შინაარსზე გადასვლა

ჯუჯა ვარსკვლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
GJ 1214 — ტიპური წითელი ჯუჯა ვარსკვლავი. მხატვრული წარმოდგენა
ჯუჯა ვარსკვლავთა კლასიფიკაცია

ჯუჯა ვარსკვლავი — შედარებით პატარა ზომისა და დაბალი ნათების მქონე ვარსკვლავი. მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა უმეტესობა ჯუჯა ვარსკვლავებია. ტერმინი პირველად 1906 წელს გამოიყენეს, როდესაც დანიელმა ასტრონომმა ეინარ გერცშპრუნგმა შენიშნა, რომ ჰარვარდის სქემაში K და M კლასიფიკაციის ვარსკვლავები შესაძლებელი იყო დაყოფილიყო ორ განსხვავებულ ჯგუფად. ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით, ასტრონომმა მათ „გიგანტები“ და „ჯუჯები“ უწოდა.[1] ჯუჯა ვარსკვლავები მზეზე მკრთალებია, გიგანტები კი კაშკაშები. ამჟამად, ვარსკვლავთა უმეტესობა კლასიფიცირებულია მორგან-კინანის სისტემით; გამოიყენება ასოები O, B, A, F, G, K და M — მიმდევრობა ცხელიდან ცივი ვარსკვლავებისაკენ, სადაც O-ტიპი ყველაზე ცხელია, M კი ყველაზე ცივი. ტერმინ „ჯუჯას“ გაგება მოგვიანებით გაფართოვდა და მოიცვა შემდეგიც:

  • ჯუჯა ვარსკვლავი როგორც წესი აღნიშნავს მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავს, რომლის ნათების კლასიც არის V.
  • ცისფერი ჯუჯა — ჰიპოთეტური კლასი ძალიან დაბალი მასის ვარსკვლავებისა, რომელთა ტემპერატურაც იზრდება სიცოცხლის მიწურულს, რის შემდეგაც ტოვებენ მთავარ მიმდევრობას.
  • თეთრი ჯუჯა — ვარსკვლავი, რომელიც შედგება ელექტრონ-დეგენერირებული მატერიისაგან; წარმოადგენს ბოლო საფეხურს იმ ვარსკვლავების ევოლუციისა, რომელთაც არასაკმარისი მასის გამო ნეიტრონულ ვარსკვლავად ან სუპერნოვად გადაქცევა ვერ შესძლეს; ასე ემართებათ დაახლოებით 9 მზის მასაზე ნაკლების მქონე ვარსკვლავებს.
    • შავი ჯუჯა — თეთრი ჯუჯამ, რომელიც იმდენად გაცივდა, რომ ხილვად სინათლესაც კი ვეღარ ასხივებს.
  • ყავისფერი ჯუჯა — სუბვარსკვლავური ობიექტი, არასაკმარისად მასიური იმისათვის, რომ წყალბადი ჰელიუმად გარდაქმნას, მაგრამ საკმარისად მასიური იმისათვის, რომ წარმოქმნას მძიმე წყალბადი (დეიტერიუმი). ამ ვარსკვლავების მასა დაახლოებით 0,08 მზის მასას ან 13 იუპიტერის მასას შეადგენს.