ნორმან ბეიტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორმან ბეიტსი
ფსიქო - პერსონაჟი

ენტონი პერკინსი ასრულებს ნორმან ბეიტსის როლს ფილმში „ფსიქო“ (1960 წ.).
პირველი გამოჩენა „ფსიქო“ (1959 წ.)
შემქმნელი რობერტ ბლოხი
მსახიობი ენტონი პერკინსი („ფსიქო“ (1960 წ.) – „ფსიქო IV: დასაწყისი“)
ოზ პერკინსი („ფსიქო II“, მოგონება)
კურტ პოლი („ბეიტსის მოტელი“)
ჰენრი ტომასი და რაიან ფინიგანი („ფსიქო IV: დასაწყისი“, მოგონება)
ვინს ვონი („ფსიქო“) (1998 წ.)
ფრედი ჰაიმორი („ბეიტსის მოტელი“)
ბეკხამ სკოდიე, ლუკ როსლერი და ნიკოლას ჰოლმსი („ბეიტსის მოტელი“, მოგონება)
ინფორმაცია
სქესი მამრობითი
საქმიანობა ბეიტსის მოტელის ყოფილი მფლობელი
ოჯახი ნორმა ბეიტსი (გარდაცვლილი დედა)
ჯონ/სემ ბეიტსი (გარდაცვლილი მამა)
რობერტ ნიუმანი (ტყუპი ძმა; მხოლოდ ბლოხის რომანებში)
დილან მასეტი (ნახევარძმა/ბიძაშვილი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“)
ემა სპული (გარდაცვლილი დეიდა; მხოლოდ ფილმში)
კელებ კალჰუნი (გარდაცვლილი ბიძა დედის მხრიდან; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“)
კეიტ მასეტი (ძმისშვილი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“)
რეი კალჰუნი (გარდაცვლილი ბაბუა; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“)
ფრენსინ კალჰუნი (გარდაცვლილი ბებია; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“)
მეუღლე(ები) ექიმი კონსტანს „კონი“ ფორბს-ბეიტსი (ცოლი; მხოლოდ ფილმში)
ნათესავები ალექს რომერო (გარდაცვლილი მამინაცვალი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“)
ემა დეკოდი (ძმის ცოლი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“)

ნორმან ბეიტსი (ინგლ. Norman Bates) — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც შექმნა ამერიკელმა მწერალმა რობერტ ბლოხმა, როგორც თავისი 1959 წლის რომანის, „ფსიქოს“ მთავარი პროტაგონისტი. ალფრედ ჰიჩკოკის 1960 წლის ეკრანიზაციაში „ფსიქო“ და ფრენჩაიზის მომდევნო ფილმებში მისი როლი შეასრულა ენტონი პერკინსმა. „ფსიქოს“ 1998 წლის ვერსიაში ნორმანის როლი შეასრულა ვინს ვონმა, ხოლო ტელესერიალ „ბეიტსის მოტელში“ (2013-2017 წწ.) — ფრედი ჰაიმორმა.[1]

Universal Studios-ის მიერ წარმოებული ფრენჩაიზისგან განსხვავებით, ნორმანი ბლოხის მომდევნო რომანებში მთავარი ანტაგონისტი არ არის და ჩანაცვლებულია მიმბაძველი მკვლელებით, რომლებიც ნორმანის პიროვნებას მისი სიკვდილის შემდეგ („ფსიქო II“, 1982 წ.) ირგებენ. მიჩნეულია, რომ ნორმან ბეიტსი უისკონსინელი მკვლელით, ედ გეინით არის შთაგონებული. ბლოხმა განაცხადა, რომ „ფსიქოს“ წერა გეინის შესახებ ინფორმაციის გაგებამდე ჰქონდა დაწყებული და გაოგნებული იყო, თუ „როგორ განასახიერებდა მის მიერ გამოგონილი პერსონაჟი ედ გეინს როგორც თვალსაჩინო ქმედებებით, ისე აშკარა მოტივებით.“[2]

პერსონაჟის დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წლის რომანში, მის 1960 წლის ეკრანიზაციასა და 1990 წლის პრიკველში ნაჩვენებია, რომ ნორმანზე დედამისი (ნორმა ბეიტსი) ემოციურად ძალადობდა; ასწავლიდა, რომ სექსუალური კავშირი ცოდვა იყო და ყველა ქალი (მის გარდა) მეძავი იყო. რომანსა და 1990 წლის პრიკველში იგრძნობა, რომ მათი ურთიერთობა შესაძლოა ინცესტური ყოფილიყო.

