პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (მიუზიკლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
მუსიკა რიკარდო კოჩანტე
ტექსტები ლუკ პლამონდონი
დადგმები დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 1998
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 1999
დროშა: კანადა კანადა 2000
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო 2000
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 2001
დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2001
იტალიის დროშა იტალია 2001
დროშა: რუსეთი რუსეთი 2002
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 2008
დროშა: ბელგია ბელგია 2010
ჯილდოები გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიფრანგულ-კანადური მიუზიკლი ვიქტორ ჰიუგოს რომან პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიხედვით, რომლის დებიუტი შედგა 1998 წლის 16 სექტემბერს პარიზში. მიუზიკლის კომპოზიტორი არის რიკარდო კოჩანტე, მუსიკალური ტექსტების ავტორი კი ლუკ პლამონდონი.

პარიზული დებიუტის შემდეგ მიუზიკლი დაიდგა საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, კანადაში. მცირე ინგლისური ვერსია დაიდგა ლას ვეგასში 2000 წელს, ხოლო სრული ვერსია ლონდონში, რომელიც საკუთრივ ინგლისში ჩვიდმეტი თვის განმავლობაში სცენიდან არ ჩამოსულა. პოპულარული სიმღერები მიუზიკიდან, როგორიცაა „Belle“ (ლამაზმანი) და „Le Temps Des Cathédrales“ (კათედრალების ეპოქა), ითარგმნა ინგლისურ, კატალონიურ, იტალიურ, ესპანურ, რუსულ, ბელორუსულ, გერმანულ, ჩეხურ, პოლონურ, ლიტვურ ენებზე.

„გინესის რეკორდების წიგნის“ მიხედვით არის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მიუზიკლი, რომელიც დებიუტიდან პირველსავე წელს ყველაზე ბევრჯერ დაიდგა სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

დასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

I მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება ხდება პარიზში 1482 წელს. პოეტი გრენგუარი, რომელიც ერთსა და იმავე დროს არის მთხრობელიცა და მიუზიკლის პერსონაჟი, სცენაზე წარმოუდგენს აუდიტორიას, ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შენდებოდა კათედრალები („Le Temps des Cathédrales“).

უსახლკარო ლტოლვილები კლოპენის წინამძღოლობით, ცდილობენ პარიზში შეღწევასა, რათა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მოითხოვონ თავშესაფარი. ტაძრის არქიდიაკონი ფროლო მეფის მეისრეთა ჯარის კაპიტან ფებუსს მოსთხოვს გაფანტოს უსახლკაროთა ბრბო. მაშინ, როდესაც ფოებუსის მეომრები დევნიან უსახლკაროებს, ფოებუსი დაიჭერს მშვენიერ ბოშა ქალს, ესმერალდას (რომლის ცეკვა ადრეც აქვს ნანახი) და როგორც ჩანს აღტაცებული არის მისით. ესმერალდა უყვება მას (და აუდიტორიას) თავის შესახებ: თავის ბოშურ ისტორიასა და ოცნებების შესახებ („Bohemienne“). ბოშა ქალის დაპატიმრების მაგივრად ფოებუსი ესმერალდას გაუშვებს.

კლოპენი, რომელიც მეურვეობს რვა წლის ასაკში დაობლებულ ესმერალდას, არიგებს, რომ ბავშვი აღარ არის, მან მიაღწია იმ ასაკს, როდესაც უნდა იპოვოს სიყვარული („Esméralda, Tu Sais“). ბოშათა წინამძღოლი ესმერალდას ურჩევს იფრთხილოს, რადგან მამაკაცები არ არიან მისანდობნი.

ამის შემდეგ აუდიტორიას წარუდგება დიდგვაროვანი და მშვენიერი ფლორ დე-ლისი, რომელიც დანიშნულია ფოებუსზე („Ces Diamants-La“). თავისი სიყვერული მიჯნურის მიმართ ძლიერ ჰგავს რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულს.

