მარიონ კრეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიონ კრეინი
ფსიქო - პერსონაჟი

ჯანეტ ლი ასრულებს მარიონ კრეინის როლს ფილმში „ფსიქო“ (1960 წ.)
პირველი გამოჩენა „ფსიქო“ (1959 წ.)
შემქმნელი რობერტ ბლოხი
მსახიობი ჯანეტ ლი („ფსიქო“ (1960 წ.))
ვერა მაილზი („ფსიქოს“ ტრილერი)
ენ ჰეჩი („ფსიქო“ (1998 წ.))
რიანა („ბეიტსის მოტელი“)
ინფორმაცია
სქესი მდედრობითი
ოჯახი ლილა კრეინი (გარდაცვლილი და)
მარი ლუმისი (გარდაცვლილი დისშვილი; მხოლოდ ფილმში)
მეორე ნახევარი სემ ლუმისი (გარდაცვლილი შეყვარებული/დის ქმარი)

მარიონ კრეინი (ინგლ. Marion Crane; რომანში ასევე ცნობილია, როგორც მარი კრეინი), იგივე მარი სამუელსი — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც შექმნა ამერიკელმა მწერალმა რობერტ ბლოხმა თავის 1959 წლის რომანში „ფსიქო“. ალფრედ ჰიჩკოკის 1960 წლის ეკრანიზაციაში მისი როლი ჯანეტ ლიმ შეასრულა, მის 1998 წლის ვერსიაში - ენ ჰეჩმა, ხოლო ტელესერიალ „ბეიტსის მოტელში“ მარიონი რიანამ განასახიერა (2017 წ.).[1][2] „ფსიქოში“ შესრულებული როლისთვის ლი ოსკარის ნომინაციაზე წარდგა, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი და მოიპოვა ოქროს გლობუსი იმავე კატეგორიაში.

პერსონაჟის ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის მიხედვით, მარიონი ცხოვრობს ფინიქსში (არიზონა), სადაც მუშაობს ბუღალტრად და სემ ლუმისთან (ჯონ გავინი) არსებული ურთიერთობით უკმაყოფილოა, რადგან სემი მასთან დაქორწინებას ვალის გამო ვერ ახერხებს. მარიონი არ მიიღებს მის შემოთავაზებას, რომ ნაშუადღევს სამსახურიდან თავი გაითავისუფლოს და ოფისში ბრუნდება. მისი უფროსი ჯორჯ ლოური (ვონ ტეილორი), რომელსაც ათი წელი იცნობდა, ოფისში მალევე მოდის მდიდარ კლიენტთან, ტომ კესიდისთან (ფრენკ ალბერტსონი) ერთად, რომელიც 40,000 დოლარის ღირებულების სახლის ყიდვას აპირებს, როგორც თავისი ქალიშვილის საქორწინო საჩუქარი. კესიდი ნაღდი ფულით იხდის, რაც ლოურის ცოტა არ იყოს აშფოთებს. მარიონი, რომელსაც კესიდის ფულის ბანკში შეტანა ევალება, ფულს მოიპარავს და გაიქცევა, რათა სემის ვალის გადახდა და მასზე დაქორწინება მოახერხოს. ის გაემგზავრება (გამოგონილ) ქალაქ ფეირველში, კალიფორნიაში, სადაც თავის მანქანას გადაცვლის მას შემდეგ, რაც საგზაო პოლიციის ოფიცერი (მორტ მილსი) მის სანომრე ნიშანს შეამოწმებს. გზის გაგრძელებისას თავისდა უნებურად მთავარი გზიდან გადაუხვევს და ბეიტსის მოტელში აღმოჩნდება. ის რეგისტრაციას გაივლის მოტელის მეპატრონესთან, ნორმან ბეიტსთან (ენტონი პერკინსი), რომელიც მორცხვად სთავაზობს, რომ მასთან ერთად ივახშმოს. როცა მარიონი დარჩენილ თანხას გაზეთში გაახვევს, გაიგონებს ნორმანისა და დედამისის კამათს, რომელიც მისი სახლში შემოშვების უფლებას არ აძლევს.[3]