ნორმანის მამის გარდაცვალების შემდეგ, ის და დედამისი ერთად ცხოვრობდნენ, „თითქოს მთელ სამყაროში მათ გარდა სხვა არავინ არის“. როცა ნორმანმა ზრდასრულ ასაკს მიაღწია, დედამისი შეხვდა ჯო კონსიდაინს (ჩეტ რუდოლფი ფილმში „ფსიქო IV: დასაწყისი“) და მასზე დაქორწინებას გეგმავდა. კონსიდაინმა ნორმა მოტელის გახსნაში დაარწმუნა. ნორმანმა ეჭვიანობა დაიწყო და ისინი სტრიქნინით მოკლა. მან მომხდარი მკვლელობა-სუიციდის სახით შენიღბა, თითქოს ნორმამ კონსიდაინი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. მალევე მას განუვითარდა იდენტურობის დისოციაციური აშლილობა და დედამისის პიროვნება მოირგო, რათა მისი მოკვლით გამოწვეულ სინანულის გრძნობას გაქცეოდა.[3] მას მემკვიდრეობით ერგო მოტელი და სახლი, რომლის სარდაფშიც დედამისის ცხედარს ინახავდა.

ბლოხი ნორმანის მრავალ პიროვნებას აჯამებს მისთვის ჩვეული კალამბურებით: „ნორმანი“, ბავშვი, რომელიც დედას საჭიროებს; „ნორმა“, მესაკუთრე დედა, რომელიც კლავს ყველას, ვინც მისი არსებობის ილუზიას საფრთხეს უქმნის; და ბოლოს „ნორმალი“, სრულიად ფუნქციონირებადი ზრდასრული ადამიანი, რომელიც უხალისოდ აგრძელებს ყოველდღიურ ცხოვრებას. „ნორმა“ დომინირებს და ამცირებს „ნორმანს“ იმდენად, რამდენადაც სიცოცხლეში აკეთებდა; უკრძალავს, რომ მის გარდა დამოუკიდებელი ცხოვრება ჰქონდეს და მკვლელობაზეც არ იხევს უკან მაშინ, როცა ნორმანს ქალი მიიზიდავს. „ნორმა“ და „ნორმანი“ საუბარს ნორმანის საშუალებით ახერხებენ, რომელიც საკუთარ თავსა და ნორმას ცხედარს დედამისის ხმით ელაპარაკება, ხოლო როცა „ნორმა“ მის სხეულს სრულიად ეპატრონება, ნორმანი დედამისის ტანსაცმელს იცვამს.[4]

„ფსიქო“ (რომანი და ფილმი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოხის 1959 წლის რომანსა და ჰიჩკოკის 1960 წლის ფილმში, მარიონ კრეინი (ჯანეტ ლი), ახალგაზრდა ქალი, რომელმაც უფროსისგან ფული მოიპარა, ღამის გასათევად ბეიტსის მოტელში ჩერდება. ნორმანი მოიხიბლება და მორცხვობით სთავაზობს, რომ სახლში მასთან ერთად ივახშმოს. „დედა“ განრისხდება და ნორმანს მისი მოკვლით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ სახლში შემოუშვებს. ნორმანი მას სძლევს და ყველაფრის მიუხედავად, მარიონთან ივახშმებს, მაგრამ მასზე ბრაზდება, როცა მან დედამისის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება შესთავაზა. როცა მარიონი თავის ოთახში შხაპის მისაღებად ბრუნდება, ნორმანი ხვრელიდან უთვალთვალებს, რომელიც მან კედელში თავად გახვრიტა. „დედა“ კონტროლს მოიპოვებს და მარიონს საშხაპეში დანით კლავს. როცა ნორმანი გონს მოდის და დანაშაულს აღმოაჩენს, რომელიც მისი აზრით, დედამისმა ჩაიდინა, მარიონის ცხედარს, ფულს და ბარგს მანქანაში ჩადებს და ახლომდებარე ჭაობში ჩაძირავს. „დედა“ ასევე კლავს კერძო დეტექტივს, მილტონ არბოგასტს (მარტინ ბალსამი), რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ მარიონის უფროსმა დაიქირავა.