იმხანად იმართება ხმაურიანი ხუმარების დღესასწაული („La Fete des Fous“), გრენგუარის თავმჯდომერეობით. ფესტივალი ბოლოვდება მასხრების ხელმწიფის გამოვლენით, რომელსაც ყველაზე მახინჯი სახე ექნება. გამარჯვებულს კი გვირგვინს ესმერალდა დაადგამს. ფესტივალზე მისული არის კუზიანი და მახინჯი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მნათე კვაზიმოდო, რომელსაც ერთსულოვნად აირცევენ მასხარების მეფედ. თუმცა, კვაზიმოდომ იცის, რომ ერთდრიანი ძალაუფლება საკმაირის არ არის იმისთვის, რათა საყვარელი ქალის (ესმერალდას) ყურადღება მიიქციოს („Le Pape des Fous“).

დღესასწაულს ჩაშლის ფროლო, რომელიც კვაზიმოდოს უბრძანებს მოატაცებინოს ესმერალდა იმავე ღამით, რათა შეძლოს მისი დაპატიმრება ჯადოქრობის ბრალდებით („La Sorciere“). ბავშვობაში უპატრონოდ მიტოვებული კვაზიმოდო („L'Enfant Trouve“), რომელიც ფროლომ აღზარდა და მისცა განათლება, თავს ვალდებულად ჩათვლის დასტანხმდეს არქიდიაკონს.

ღამეული პარიზის დანაშაულობებსა და საიდუმლოებებს კომენტარებს უკეთებს გრენგუარი („Les Portes de Paris“). ესმერალდას შესაპყრობად წასული კვაზიმოდო ვერ შეძლებს მის მოტაცებას, რადგან ფოებუსი და მისი ჯარი დააპატიმრებს კვაზიმოდოს დანაშაულის ჩადენისას. ფოებუსი თავის თავს წარუდგენს ესმერალდას და პაემანს დაუნიშნავს შემდეგ საღამოს კაბარეში „სიყვარულის მდელო“. დაპატიმრებულ კვაზიმოდოს ფოებუსი თან წაიყვანს, ესმერალდა კი გაუჩინარდება ღამის სიბნელეში.

„სასწაულების სასახლეში“, რომელიც არის სამოთხე პარიზელი უსახლკაროებისა და სადაც ადამიანები არიან თანასწორნი მიუხედავად რასისა, რწმენისა, კანის ფერისა და წარსულისა („La Cour des Miracles“), შემთხვევით მოხვედრილ გრინგუარს შეიპყრობს მოხეტიალეთა მეფე კლოპინი და მიუსჯის ჩამოხრჩობას თუ რომელიმე იქ მყოფი მანდილოსანი ცოლად არ მისთხოვდება მოხეტიალე პოეტს. გრენგუარის გადარჩენის მიზნით ესმერალდა დასთანხმდება მის ცოლობას (მხოლოდ ფორმალურად).

მოგვიანებით, როდესაც გრენგუარი და ესმერალდა მარტო დარჩებიან, იგი თავის თავს ესმერალდას წარუდგენს, როგორც „პარიზის ქუჩების პრინცს“ და არწმუნებს, გახდეს მისი მუზა. ესმერალდა გრენგუარისგან გებულობს, რომ ფოებუსი სიტყვა-სიტყვით ლათინურად ნიშნავს „მზეს“, „მზის ღმერთს“. ოცნებებით გატაცებული ესმერალდა ფოებუსს ადარებს მზეს სიმღერაში („Beau Comme le Soleil“), მას სცენაზე უერთდება ფლორ დე-ლისი. თითოეულს სჯერა, რომ ფოებუსს ისინი ეყვარება სიცოცხლის ბოლომდე.

თავად ფოებუსს ვერ გაუგია, რა სურს-ორივეს ცოლად მოყვანა თუ ერთის ცოლად მოყვანა და მეორის საყვარლად ყოლა („Déchiré“).