ვახშმობის დროს, მარიონი ნორმანს ესაუბრება, რომელიც ეუბნება, რომ ის თავისი გონებრივად დაავადებული დედის კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. მარიონმა გაიაზრა, რომ თავადაც საკუთარ „პირად ხაფანგშია“ გამომწყვდეული, რისგან თავის დაღწევასაც ფულის მოპარვისთვის პასუხისმგებლობის აღებით შეძლებს. ის ნორმანს ურჩევს, რომ დედამისი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსოს, რაზეც ნორმანი სიბრაზით ამბობს არა-ს. მარიონი ნორმანს დაემშვიდობება და თავის ოთახში ბრუნდება. ოთახში ის ტანსაცმელს იხდის, რა დროსაც ნორმანი მას ოფისის კედლის ხვრელიდან უთვალთვალებს. დახარჯული თანხის ასანაზღაურებლად მარიონი დაიანგარიშებს, თუ რამდენი დაუჯდა მისი გაქცევა. ამის შემდეგ ის შხაპს იღებს. მოულოდნელად, აბაზანაში იდუმალი ფიგურა შემოდის, რომლის ჩრდილი საშხაპე ფარდას ეცემა და მარიონს დანით სასტიკად კლავს. ნორმანი, რომელსაც სჯერა, რომ მკვლელობა დედამისმა ჩაიდინა, მარიონის შიშველ გვამს საშხაპე ფარდაში გაახვევს და ფულთან და ბარგთან ერთად მანქანაში ჩადებს, რომელსაც ახლომდებარე ჭაობში ჩაძირავს.

რომანისა და ფილმის კულმინაციაში ირკვევა, რომ მარიონი ნორმანმა ალტერნატიული პიროვნების კონტროლის ქვეშ მოკლა. მეორე პიროვნება ჰგავს ნორმანის დედას, რომელიც მან ათი წლის წინ მოკლა. ფსიქიატრი, რომელმაც ნორმანი გამოიკვლია, ხსნის, რომ ის მარიონმა სექსუალურად მიიზიდა, რის გამოც „დედას“ პიროვნებამ ეჭვიანობა დაიწყო და ის მოკლა. ბოლო სცენაში ჩანს, რომ ნორმანი, რომელზეც კონტროლი „დედამ“ სრულიად მოიპოვა, მარიონის მკვლელობისთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს.

ფილმსა და რომანს შორის არსებული განსხვავებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში, მისი სახელია „მარი კრეინი“ და წარმოშობით დელასიდანაა (ტეხასი), ხოლო კვდება მას შემდეგ, რაც ნორმანი თავს მოჰკვეთს; ფილმში მას „დედა“ დანით კლავს. ფილმში მისი სახელი შეცვალეს, როგორც „მარიონი“, რადგან ფინიქსში (არიზონა) მცხოვრებ ერთ-ერთ ადამიანს მარი კრეინი ერქვა. რომანში, მარი (მარიონი) ნორმანის პირველი მსხვერპლია, ხოლო ფილმში ნორმანს მის მოკვლამდე ორი ადამიანი ჰყავს მოკლული.

გამოჩენა ფილმის გაგრძელებებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფსიქოს პირველი გაგრძელება, 1982 წლის „ფსიქო II“ იწყება საშხაპის სცენით. მარიონის და, ლილა კრეინი (ვერა მაილზი), ახლა უკვე ლილა ლუმისი, ყველაფერს აკეთებს ნორმანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დასაბრუნებლად. ფილმს შემოჰყავს ახალი პერსონაჟი, მარი ლუმისი (მეგ ტილი), ლილასა და სემის ქალიშვილი და მარიონის დისშვილი. ორივე მათგანი კვდება; ლილას კლავს „დედას“ გარეგნობის მქონე ქალი (მოგვიანებით გაირკვევა, რომ ის ემა სპული იყო; შესრულებულია კლოდია ბრაირის მიერ), ხოლო მარის პოლიცია ესვრის, როცა ის ნორმანის მოკვლას ცდილობდა.

მეორე გაგრძელებაში, 1986 წლის „ფსიქო III“-ში, საშხაპის სცენა ისევ მეორდება, ამჯერად ნორმანი უყურებს მორინ კოილს (დაიანა სკარუიდი), რომელიც მას მარიონს აგონებს. „დედა“ მორინის მოკვლას ბეიტსის მოტელის ზუსტად იმავე ოთახის აბაზანაში ცდილობს, სადაც მარიონი მოკვდა, თუმცა აღმოაჩენს, რომ მან აბაზანაში თავის მოკვლის მიზნით ვენები გადაიჭრა. მოგვიანებით, როცა ნორმანი მორინს გადაარჩენს, „დედა“ მას კიბეზე დააგორებს და კლავს, სადაც კერძო გამომძიებელი მილტონ არბოგასტი მოკვდა.

