ნადეჟდა კოსინცევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნადეჟდა კოსინცევა
Kosinzewa nadeshda 20081119 olympiade dresden.jpg
ნადეჟდა კოსინცევა, 2008 წელი. დრეზდენი
ქვეყანა (სპორტი) რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1985 (1985-01-14) (37 წლის)
დაბადების ადგილი არხანგელსკი,რსფსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2011)
ფიდე რეიტინგი 2483 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2576 (ნოემბერი 2010)

ნადეჟდა კოსინცევა (რუს. Надежда Анатольевна Косинцева დ. 14 იანვარი, 1985, არხანგელსკი,რსფსრ, სსრკ) - რუსი მოჭადრაკე, დიდოსტატი 2011-წლიდან. ორგზის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონი ქალთა შორის. ნაკრების შემადგენლობაში ორგზის ოლიმპიური და სამგზის ევროპის ჩემპიონი.

დები კოსინცევები, ნადეჟდა და ტატიანა
ნონა გაფრინდაშვილი და იგორ ლობორტასი ნადეჟდას ქალთა საჭადრაკო ოსკარს „კაისას“ გადაცემენ

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭადრაკის თამაში 7 წლისამ ისწავლა, უმცროს და ტატიანასთან ერთად. ერთხელ როცა ცეკვიდან ბრუნდებოდნენ შემთხვევით საჭადრაკო კლუბში შეიარეს და ამ სპორტის შესწავლა გადაწყვიტეს. ევროპის გოგონათა ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში სამჯერ გახდა ჩემპიონი. 1995 წელს ვერდუნში 10-წლამდელებში, 1997 წელს ტალინში 12-წლამდელებში და 2000-ში კალიტეაში 18-წლამდელებში. მსოფლიოს გოგონათა 14-წლამდელებში ოროპესა-დელ-მარში 1998 წელს ოქროს მედალი მოიგო. გოგონათა 20-წლამდელებში კი მსოფლიოზე ორჯერ 2001 და 2002 წლებში ბრინჯაო აიღო. 2005 წელს კიშინიოვში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო[2], ხოლო 2007 წელს დრეზდენში ბრინჯაო (ჩემპიონი მისი და ტატიანა გახდა). 2004 წელს რუსეთის ქალთა სუპერფინალში მესამე ადგილზე გავიდა, 2006-ში თავის და ტატიანასთან და ელენა ტაიროვასთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილები გაინაწილა,[3] ხოლო 2008-ში ჩემპიონი გახდა[4]. ვერცხლი აიღო 2009-ში[5], ბრინჯაო 2012-ში. 2010 წლის ივლისში ბილში, Biel Chess Festival-ზე მამაკაცთა ტურნირზე გამოვიდა, 1-7 -ე ადგილები გაინაწილა და შემდეგ ტაი-ბრეიკით მეორე ადგილზე დაასრულა გამოსვლა. 2010 წლის 18 სექტემბერს, ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბლიცში, მოსკოვში, ფიდემ წლის საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ დაასახელა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა საჭადრაკო ოსკარი „კაისა“ გადასცა. 2011 წელს რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა.[6]

