პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“
Notre-Dame de Paris

კოზეტი
ავტორი ვიქტორ ჰიუგო
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი ისტორიული რომანი
გამომცემელი Gosselin
გამოცემის თარიღი 14 იანვარი, 1831

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre-Dame de Paris) — ვიქტორ ჰიუგოს რომანი. მასში ასახულია XV საუკუნის პარიზის ცხოვრება. რომანის მთავარი პერსონაჟების გრძნობებისა და მოქმედების ჩვენებით ჰიუგო აყენებს ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, როგორიცაა სიყვარული, ცოდვა, სიკვდილი.

რომანი ვითარდება სამი მთავარი მოქმედი გმირის – არქიდიაკონ კლოდ ფროლოს, ზართა მრეკველ მახინჯ კვაზიმოდოსა და ულამაზესი ბოშა ქალის ესმერალდას ირგვლივ. ღვთისმსახური კლოდ ფროლო მეცნიერების რამდენიმე დარგს ფლობდა, მაღალი მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში. მან სიცოცხლე შეუნარჩუნა და აღზარდა ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ბავშვი კვაზიმოდო, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. მაგრამ ღვთისმსახური სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა, როდესაც მისი გრძნობები ესმერალდამ უპასუხოდ დატოვა. მთავარმა დიაკონმა მის მიერ ჩადენილი მკვლელობის მცდელობა ქალს გადააბრალა და გულგრილად მიიღო მონაწილეობა ესმერალდას მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ლამაზ, მაგრამ გულცივ, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის მზრუნველ ეკლესიის მსახურს ჰიუგო უპირისპირებს მახინჯ, მაგრამ ლამაზი სულის მქონე კვაზიმოდოს. მას მთელი არსებით შეუყვარდა გულუბრყვილო და ნაზი ესმერალდა. როდესაც სიკვდილმისჯილი ესმერალდა სახრჩობელაზე აჰყავდათ, კვაზიმოდო თოკით დაეშვა ტაძრის სახურავიდან, აიტაცა ქალი და ელვის სისწრაფით ტაძარს შეაფარა თავი. ხოლო როდესაც ვერაგულად შეპყრობილი ესმერალდას მიმართ განაჩენი მაინც შესრულდა, მან ჯერ ტაძრის სახურავიდან გადმოაგდო ესმერალდას სიკვდილის მთავარი დამნაშავე კლოდ ფროლო, შემდეგ კი უკვალოდ დაიკარგა.

ორი წლის შემდეგ, როდესაც შემთხვევით გახსნეს ესმერალდას აკლდამა, ქალის ჩონჩხზე გადამხობილი მეორე ადამიანის ჩონჩხი ნახეს. ეს იყო კვაზიმოდო, რომელიც შევიდა ესმერალდას აკლდამაში და იქ დალია სული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნაირა მამუკელაშვილი, ახალი ისტორია (მეცხრე კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1998 წელი, გვ. 94–95