომრგვალებულ ფორმებს. ჰერშელის მიერ დარქმეული ეს სახელი საკმაოდ გავრცელდა და დღემდე არ შეცვლილა.[3][4] ისინი შედარებით მცირეხნიანი ფენომენებია, რომლებიც რამდენიმე ათეული ათასი წელიწადი გრძელდება. მცირეხნიანი იმიტომ, რომ ვარსკვლავების სიცოცხლე მილიარდობით წლებში იზომება.

მიჩნეულია, რომ უმეტესი პლანეტური ნისლეულის წარმოქმნის მექანიზმი არის შემდეგი: ვარსკვლავის სიცოცხლის დასასრულს, წითელი გიგანტის ფაზაში, მისი გარე ფენები ძლიერი ვარსკვლავური ქარების წყალობით ეცლება. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც წითელი გიგანტის ატმოსფეროს უმეტესი ნაწილი გაიბნევა, ღიად დარჩენილი ცხელი და კაშკაშა ბირთვი ულტრაიისფერ რადიაციას ასხივებს, რის შედეგადაც ვარსკვლავის გამოტყორცნილ გარე ფენებს აიონიზირებს.[2] შთანთქმული ულტრაიისფერი სინათლე ენერგიას აძლევს ცენტრალური ვარსკვლავის გარშემო არსებული ნისლეულის გაზს და ჩანს, როგორც კაშკაშა ფერადი პლანეტური ნისლეული რამდენიმე დისკრეტულ ხილულ ტალღის სიგრძეში.

პლანეტური ნისლეული შესაძლოა გადამწყვეტ როლს თამაშობდეს „ირმის ნახტომის“ ქიმიურ ევოლოციაში, რადგან აბრუნებს მატერიას ვარსკვლავთშორის სივრცეში ვარსკვლავებიდან, სადაც ელემენტები, ნუკლეოსინთეზის პროდუქტები (ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი და ნეონი), წარმოიქმნება. პლანეტური ნისლეულები სხვა ბევრად შორ გალაქტიკებშიც დაიმზირება, რაც სასარგებლო ინფორმაციას იძლევა მათ ქიმიურ შედგენილობაზე.

ბოლო წლებში ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა ცხადყო, რომ პლანეტურ ნისლეულებს უკიდურესად რთული და ცვალებადი მორფოლოგიები აქვს. დაახლოებით 1/5 არის უხეშად სფერული, მაგრამ უმრავლესობა არ არის სფერულად სიმეტრიული. მექანიზმი, რომელიც წარმოქმნის ამ ფორმებისა და მახასიათებლების მრავალფეროვნებას, ჯერ კარგად შესწავლილი არ არის, მაგრამ შესაძლოა ორმაგი ცენტრალური ვარსკვალვები, ვარსკვლავური ქარები და მაგნიტური ველები დიდ როლს თამაშობს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]