შინაარსზე გადასვლა

ილია ნაკაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნაკაშიძე, ილია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ილია ნაკაშიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ილია ნაკაშიძე
დაბადების თარიღი 1866
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 1923(1923-05-27)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ოდესის უნივერსიტეტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე ნინო ნაკაშიძე

ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე (დ. 1866, თბილისი — გ. 27 მაისი, 1923, იქვე) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა ოჯახში, რომელიც დაკავშირებული იყო 60-იანი წლების მოწინავე ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დასსთან. მამამისი იყო პუბლიცისტი პეტრე ნაკაშიძე, დედა ბარბარე — პოდპოლკოვნიკ სოლომონ ონიკაშვილის ქალიშვილი. ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ყმაწვილის მომავალი. ცოდნის შეძენის დიდმა სურვილმა, მას ქუთაისელ გიმნაზიელს, მისცა სოლიდური განათლება და ევროპული დაკლასიკური ენების საფუძვლიანი ცოდნა. დამოუკიდებლად სწავლობდა ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას. ამ მიზნით თანაკლასელ ნიკო მართან ერთად მოწაფეთა საგანგებო წრეც ჩამოაყალიბა.

1886 წელს დაამთავრა გიმნაზია და ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. მაგრამ მალე გარიცხეს პოლიტიკურ შეხედულებათა გამო და იძულებული გახდა გამგზავრებულიყო პეტერბურგს, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს გაიცნო და ცოლად შეირთო ნინო ანთაძე. უნივერისტეტის კურსი ნაკაშიძემ 1895 წელს დაამთავრა, დაბრუნდა თბილისში და ინტენსიური თანამშრომლობა დაიწყო ქართულ და რუსულ პერიოდიკაში. თავისი აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის გამო იგი ახლო ურთიერთობაში იყო ლევ ტოლსტოისთან, კერძოდ რუსი დუხობორების უფლებათა დაცვის საკითხში. სწორედ ამის გამო, 1897 წელს იგი კავკასიიდან გადაასახლეს. ტოლსტოის დახმარებით ნაკაშიძე მოსკოვში დასახლდა. აქ ის ხვდებოდა ლ. ტოლსტოის, რომელმაც ხელი გაუმართა მის ოჯახს. თავის მხრივ ნაკაშიძეც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დიდ მწერალს. მაგალითად, იგი ყურადრებით მოეკიდა ლ. ტოლსტოის თხოვნას, დახმარება გაეწია „ჰაჯი-მურატისათვის“ მასალების მოძიებაში.

1903 წელს ის თავის მეუღლესთან ერთად ბრუნდება სამშობლოში. დიდი იმედით შეხვდა 1905 წელს რევოლუციას და აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობაში. მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ქვეყანაში დაწყებულმა რეპრესიებმა სახელოვანი მამულიშვილი აიძულეს მიეტოვებინა მშობლიური კუთხე გურია და დაბრუნებულიყო თბილისში, სადაც გააჩაღა პუბლიცისტური საქმიანობა.

ილია ნაკაშიძის წერილების თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ იგი უფრო ხშირად პედაგოგიკის, ბავშვთა-აღზრდის საკიტხებს ეხება. მისი კონცეფცია ემყარებოდა თავისუფალი აღზრდის თეორიას და ეწეოდა მის პროპაგანდას როგორც ქართულ, ისე რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. ამადგარი მოღვაწე წლების მანძილზე თანამშრომლობდა ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტში, აგრეთვე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. მას ეკუთვნის არაერთი საინტერესო წერილი ქართველ, რუს და უცხოელ მწერალთა შემოქმედებაზე. განსაკუთრებით საგულისხმოა კრიტიკული წერილები ისეთ მოღვაწეებზე როგორებიც არიან ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, გრიგოლ აბაშიძე, ლევ ტოლსტოი, გი-დე მოპასანი და სხვები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • როგორ გავიცანი ლეონ ტოლსტოი - ტფილისი, სახელგამის გა-მა და სტ., 1928. - 40 გვ.
  • სოციალ-დემოკრატები - თბილისი, სტ. ამხ. "სორაპანი", 1907. - 64 გვ.
  • ხუციშვილი, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 303.
  • ბაბუნაშვილი, ზ. ნოზაძე, თ. „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 287, თბილისი, 1994
  • ზამბახიძე, ვ. ილია ნაკაშიძე, თბილისი, 1970

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]