შინაარსზე გადასვლა

გორდა (ბალეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდა (მრავალმნიშვნელოვანი).
„გორდა“
ავტორი დავით თორაძე
პრემიერა 30 დეკემბერი, 1949 წ.
პრემიერის ადგილი თბილისი, ოპერისა და ბალეტის თეატრი

„გორდა“დავით თორაძის ორმოქმედებიანი ბალეტი.

გორდა – ვახტანგ ჭაბუკიანი

„გორდას“ პრემიერა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წლის 30 დეკემბერს გაიმართა. „საჯარო განხილვას“ (ასე ეწერა აფიშაზე „პრემიერის“ ნაცვლად) თეატრისა და ხელოვნების მოღვაწენი, მუსიკოსები და ქორეოგრაფები ესწრებოდნენ; ვახტანგ ჭაბუკიანის ახალ სპექტაკლს მათ მაღალი შეფასება მისცეს.

ბალეტის ლიბრეტოზე ოთარ ეგაძე და ვახტანგ ჭაბუკიანი მუშაობდნენ და მას საფუძვლად დაედო დანიელ ჭონქაძის მოთხრობა „სურამის ციხე“. ლიბრეტოს მიხედვით, თავდაპირველად, ბალეტს „დარდია“ ერქვა, თუმცა მოგვიანებით დამდგმელმა ჯგუფმა სახელწოდება შეცვალა და აქცენტი ახალგაზრდა მოქანდაკის სახელზე გააკეთა. მთავარის გმირის სახელი გორდა ბალეტის სახელწოდებად იქცა.

ამ დროს ვახტანგ ჭაბუკიანი უკვე ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, რომელიც თბილისში დაბრუნების შემდეგ ახალ ბალეტებზე მუშაობს, იდგმება ანდრია ბალანჩივაძის „მთების გული“ და გრიგოლ კილაძის „სინათლე“.

საპრემიერო სპექტაკლის მხატვრობა ახალგაზრდა სცენოგრაფს ფარნაოზ ლაპიაშვილს ეკუთვნოდა, დამდგმელი დირიჟორი კი დიდიმ მირცხულავა იყო. გორდას მთავარ პარტიას თავად ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა, ირემას — ვერა წიგნაძე, ჯავარას კი — ირინე ალექსიძე; მამიას როლში ზურაბ კიკალეიშვილი გამოდიოდა. ბალეტის პირველ დადგმაში განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ თამარ ჭაბუკიანის („ალალმე“), მარია ბაუერის („ინდური ცეკვა“), მარია გრიშკევიჩის („ზანგების ცეკვა“) მიერ შესრულებული ცეკვები.

ბალეტმა 1951 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიიღო, 1957 წელს კი მისი მეორე რედაქციის პრემიერა გაიმართა (გორდა – ზურაბ კიკალეიშვილი, ირემა – ვერა წიგნაძე, ჯავარა – ლილიანა მითაიშვილი, მამაია – რევაზ მაღალაშვილი).

1973 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა თეატრის რეპერტუარის ყველა სპექტაკლის მხატვრობა და კოსტიუმები. ხელმძღვანელობას თავიდან მოუხდა აღედგინა რამდენიმე სპექტაკლი. მათ შორის იყო ბალეტი „გორდა“, რომლის კიდევ ერთი პრემიერა პუბლიკას 1974 წლის ივლისში პროფკავშირების კულტურის სასახლეში ელოდა. სწორედ ეს შენობა იქცა თეატრის გარეშე დარჩენილი ხელოვანების თავშესაფრად.

1985 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოხდა „გორდას“ ახალი რედაქციის დადგმა. სპექტაკლის მხატვრობა ივანე ასკურავას ეკუთვნოდა, სადირიჟორო პულტთან რევაზ ტაკიძე იდგა, მთავარ პარტიებს კი ასრულებდნენ ზაქარია ამონაშვილი და ნუკრი მაღალაშვილი (გორდა), ალა აბესაძე და ვიქტორია ლაფერაშვილი (ირემა), ლია ბახტაძე (ჯავარა).