ბოლო გაგრძელებაში, 1990 წლის „(ფსიქო IV: დასაწყისი)“ მარიონი არ ჩნდება. მას რამდენიმეჯერ იხსენიებენ, როგორც „გოგონას, რომელიც ნორმანმა საშხაპეში მოკლა“.

კომიქსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიონი ჩნდება 1992 წლის კომიქსში, რომელიც დაფუძნებულია ფილმზე „ფსიქო“ და გამოცემულია Innovation Publishing-ის მიერ.

შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიონის როლი ფილმში „ფსიქო“ შეასრულა ჯანეტ ლიმ, ხოლო მის 1998 წლის ვერსიაში - ენ ჰეჩმა. ლი წარდგა ნომინაციაზე ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში და მოიგო ოქროს გლობუსის ჯილდო მეორეხარისხოვანი როლისთვის. ჰეჩი წარდგა ოქროს ჟოლოს დაჯილდოებაზე, როგორც ყველაზე ცუდი მსახიობი.

ტელესერიალ „ბეიტსის მოტელის“ მეხუთე და საფინალო სეზონში მარიონის როლი რიანამ შეასრულა. მარიონის ეს ვერსია თანამედროვე სტილისაა.[4] სერიალში მარიონი სიეტლში (ვაშინგტონი) მცხოვრები ნოტარიუსია. მას ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს სემ ლუმისთან (ოსტინ ნიკოლსი), რომელიც დაქორწინებულია (თუმცა მარიონმა ამის შესახებ არ იცის). ისინი ერთმანეთს მოტელში ხვდებიან, სადაც სექსის დროს ნორმან ბეიტსი (ფრედი ჰაიმორი) კედლის ხვრელიდან უთვალთვალებს.[5] სემი მარიონს ეუბნება, რომ დიდი ვალი აქვს და მასზე ვერ დაქორწინდება. მარიონი უძრავი ქონების სააგენტოში ბრუნდება და თავის უფროსს, ჯორჯ ლოურის (რაფაელ სბარგე) დაწინაურებას და ხელფასის მომატებას სთხოვს, თუმცა უარს მიიღებს. სასოწარკვეთილი მარიონი ლოურისგან 400,000 დოლარს მოიპარავს, რათა მან და სემმა დაქორწინება მოახერხონ. ის სემის მშობლიურ ქალაქში, თეთრი ფიჭვის ყურეში (ორეგონი) ჩადის და მას ბეიტსის მოტელში შეხვედრას სთხოვს.[6] მარიონი ნორმანს შეხვდება, რომელიც ეუბნება, რომ სემი მას იყენებს და მის მისამართს აძლევს. სემის სახლთან მარიონი დაინახავს, რომ ის და მისი ცოლი კამათობენ და მიხვდება, რომ მთელი ეს დრო ასულელებდა; განრისხებული მარიონი სემი მანქანას ჩაამსხვრევს, რის შემდეგაც მოტელში ბრუნდება და ნორმანისგან ნუგეშის მიღებას ცდილობს. ნორმანს ეშინია, რომ „დედას“ პიროვნება კონტროლს მოიპოვებს და მას მოკლავს, რის გამოც მარიონს წასვლას აიძულებს და აფრთხილებს, რომ უკან აღარასდროს დაბრუნდეს. მარიონი ახალი ცხოვრების დასაწყებად გაემგზავრება, რა დროსაც სემი მოტელში მის მოსაძებნად მიდის. „დედა“ ნორმანს დაარწმუნებს, რომ ის საშხაპეში დანით მოკლას.[7]

გამოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომიქსებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქო“, (1992 წ.)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარიონ კრეინი. comicvine.com. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2016 წ.
  2. ჰიჩკოკის ფილმის წამყვანი ქალბატონები. chron.com. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2016 წ.
  3. ჯეისონ ჰაგსტრომი. (16 ივნისი, 2010 წ.) მარიონი, ნორმანი და მოთხრობების შეჯახება „ფსიქოში“. reel3.com. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2016 წ.
  4. კრისტიან საკლაო. (17 თებერვალი, 2017 წ.) „ბეიტსის მოტელის“ მეხუთე სეზონის სპოილერები: EP საუბრობს რიანას მიერ მარიონ კრეინის შესრულებაზე. International Business Times.
  5. „Dark Paradise“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 1. February 20, 2017. A&E.
  6. „Dreams Die First“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 5. March 20, 2017. A&E.
  7. „Marion“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 6. March 27, 2017. A&E.