ნორმანს საბოლოოდ დაიჭერენ, როცა მარიონის და, ლილა (ვერა მაილზი) და შეყვარებული, სემ ლუმისი (ჯონ გავინი), მოტელში მარიონის მოსაძებნად მიდიან. როცა ნორმანი მათ განზრახვას მიხვდება, ის სემს გათიშავს და ლილას აედევნება, რომელმაც სახლში მისის ბეიტსის ცხედარს მიაკვლია. „დედას“ პიროვნებად გარდასახული ნორმანი მას თავს ესხმის, თუმცა გონს მოსული სემი მას აჩერებს და საბოლოოდ, პოლიცია ნორმანს აკავებს. ნორმანს შეშლილად გამოაცხადებენ და დაწესებულებაში გზავნიან, სადაც მის გონებას „დედა“ სრულიად დაეპატრონება: ის „გადაიქცა“ დედამისად.[4][5]

რომანის გაგრძელებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ფსიქო II“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოხის რომანის 1982 წლის გაგრძელებაში „ფსიქო II“, ნორმანი მონაზონს კლავს და ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცევა. გზად გამვლელ მანქანას გაჰყვება და მძღოლის მოკვლას შეეცდება, თუმცა ვერ მოახერხებს. ეს გამოიწვევს ავარიას, რომელსაც მძღოლი გადაურჩება, თუმცა ნორმანი იღუპება. ამასობაში, ექიმი ადამ კლაიბორნი, რომელმაც ნორმანის ცხედარი აღმოაჩინა, მის პიროვნებას მოირგებს და ხალხის ხოცვას იწყებს.[6]

„ფსიქოს სახლი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოხის მეორე რომანის 1990 წლის გაგრძელებაში „ფსიქოს სახლი“, ნორმანი ბეიტსის მოტელში ანიმაციის სახით ეკრანზე ჩნდება, თავად მოტელი კი ტურისტულ ატრაქციონად არის გადაკეთებული.

„ფსიქო: სანატორიუმი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეტ უილიამსონის 2016 წლის გაგრძელებაში „ფსიქო: სანატორიუმი“, ექიმი ფელიქს რიდი ცდილობს ნორმანის კატატონიური მდგომარეობიდან გამოყვანას. „სანატორიუმში“ ვხვდებით ახალ პერსონაჟს, რობერტ ნიუმანს, ნორმანის ტყუპისცალ ძმას, რომლებიც დაბადებისას ერთმანეთს დააშორეს, რადგან ექიმის განცხადებით რობერტს გონებრივი დაზიანება გააჩნდა. როცა ნორმანი და რობერტი ერთმანეთს იცნობენ, ნორმანი მასში სიბნელეს იგრძნობს, რომელიც იმაზე უფრო ღრმაა, ვიდრე თავად ნორმანს ჰქონდა.

ფილმის გაგრძელებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ფსიქო II“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიგინალი ფილმის პირველ გაგრძელებაში „ფსიქო II“, დაკავებიდან 22 წლის შემდეგ ნორმან ბეიტსს, რომელიც განკურნებულია, დაწესებულებიდან ათავისუფლებენ. ის შეხვდება და უყვარდება მარი ლუმისი (მეგ ტილი), მარიონ კრეინის დისშვილი. იდუმალებით მოცული მკვლელობების მთელი რიგი სერიები და დედამისისგან მიღებული შეტყობინებები ნორმანის ფსიქიკას ნელ-ნელა არყევს. გაირკვევა, რომ ეს ყველაფერი მარის დედის, ლილა ლუმისის მოწყობილია, რომელიც ნორმანის ჭკუიდან გადაყვანას და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაბრუნებას ცდილობს. ნამდვილი მკვლელი კი აღმოჩნდება ნორმანის თანამშრომელი, ემა სპული (კლოდია ბრაიარი). ვიდრე ნორმანი ამას გაიგებს, მარი ლუმისს პოლიცია კლავს, რომელიც დედამისის ცხედრის პოვნის შემდეგ ნორმანის მოკვლას აპირებდა. რეალურად ლილა კრეინი მისის სპულმა მოკლა. როცა სპული ნორმანს ეუბნება, რომ ის მისი ნამდვილი დედაა, ნორმანი მას კლავს და მის ცხედარს შეინახავს, ხოლო „დედას“ პიროვნება ისევ ბრუნდება.[7]