„გორდას“ ბოლო აღდგენა თეატრში 1996 წელს განხორციელდა, რომელიც ზურაბ კიკალეიშვილს ეკუთვნოდა. აღდგენილ სპექტაკლში მთავარ პარტიებს თეატრის სოლისტები ვასილ ახმეტელი (გორდა), იური სოროკინი (მამია), ლია ბახტაძე (ჯავარა), ქეთევან მუხაშავრია (ირემა) ასრულებდნენ. ამ რედაქციის ბოლო სპექტაკლი 2002 წელს გაიმართა, მას შემდეგ „გორდა“ თეატრში აღარ ყოფილა წარმოდგენილი.

ირემა – ვერა წიგნაძე
ნინო ანანიაშვილი „გორდას“ რეპეტიციაზე

2004 წლიდან საბალეტო დასის ხელმძღვანელი უკვე ნინო ანანიაშვილია. დანიშვნის შემდეგ ანანიაშვილი თეატრისა და ქართული ბალეტისათვს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს - თანდათან აღადგინოს თეატრის რეპერტუარში ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებითი მემკვიდრეობა. პირველი სპექტაკლი, რომელიც დაიდგა ა. კრეინის „ლაურენსია“ იყო (ნუკრი მაღალაშვილის რედაქცია. 2007 წელი). ნინო ანანიაშვილმა „ლაურენსია“ საკუთარი რედაქციით მინსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე დადგა (2014). შემდეგ კი „გორდას“ დროც მოვიდა. ბალეტის აღდგენას ნინო ანანიაშვილი თავად ხელმძღვანელობდა, მას ეკუთვნის ლიბრეტოს განახლებული ვერსია და ბალეტის ქორეოგრაფიული რედაქცია. „გორდას“ ახალ დადგმაზე მუშაობდა შემოქმედებითი ჯგუფი - ლილიანა მითაიშვილი და ლალი კანდელაკი, ეკატერინე შავლიაშვილი (დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები), რევაზ ტაკიძე (დამდგმელი დირიჟორი), დავით მონავარდისაშვილი (დამდგმელი მხატვარი), ანა კალატოზიშვილი (კოსტიუმების მხატვარი), ჯესტერ კენინგსბორო (დამდგმელი მხატვარი); სტუდია „ოპიოს“ ავტორობით შეიქმნა ვიდეო ანიმაციები. მთავარ პარტიებს საპრემიერო სპექტაკლში თეატრის სოლისტები ლალი კანდელაკი, ნინო სამადაშვილი, ნუცა ჩეკურაშვილი, ეკატერინე სურმავა, დავით ანანიაშვილი და ფილიპ ფედულოვი იცეკვებენ.

პრემიერიდან 67 წლის შემდეგ დავით თორაძის „გორდა“ დაუბრუნდა თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული, რესტავრირებული თეატრის სცენას. „გორდას“ პრემიერა 2016 წლის 12 თებერვალს გაიმართა.

ახალგაზრდა მოქანდაკე გორდა მეფის ასულს ფარულად ეტრფის და კლდეში მის პორტრეტს აქანდაკებს. შემორბიან გოგონები, მათ შორისაა თავადის ასული ჯავარა, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს გორდა. იგი დარწმუნებულია, რომ ვაჟი ქვაში მის პორტრეტს კვეთს.

გაისმის ბუკის ხმა: მეფე და მისი ასული ირემა ნადირობენ. ირემა დაღონებულია - არწივმა მისი საყვარელი მიმინო მოიტაცა, მეფის ამალიდან კი ვერავინ შეძლო ფრინველის გათავისუფლება. ამას მხოლოდ ირემაზე შეყვარებული გორდა ახერხებს. ირემა თვალს მოკრავს, რომ გორდა კლდეზე მის სახეს აქანდაკებს. მეფის ასულს ერთი ნახვით შეუყვარდება ჭაბუკი და გადარჩენილ მიმინოს მას უძღვნის საჩუქრად.

თავადი მამია შეყვარებულია ირემაზე და შურით უყურებს მეტოქის წარმატებას. გორდას სიმამაცით აღტაცებული მეფე ნადირობის მონაწილეებს სასახლეში ეპატიჟება.

ჯავარას, რომელიც შორიდან უცქერდა გორდასა და ირემას შეხვედრას, ეჭვი გაუჩნდა და გორდას მიერ გამოკვეთილ ქანდაკებაში მეფის ასული შეიცნო. სასოწარკვეთილი ქალიშვილი გორდას სიყვარულში გამოუტყდება.ჯავარა ირემას ნაჩუქარ მიმინოს კლავს. ქალის სისასტიკით აღშფოთებული გორდა მას მარტო ტოვებს.

ჯავარასთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. მას მხოლოდ შურისძიების გრძნობა ამოძრავებს. იგი არწივს ისარს ამოაცლის და ფიცს დებს, რომ გორდას სამაგიეროს გადაუხდის. მეფის სასახლეში ლხინი იმართება, რომელსაც გორდაც ესწრება. მამიასა და გორდას შორის გამართული დაპირისპირება მათ ცეკვაშიც იჩენს თავს, მათ შორის ირემა მანდილს ჩააგდებს და მეტოქეებს დააშორებს. ლხინი გრძელდება. უეცრად სასახლეში აღმოსავლეთის დესპანები შემოდიან, რომლებიც მეფეს ხალიფას მოთხოვნას გადასცემენ - თავისი ერთადერთი ქალიშვილი ცოლად მიათხოვოს. აღშფოთებული მეფე უარის წერილს უგზავნის ხალიფას.

გორდას, როგორც საუკეთესო მსროლელს, წილად ხვდა პატივი მეფის დესპანი იყოს. ირემა დარდით აცილებს გორდას სახიფათო მისიის შესასრულებლად და საკუთარ ავგაროზს ატანს თან.

ხალიფას სასახლეში ლხინი იმართება. ხალიფა მოუთმენლად ელის ცნობას საქართველოდან. შემოჰყავთ ქართველთა დესპანები. გორდა ხალიფას მეფის პასუხს გადასცემს, რომლის გაცნობის შემდეგ ხალიფა ბრძანებს სიკვდილით დასაჯონ ქართველი ელჩები. უთანასწორო ბრძოლაში ქართველები იღუპებიან. სიკვდილს მხოლოდ გორდა გადაურჩება, რომელიც კლავს ხალიფას და ზღვაში გადაეშვება.

მძიმე და მომქანცველი გზის შემდეგ გორდა მთაზე ნაცნობ მონასტერს დაინახავს და ხვდება რომ უკვე სამშობლოშია.

გავიდა ხანი. გორდა და ირემა საკუთარ შვილთან – პატარა ბადრისთან ერად ბედნიერად ცხოვრობენ. მაგრამ მოულოდნელად სამწუხარო ამბავს იგებენ – უკვე მესამედ ინგრევა ციხე-სიმაგრის კედელი, რომელიც გარეშე მტრებისგან ქვეყნის დაცვის ერთადერთი საშუალებაა. მშენებლები ვერ ხსნიან ნგრევის მიზეზს. მეფე გორდას და მამიას რჩევისთვის სახელგანთქმულ მკითხავ-წინასწარმეტყველთან გზავნის. მკითხავი-წინასწარმეტყველი ჯავარა აღმოჩნდება, რომელიც მაშინვე იცნობს გორდას. ჯავარა გახარებულია - შურისძიების დრო დაუდგა. იგი მამიას გადასცემს ისარს, რომლითაც ოდესღაც გორდამ არწივი მოკლა. „ციხე-სიმაგრე იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამ ისრის პატრონის ვაჟს კედელში ჩააშენებენ“ - ამბობს მკითხავი. მამია გადის, ჯავარა კი აჩერებს გორდას, რომელიც ვერ ცნობს მას და საკუთარ თავს ახსენებს.

მეფის ბრძანებით მეომრები ისრებს ათვალიერებენ. მამიას მიერ მოტანილი ისარი გორდასი აღმოჩნდება. განსაცდელი დაუდგათ პატარა ბადრის მშობლებს.

ქვეყანას ამ დროს ისევ მტერი შემოესია. გორდა სალაშქროდ მიდის. ხალხი მეფისგან მოითხოვს შეასრულოს ჯავარას წინასწარმეტყველება, რათა თავი დაიცვან მტრისაგან. ჯავარა ირემას ხელიდან გამოგლეჯს შვილს და ციხე-სიმაგრისკენ მიჰყავს, რომ კედელში ჩაატანონ.

გორდა მოწინააღმდეგის მხედართმთავარს კლავს. დამარცხებული მტერი იარაღს ყრის. გორდას სიმამაცემ სამშობლო განსაცდელისგან, პატარა ბადრი კი - სიკვდილისგან იხსნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]