მომდევნო დილით ფროლო გრენგუარს დაიბარებს ეკლესიაში და შეკითხვებს დაუსვამს ესმერალდას შესახებ და აუკრძალავს მასთან შეხებას. გრენგუარი ცვლის საუბრის თემას უცნაურ ბერძნულ წარწერაზე მინიშნებით და ეკითხება ფროლოს თუ რას უნდა ნიშნავდეს ბერძნულად სიტყვა „Anarkia“, რაც იღბალს ნიშნავს. თუმცა ისინი უყურებენ ბორბალზე განუსჯელად გაკრულ კვაზიმოდოს, რომელიც ისჯება ესმერალდას მოტაცების მცდელობისთვის.

კვაზიმოდო ითმენს წამებას თუმცა წყურვილი სტანჯავს და წყალს ითხოვს („A Boire“). არავინ აქცევს მას ყურადღებას, ესმერალდას გარდა, რომელიც მწყურვალს წყალს მიაწვდის. ამის შემდეგ კვაზიმოდო თავისუფლდება და ის, ფროლო და ფოებუსი მღერიან თავიანთი განსხვავებული გრძნობების შესახებ ესმერალდას მიმართ („Belle“).

კვაზიმოდო მიუძღვება ესმერალდას ნოტრ დამისკენ და უყვება იმის შესახებ თუ როგორ იქცა ტაძარი თავის სახლად და ახლა ესმერალდასაც შეუძლია თავის თავშესაფრად მიიჩნიოს ტაძარი („Ma Maison, c’est Ta Maison“). ეკლესიაში მარტო დარჩენილი ესმერალდა, რომელსაც არასდროს ულოცია, თავის თავს შეავედრებს ღვთისმშობელს („Ave Maria Paen“). ფროლო კი, რომელიც უთვალთვალებს ესმერალდას, ხვდება, რომ თავისი სურვილები დაღუპავს, თუმცა არ შესწევს ძალა, შეეწინაარმდეგოს თავის გულისთქმას („Tu vas me détruire“).

მომდევნო ღამით ესმერალდასთან შესახვედრად მიმავალ ფოებუსს უცნობის (ფროლოს) ჩრდილი ურჩვეს არ შეხვდეს ესმერალდას („L’Ombre“). ფოებუსი ყურად არ იღებს უცნობის მოთხოვნას და თავის გზას გააგრძელებს.

კაბარეში „სიყვარულის მდელო“ გრენგუარი (როგორც ჩანს ხშირი სტუმარია) აღნიშნავს რომ კაბარეში უამრავი ადამიანი მოდის დროის გასატარებლად დაბალი ფასის გამო („Le Val d’Amour“). კაბარეში მისული ფოებუსი ესმერალდას ხვდება კერძო ოთახში („La Volupté“), სადაც ერთმანეთს ჩახუტებულ შეყვარებულებს შეუვარდება ფროლო და ფოებუსს დაჭრის ესმერალდას დანით. ესმერალდა ტოვებს დაჭრილ ფოებუსს და გარბის. გრენგუარი, ფროლო, კლოპინი, კვაზიმოდო და მომღერალთა გუნდი საუბრობენ ბედისწერის დაუნდობლობაზე („Fatalité“).

II მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრენგუარი და ფროლო საუბრობენ მეცნიერების ახალი მიღწევებისა და მოვლენების შესახებ (როგორიცაა გუტენბერგის საბეჭდი მანქანა და მარტინ ლუთერის დოქტრინები), რომლებიც ნელ-ნელა ცვლიან სამყაროს („Florence“). გრენგუარი აღნიშნავს, რომ ტაძარი ბოლო პერიოდში დადუმებულია, ფროლო კი პასუხობს, რომ სამი დღეა კვაზიმოდოს ზარი არ დაურეკავს.

სამრეკლოში კი კვაზიმოდო ყვება იმის შესახებ, რომ ზარები მისი ერთადერთი მეგობრები და გატაცება არის („Les Cloches“), განსაკუთრებით "სამი მარია". კვაზიმოდოს ოცნება კი ის არის, რომ ზარებმა დარეკონ მაშინ, როდესაც ესმერალდასგან მოისმენენ რომ ის მახინჯ მნათეზეა შეყვარებული.