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა ოლიმპიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს კალვიაში რუსეთის ნაკრებში სათადარიგო იყო, თუმც 12 პარტიიდან 9 მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა, ერთი წააგო და ინდივიდუალური მედალი მოიპოვა. ნაკრებმა კი ბრინჯაო. 2006 წელს მესამე დაფაზე ტურინში ვერცხლი მოიგო.2008-ში დრეზდენში ნაკრები მეოთხეზე გაიყვანა, თვითონ კი მესამე დაფაზე საუკეთესო იყო და მცირე ოქრო დაიმსახურა. 2010 წელს ხანტი-მანსიისკში მეორე დაფაზე იჯდა, პირველზე კი მისი და ტატიანა. ორივემ მაღალ დონეზე ჩაატარეს ჩემპიონატი, ნაკრები გააჩემპიონეს და თვითონაც ინდივიდუალური ოქროები მიიღეს. 2012-ში სტამბულში კვლავ მესამე დაფაზე ჩააჩოჩეს და გუნდურთან ერთად ინდივიდუალური ოქროც მოიგო.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს გეტებორგში სათადარიგო იყო, ნაკრებმა კი ბრინჯაო მოიგო. ზედიზედ სამჯერ იჩემპიონა ნაკრების შემადგენლობაში, 2007, 2009, 2011 წლებში. 2007-ში კრეტაზე და 2009-ში ნოვო-სადში მესამე დაფაზე იჯდა. ორივეგან ინდივიდუალურად რიგრიგობით ბრინჯაო და ოქრო მოიგო. პირველ დაფაზე გადაინაცვლა პორტო კარასში, მეორეზე კი მისი და იჯდა.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედიზედ სამი გუნდური ვერცხლი მოიგო მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატზე. მეორე დაფაზე გამოვიდა 2007-ში ეკატერინბურგში და 2009-ში ნინგბოში. ამ წელს ინდივიდუალური ოქროც მოიგო. პირველ დაფაზე გადავიდა 2011-ში მარდინში.

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს ელისტაში, 64 ქალიან ნოკაუტ-ჩემპიონატზე 23-ე ნომრად იყო განთესილი და ერთი ეტაპი გადალახა. ჯერ ქართველ ლელა ჯავახიშვილს 3:1 სძლია, შემდეგ უკრაინელ ნატალია ჟუკოვასთან დამარცხდა 3:4.

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინბურგში მე-9 ნომრად იყო განთესილი პირველივე ეტაპზე ხოუ იფანთან 0,5:1,5 წააგო.

2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნალჩიკში მესამე ეტაპამდე მივიდა. პირველ ეტაპზე ინდუსი მიშა მოჰოტა დაამარცხა 2:0, შემდეგ ლიტველი ვიკტორია ჩმილიტე და ჩინელ შენ იანგთან დამარცხდა 2,5:3,5. ჩემპიონატზე 23-ე ნომრად იყო განთესილი.

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანტი-მანსიისკში მეექვსე ნომრად იყო და მეოთხედფინალში ითამაშა. პირველ ეტაპზე კოლუმბიელი მელისა კასტრილონ გომესი დაიფრინა 2:0, შემდეგ სომეხი ლილიტ მკრტჩიანი 3,5:2,5, მესამეში თავისი და ტატიანა გამოთიშა ასპარეზობიდან 3,5:2,5 და მეოთხედფინალში უკრაინელ ანა უშენინასთან 0,5:1,5 დამარცხდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყავს უმცროსი მოჭადრაკე და ტატიანა, რომელთაც ერთ მწვრთნელი იური დოჰოიანი ავარჯიშებს. ნადეჟდა 2012 წელს ლეონიდ კრიცს გაყვა ცოლად და 2014-ში გოგონა შეეძინათ. დებმა 2008-ში არხანგელსკში, ჩრდილო ფედერალურ უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრეს. 2013-ში კი უფროსი და აშშ-ში გაემგზავრა, რათა დალასში, ტეხასის უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. February 2021.
  2. [2]. 15, European Women's Champion".
  3. [3]. Russian Women's Championship.
  4. [4]. Women's RUS Chmp. 2008 - Russia.
  5. [5]. 59. Womens Chmp. 2009 - Russia.
  6. [6] დაარქივებული 2021-10-27 საიტზე Wayback Machine. . ПРИКАЗ "О ПРИСВОЕНИИ ПОЧЕТНОГО СПОРТИВНОГО ЗВАНИЯ "ЗАСЛУЖЕННЫЙ МАСТЕР СПОРТА РОССИИ".
  7. [7]. Kosintseva, Berczes, Margvelashvili among the new UT Dallas members.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]