„ფსიქო III“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წლის ფილმში „ფსიქო III“, რომელშიც სიუჟეტი წინა ფილმის მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგ ხდება, ნორმანი წარუმატებლად ებრძვის „დედას“ დომინირებას. ის გაიცნობს სასიყვარულო ინტერესს, მორინ კოილს (დაიანა სკარუიდი), რომელსაც ბოლოს „დედა“ კლავს. ფილმში, მისის სპულის ცხედარი პირველად ხელმოცარულმა მუსიკოსმა დუან დუკმა (ჯეფ ფეიი) აღმოაჩინა, რომელსაც ნორმანი კლავს, რადგან ამ აღმოჩენით მის დაშანტაჟებას აპირებდა. ტრეისი ვენეიბლი (რობერტა მაქსველი), ნორმანის საქმით დაინტერესებული ჟურნალისტი, გაარკვევს, რომ სპული სინამდვილეში ნორმანის დეიდა, ნორმა ბეიტსის და იყო, რომელსაც ნორმანის მამა შეუყვარდა და მოკლა, რადგან მან ნორმა აირჩია. სპულმა შემდეგ ნორმანი მოიტაცა და სჯეროდა, რომ ის მისი შვილი იყო, თუმცა მას აპატიმრებენ და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გზავნიან, ხოლო ნორმანს დედამისთან აბრუნებენ.

„დედა“ ნორმანს ტრეისის მოკვლას ავალებს, თუმცა ნორმანი მისის სპულის ცხედარს გაანადგურებს, რათა თავი დააღწიოს მის კონტროლს. ამის შემდეგ მას აკავებენ და დაწესებულებაში აბრუნებენ.[8]

„ფსიქო IV: დასაწყისი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ფსიქო IV: დასაწყისი“ (1990 წ.), სერიების ბოლო ფილმი, მეორე და მესამე ფილმებში აღწერილ ამბავს თავდაყირა აყენებს. აქ ნაჩვენებია, რომ ნორმანის მამა ფუტკრებმა მოკლეს, რითაც ქრება ემა სპულის არსებობა. ამ ფილმში ნორმანი დაწესებულებიდან გამოდის და ცოლად მოჰყავს საავადმყოფოს ერთ-ერთი ფსიქოლოგი, სახელად კონი (დონა მიტჩელი). როცა ის დაორსულდება, ნორმანი კონის დედამისის სახლში შეიტყუებს და მის მოკვლას შეეცდება, რათა სამყაროს მასსავით „დაწყევლილი“ ადამიანი არ მოევლინოს; ფილმიდან ნათელი ხდება, რომ მისის ბეიტსი (ოლივია ჰასი) დაავადებული იყო შიზოფრენიითა და ნარცისული პიროვნების აშლილობით, რაც ნორმანს მემკვიდრეობით ერგო. მას ბოლო წუთს გული მოულბება და დედამისის სახლის დაწვას გადაწყვეტს, რათა მის წარსულს თავი დააღწიოს. ამ პროცესში მას ეჩვენება „დედა“ და მისი რამდენიმე მსხვერპლი. ნორმანი სახლის განადგურებისას კინაღამ იღუპება. საბოლოოდ, ის თავისუფალია დედამისის ხმისგან, რომელიც გამოშვებას ითხოვდა. ამ ფილმში ენტონი პერკინსმა ნორმან ბეიტსის როლი უკანასკნელად შეასრულა; ჰენრი ტომასმა კი თინეიჯერი ნორმანი განასახიერა.[9]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბეიტსის მოტელი“ (ფილმი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წლის სატელევიზიო ფილმში სახელად „ბეიტსის მოტელი“, ნორმანი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან არასოდეს გამოდის. ის იქ უმეგობრდება ალექს უესტს (ბად კორტი), რომელმაც მამინაცვალი მოკლა. ხანდაზმული ნორმანი სიკვდილის წინ მას ანდერძით უტოვებს მოტელსა და სახლს.[10]

