ნატალია პაპინაშვილი
ნატალია პაპინაშვილი (დ. 24 აპრილი, 1944, თბილისი — გ. 6 მარტი, 2020, ოსლო) — ქართველი ბალერინა, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნატალია ბეჟანის ასული პაპინაშვილი დაიბადა თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მის პედაგოგები იყვნენ: ვახტანგ ჭაბუკიანი, მარიამ ბაუერი, მარგარიტა გრიშკევიჩი, თამარ ვიხოდცევა.
1962-1968 წლებში ნატალია იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი. მისი სასცენო დებიუტი შედგა ბალეტებში "რაფსოდია-ბლუზი" და "დემონი", სადაც იგი პარტნიორობას უწევდა ვახტანგ ჭაბუკიანს. 1965-1967 წლებში სტაჟირება გაიარა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სტაჟირების დასრულების შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას დაუბრუნდა.
ქართველი ბალერინა სხვადასხვა დროს იყო ერევნისა და ყაზანის თეატრების საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი.
ნატალია პაპინაშვილის მიერ შესრულებული ქართული ბალეტებიდან აღსანიშნავია შემდეგი როლები: ჯავარა (დავით თორაძე "გორდა"), შველი (ბიძინა კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები"), თამარი (სულხან ცინცაძე "დემონი") და სხვ.
სხვა რეპერტუარი: რიჩი (ჯორჯ გერშვინი "რაფსოდია-ბლუზი"), ჩელიტა, ჰამზათი (ლუდვიგ მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), ჟიზელი (ადოლფ ადანი "ჟიზელი"), ოდეტა-ოდილია (პეტრე ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), კოპელია (ლეო დელიბი "კოპელია"), პასკუალა (ალექსანდერ კრეინი "ლაურენსია"), სარი (ყარა-ყარაევი "მეხის ბილიკით") და სხვ.
1980 წელს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
1988 წელს მუშაობდა ქუთაისის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორად.
25-წლიანი აქტიური სასცენო მოღვაწეობის დამთავრების შემდეგ, ნატალია პაპინაშვილი კიდევ ერთხელ გაემგზავრა რუსეთში, რათა გაევლო პედაგოგ–ბალეტმაისტერის კურსი. 1988-1990 წლებში სანქტ-პეტერბურგის ცეკვის აკადემიაში მიიღო პედაგოგის კვალიფიკაცია და მას შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა ოსლოს ბალეტის სკოლაში. ამის პარალელურად, მას სისტემატურად იწვევდნენ მასტერ-კლასების ჩასატარებლად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: აშშ-ში (1991-1997), ჰოლანდიაში (1993), გერმანიაში (1995), კანადაში (1999) და სხვ. მის მოწაფეებს შორის არიან: ელენე გლურჯიძე, რობერტ რეფლინგი, სელინ კრაალი, ტრიშა კარტერი და სხვ.
ქართველმა ბალერინამ ოსლოს საბალეტო სკოლაში 12 წელი იმუშავა, შემდეგ კი მოღვაწეობა "ბარდერ დანს აკადემიაში" (Bаrdar Academy AS) განაგრძო, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა.
1995 წელს აირჩიეს უკრაინის ცეკვის აკადემიის პროფესორად.
1997 წელს დაჯილდოვდა რუსეთის სერგეი დიაგილევის სახელობის კულტურის ცენტრის დიპლომით, საზღვარგარეთ კლასიკური ცეკვის პოპულარიზაციისათის.
ნატალია პაპინაშვილი გარდაიცვალა 2020 წელს ოსლოში.