ფროლო ეკითხება გრინგუუარს თუ სად არის მისი ცოლი („Ou Est Elle?“). იგი ორაზროვნად პასუხობს (მანამდე კი კლოპინს, რომელიც ეძებს ესმერალდას, ატყობინებს, რომ ლა სანტეს ციხეშია გამომწყვდეყლი და თუ დროზე არ გადაარჩენს ჩამოახრჩობენ).

თავის საკანში გამომწყვდეული ესმერალდა საკუთარ თავს ასარებს თავისუფლებადაკარგულ ჩიტს და კვაზიმოდოს მოუხმობს გადამრჩენლად მაშინ, როდესაც ნოტრ დამში დაბრუნებული კვაზიმოდო ეძებს გაუჩინარებულ ესმერალდას და დარდობს მის უსაფრთხოებაზე („Les Oiseaux Qu’on Met En Cage“). კლოპინი და უსახლკაროების ჯგუფი დაპატიმრებული არიან ლა სანტეს ციხეში („Condamnes“), როგორც ესმერალდა ჯადოქრობისა და ფოებუსის მკვლელოსი მცდელობის გამო. მოსამართლეებს კი თავმჯდომარეობს ფროლო („Le Proces/La Torture“). მას შემდეგ რაც ესმერალდა არ აღიარებს დანაშაულს, ფროლო ბრძანებს აწამონ. წამებისგან გატანჯული ესმერალდა აღიარებს ჩაუდენელ დანაშაულს, თუმცა ფროლო მაინც ჩამოხრჩობით სიკვდილის განაჩენს გამოიტანს. მიუხედავად ყველაფრისა ესმერალდა არ მალავს თავის გრძნობას ფოებუსის მიმართ, ფროლო კი იტანჯება უპასუხო სიყვარულისგან(„Etre Pretre Et Aimer Une Femme“).

გამოჯანმრთელებული ფოებუსი ურიგდება ფლორ დე-ლისს, რომელიც მოსთხოვს მას დასაჯოს ესმერალდა („La Monture“) და დაუმტკიცოს სიყვარული. ფოებუსი აღიარებს რომ ესმერალდამ მოაჯადოვა იგი („Je Reviens Vers Toi“).

სასჯელის აღსრულების დილით ხუთ საათზე, ფროლო სტუმრობს ესმერალდას საკანს („Un Matin Tu Dansais“) და აყენებს არჩევნის წინაშე: ან სახრჩობელა ან ფროლოს სიყვარული. როდესაც ესმერალდა უარყოფს მის შემოთავაზებას, ფროლო შეეცდება ქალის გაუპატიურებას, თუმცა კვაზიმოდო(რომელიც ჩუმად უკან გამოჰყოლია) გაათავისუფლებს კლოპინსა და სხვა პატიმრებს. კლოპინი შეებრძოლება და დასძლევს ფროლოს. ისინი ტოვებენ ციხეს. ღონემიხდილი ესმერალდა კი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მიჰყავთ („Liberes“).

გრენგუარი მთვარეს უმღერის („Lune“), რომელშიც ჰყვება კვაზიმოდოს ტანჯვაზე ესმერალდას უპასუხო სიყვარულის გამო.

კვაზიმოდო ტოვებს ესმერალდას ნოტრ დამის უსაფრთხო ადგილას („Je Te Laisse Un Sifflet“) და იტანჯება იმაზე ფიქრით, რომ ესმერალდას არასოდეს შეუყვარდება თავისი სიმახინჯის გამო („Dieu Que Le Monde Est Injuste“).

