დუხობორები
დუხობორები (რუს. духоборы, „სულისათვის მებრძოლნი“) — უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა 1750 წელს ვორონეჟის, ტამბოვის, ეკატერინოსლავის გუბერნიებში.
მოძღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დუხობორების აზრით, კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარეობს ბრძოლა სულიერსა (აბელის მიმდევრები) და ხორციელს (კაენის მიმდევრები) შორის. უკანასკნელს განეკუთვნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, უსამართლო მსაჯულები, მდიდრები. დუხობორებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სამართლით გამსჭვალული ძმობა. ისინი არ იცავენ არავითარ წეს-ჩვეულებას, გარდა ქორწინებისა, და აქვთ სპეციალური ფსალმუნები, რომელთაც ასრულებენ საგანგებო კრებებზე. დუხობორებში ქალი პატივისცემით სარგებლობს და ოჯახისა და თემში მამაკაცთან თანასწორუფლებიანია. ქალს აქვს სრული თავისუფლება ქორწინებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1804 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დუხობორებს მელიტოპოლის მაზრაში დასახლების უფლება მისცა, ხოლო 1841 წელს ისინი ამიერკავკასიაში, ახალქალაქის მაზრაში, გადაასახლეს. 1898-1900 წლებში დუხობორების ნაწილი გაასახლეს კანადაში, სადაც დღემდე არსებობს მათი თემები.
დუხობორები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დუხობორები საქართველოში 1840-იან წლებში დასახლდნენ. დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი, საქართველოში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა შექმნეს კომუნები, მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მევახშეობას. აქ ისინი ცალკე ეთნოგრაფიულ ერთეულად ჩამოყალიბდნენ განსხვავებული წეს-ჩვეულებებითა და ყოფით. თანდათანობით კლასობრივი დიფერენციაციის გაღრმავებას სექტის დაშლა და XIX საუკუნის დასასრულს მისი ერთი ნაწილის (მეტწილად ღარიბთა) ემიგრაცია მოჰყვა. 1895 წელს 2000-მდე დუხაბორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. ხელისუფლებამ დუხაბორები ამ ფაქტის გამო დასაჯა — სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს. ამჟამად დაახლოებით 200 ოჯახი სოფელ გორელოვკაში ცხოვრობს, სადაც მათი ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წიქვაძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 523.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დუხობორები, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ფილმი.
- ჩვენი ეზო - დუხობორები, საზოგადოებრივი მაუწყებელი.