ნინო ტყეშელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო ტყეშელაშვილი

ნინო სოფრომის ასული ტყეშელაშვილი (დ. 1874, ქუთაისი, — გ. 1956, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი. კარიერა მასწავლებლობით დაიწყო დიდ ჯიხაიშში, შემდეგ — თბილისში. 1906 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ქალთა რეგიონული ორგანიზაციების საქმიანობაში, ადგილობრივი პრესისთვის წერდა სტატიებს ქალთა ისტორიული როლისა და უფლებების შესახებ. საბჭოთა წლებში აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს და ზღაპრებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქუთაისში, ყოფილი მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1890-იან წლებში ნიკო ნიკოლაძის და ოლღა გურამიშვილის მიწვევით სოფელ დიდი ჯიხაიშის სკოლაში რუსულის მასწავლებლად მუშაობდა. 1903 წელს მოსკოვში გაემგზავრა სტომატოლოგიის შესასწავლად. მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში. 1906 წელს სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში, საზოგადო მოღვაწის — მარიამ დემურიას საკვირაო სკოლაში დაიწყო მუშაობდა მასწავლებლად. მასზე დიდი გავლენა მოახდინა დემურიას საზოგადოებრივმა აქტიურობამ და ეკატერინე გაბაშვილის მწერლობამ. მონაწილეობდა რუსეთის რევოლუციის (1905-1907) მომდევნო პერიოდში ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობისთვის მოძრაობაში. სახელი გაითქვა იმიტირებული სასამართლო პროცესით „ქრისტინეს გასამართლება“ (ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით), რომელიც სახალხო თეატრების სცენაზე იმართებოდა და სადაც ქრისტინეს ცნობილი მსახიობი ეფემია მესხი განასახიერებდა. ქალთა უფლებების შესახებ სტატიებს აქვეყნებდა იმდროინდელ ქართულ პრესაში („ნაკადული“, „ცნობილის ფურცელი“, „კლდე“, „ქართველი ქალის ხმა“, „თეატრი და ცხოვრება“ და სხვ.). წერდა ფსევდონიმებითაც („სუფრაჟისტკა“, „მერცხალა“). 1906 წლიდან ჩართული იყო ანასტასია გედევანიშვილის მიერ დაარსებულ „ქალთა თანასწორუფლებიანობის საქართველოს კავშირის“ საქმიანობაში. ამ ორგანიზაციამ 1908 წელს მისასალმებელი წერილი გაუგზავნა სრულიად რუსეთის ქალთა პირველ ყრილობას. ამავე პერიოდში ნინო ტყეშელაშვილი გამოეყო კავშირს და იყო იმ 136 ქალს შორის, რომელთაც შექმნეს „კავკასიელ ქალთა საზოგადოება“. ეს ორგანიზაცია იბრძოდა ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის, ქმნიდა კლუბებს ქალებისთვის, სადაც მათ წერა-კითხვას და ხელსაქმეს ასწავლიდნენ. მიმდინარეობდა პროპაგანდა პროსტიტუციის, როგორც „საზოგადოებრივი სიბოროტის“ წინააღმდეგ. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობდა საქართველოს დამოუკიდებლობის წლებშიც (1918-1921).

საბჭოთა პერიოდში ტყეშელაშვილი ძირითადად საბავშვო მწერლობით იყო დაკავებული. 1930 წლიდან მისი ზღაპრები, მოთხრობები და იგავ-არაკები (მათ შორის, „სპილო და მტაცებლები“, „მგალობელი ჩიტები“, „ვირი“ და სხვ.) სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. ტყეშელაშვილს ეკუთვნის ასევე მოგონებები მისი თანამედროვე მწერლების და საზოგადო მოღვაწეების — ეკატერინე გაბაშვილის, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, კეკე მესხის, მარიამ დემურიას, ქეთევან ირემაძის, შიო არაგვისპირელის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ქუჩიშვილის და სხვათა შესახებ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩიხლაძე, ნინო. ნინო ტყეშელაშვილი დაარქივებული 2019-03-18 საიტზე Wayback Machine. . ფრაგმენტი წიგნიდან „ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები“ (თბილისი, 1990). ნანახია 23 თებერვალი, 2020.
  • გაფრინდაშვილი, ლელა. ნინო ტყეშელაშვილი. „სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია“ (ჰაინრიხ ბიოლის ფონდი). ნანახია 23 თებერვალი, 2020.