კლოპინი თავისი ხალხით მიადგა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. ფროლო ფოებუსს უბრძანებს თავისი ხალხით იერიში მიიტანოს ტაძარზე, რათა განდევნოს იქიდან უსახლკაროთა ბრბო („L’Attaque de Notre Dame“). კლოპინის ხალხი მედგარ წინააღმდეგობას სწევს, თუმცა ვერაფერს გააწყობენ შეიარაღებულ მეომრებთან. კლოპინი სასიკვდილოდ დაიჭრება და მომაკვდავი ესმერალდას გადააბარებს თავისი რაზმის მეთაურობას. გადამწყვეტ ბრძოლაში ესმერალა თავისი მეომრებითურთ მარცხდება. დატყვევებულ ესმერალდას ფოებუსი დაუნანებლად ჩამოახრჩობინებს („Deportes“).

ესმერალდას ძებნაში კვაზიმოდო ტაძრის ერთ-ერთ კოშკში წააწყდება ფროლოს, რომელსაც სთხოვს დაეხმაროს ესმერალდას („Mon Maitre, Mon Sauveur“). ჭკუიდან გადასული ფროლო, საბოლოოდ, გაუმხელს სიმართლეს, რომ ესმერალდას სიკვდილში თავად არის დამნაშავე. გაშმაგებული კვაზიმოდო ფროლოს კოშკის კიბიდან დააგორებს და მოკლავს. მას შემდეგ, რაც ესმერალდას გვამს სახრჩობელადან ჩამოხსნიან, ჯალათებთან მიდის კვაზიმოდო და სთხოვს მას დაუტოვონ ცხედარი. სატრფოსთან მარტოდ დარჩენილი კვაზიმოდო გოდებით შეჰფიცავს რომ სიკვდილის შემდეგ ვერაფერი დააშორეს მათ(„Danse, Mon Esméralda“).

დასასრულს, ფარდების დაშვების შემდეგ გრენგუარი მოუძღვება დასს, რათა შეასრულონ სიმღერა "Le Temps des Cathédrales".

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუზიკლზე მუშაობა დაიწყო 1993 წელს, როდეცას პლამომნდონმა კოჩანტეს აჩვენა ტექსტი ოცდაათამდე სიმრერისთვის. თავად კოჩანტეს კი იქამდეც ჰქონდა მომზადებული რამდენიმე მელოდია მიუზიკლისთვის. აღსანიშნავია, რომ მათ ერთად ემუშავათ სელინ დიონისთვის „L’amour existe encore“-ის შექმნაზე. მიუზიკლის დადგმამდე მათ ჩაწერეს რამდენიმე სიმღერა და მათ შორის ჰიტად იქცნენ: „Le temps des cathédrales“, „Belle“, „Danse mon Esmeralda“. მიუზიკის ყველაზე წარმატებული სიმღერა „Belle“ ყველაზე პირველად ჩაიწერა და წლის საუკეთესო სიმღერად აღიარეს, ასევე ნომინირებული იყო საუკუნის სიმღერის პრეტენდენტობაზე.

პრემიერამდე რვა თვით ადრე მათ ჩაწერეს ალბომი, სადაც თავმოყრილი იყო თექვსმეტი მთავარი სიმღერა მიუზიკლიდან. ამ სიმღერებს ასრულებდნენ მიუზიკლში მონაწილე მომრერლები, ესმერალდას პარტიის ჩათვლით: სტუდიურ ჩანაწერში მას ასრულებდა ნოა, მიუზიკლში კი ელენ სეგარა. მიუზიკლში მონაწილეობის მისაღებად მიიიწვიეს პოპულარული კანადელი მომღერლები ბრუნო პელეტიე, დანიელ ლავუა, ლუკ მერვილი. კვაზიმოდოს როლზე, რომელიც კომპოზიტორს თავდაპირველად თავისთვის ჰქონდა შერჩეული, ნაკლებადცნობილი მომღერალი პიერ გარანი (გარუ) მიიწვიეს.

დირექტორმა გილეს მეჰაუმ მიუზიკლი დადგა კონცერტის სტილში- მთავარი მომღერლები დგანან სცენის წინა ნაწილში, ხოლო მეორეხარისხოვანი მონაწილეები (არამომღერლები) სცენის უკანა ნაწილში ვიზუალურ ეფექტს ქმნიან.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]