მარიამ დემურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარიამ ივანეს ასული ივანიშვილი-დემურია (დ. 21 მარტი, 1860, გორი — გ. 21 იანვარი, 1910, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, დრამატურგი და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიამ ივანიშვილი დაიბადა 1860 წლის 21 მარტს, ქალაქ გორში. დაასრულა თბილისის საბებიო ინსტიტუტის კურსი, რის შემდეგაც მუშაობდა თბილისში, ოზურგეთში, საჩხერეში და სხვა რაიონებში. 1893 წელს ახალგაზრდა იურისტ, ვასილ დემურიაზე დაქორწინდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 15 წლის განმავლობაში იყო თბილისის სახალხო სახლების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მუშაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. დიდხანს განაგებდა ნაძალადევის სახალხო ბიბლიოთეკას.

უმცირესი შემოწირულობებით, ილია წინამძღვრიშვილისა და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მხარდაჭერით მარიამ დემურიამ ყველაზე ხელმოკლე ადამიანებისთვის დააარსა „ავჭალის აუდიტორია“, სადაც კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით იდგმებოდა წარმოდგენები ქართულ ენაზე, იმართებოდა წიგნების, სტატიების, დოკუმენტების საჯარო კითხვა.

1904 წელს მარიამმა დააარსა საგანმანათლებლო საბავშვო ჟურნალი „ნაკადული“, რომლის პირველი ნომერი ნოემბერში გამოვიდა და რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს აშუქებდა. დემურია ოფიციალურად ამ ჟურნალს 1906–1910 წლებში რედაქტორობდა.

მარიამ დემურია 1910 წლის 21 იანვარს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]