„ბეიტსის მოტელი“ (ტელესერიალი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელესერიალი „ბეიტსის მოტელი“, 1960 წლის „ფსიქოს“ თანამედროვე პრიკველი, რომელშიც სიუჟეტი თანამედროვე პერიოდში ვითარდება, ასახავს ახალგაზრდა ნორმან ბეიტსის (ფრედი ჰაიმორი) ცხოვრებას დედამისთან (ვერა ფარმიგა), ნორმასთან ერთად. სერიალში ნორმანს ჰალუცინაციები და გათიშვები ემართება, ხოლო „დედას“ პიროვნებად ჯერ კიდევ ნორმას სიცოცხლეში გარდაისახება. ის დისოციაციურ მდგომარეობაში კლავს მოძალადე მამას, სემს, რის შემდეგაც ნორმა მის დასაცავად არიზონადან თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში გადაიყვანს.[11] სერიალში ასევე არიან ნორმას მეორე ვაჟი, ნორმანის ნახევარძმა დილან მასეტი (მაქს ტირიოტი) და მისი სასიყვარულო ინტერესი, ნორმანის კლასელი ემა დეკოდი (ოლივია კუკი), რომელიც დაავადებულია კისტური ფიბროზით.

„დედად“ გარდასახული ნორმანი კლავს ბლერ უოტსონს (კიგენ კონორ ტრეისი), მის ერთ-ერთ მასწავლებელს, რომელმაც ის შეაცდინა;[12] ბრედლი მარტინს (ნიკოლა პელცი), გოგონა, რომლის მიმართაც ნორმანს გრძნობები გააჩნდა[13] და ოდრი ელის დეკოდის (კარინა ლოგი), ემას დედა.[14] ნორმანის ფსიქიკური მდგომარეობით შეშფოთებული ნორმა მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოკლე დროით მოათავსებს.[15] იქ ყოფნისას ნორმანს ახსენდება, თუ როგორ გააუპატიურა ნორმა მამამისმა მისი თანდასწრებით; ნაგულისხმებია, რომ მის ფსიქიკას სწორედ ამ ტრავმამ მიაყენა ზიანი.[16]

როცა ნორმანის ფსიქიკური მდგომარეობა უარესდება, ნორმა ქორწინდება ქალაქის შერიფზე, ალექს რომეროზე (ნესტორ კარბონელი), რათა მისი დაზღვევით ნორმანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მოახერხოს. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების თავდაპირველი მიზანი ფინანსებთან იყო დაკავშირებული, მათ საბოლოოდ ერთმანეთი უყვარდებათ. როცა ნორმანი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოდის და ქორწინების შესახებ გაიგებს, მეტისმეტად ეჭვიანობს და ცდილობს დედამისისა და საკუთარი თავის მოკვლას ნახშირბადის მონოოქსიდით. რომერო ბეიტსების სახლში დროულად მიდის და დედა-შვილის გადარჩენას შეეცდება, თუმცა მხოლოდ ნორმანის გადარჩენას მოახერხებს.[17] რომერო სიმართლეს გაიგებს და ნორმანზე შურისძიებას დაიფიცებს, თუმცა ცრუმოწმეობისთვის აპატიმრებენ. ამასობაში, ნორმანი, რომელიც დედამისის დაკარგვას ვერ უძლებს, მის ცხედარს ამოთხრის და ექმნება იმის ილუზია, რომ ის ისევ ცოცხალია.[18]

ორი წლის შემდეგ, ნორმანი მოტელს მარტო განაგებს და სახლში ნორმას ცხედართან ერთად ცხოვრობს, რომელსაც სარდაფში გაყინულს ინახავს. ის და „დედას“ პიროვნება ერთად ცხოვრობენ ისე, თითქოს მათ გარდა ამ ქვეყნად არავინ არსებობდეს. „დედა“ ნორმანის პრობლემებს აგვარებს, მაგალითად ის კლავს რომეროს მიერ გამოგზავნილ დაქირავებულ მკვლელს[19] და თავიდან იშორებს ნორმანის ბიძას, კელებს, რომელმაც სიმართლე გაიგო.[20] ნორმანს უყვარდება მედელინ ლუმისი (იზაბელ მაკნელი), რომელიც ნორმას ძალიან ჰგავს, და რომელსაც მეუღლე, სემი (ოსტინ ნიკოლსი) ღალატობს. „დედა“ ეჭვიანობას იწყებს, ნორმანის სხეულს დაეპატრონება, ნორმას ტანსაცმელს ჩაიცვამს და ჰომოსექსუალთა კლუბში მამაკაცთან სექსი აქვს.[21] ნორმანს საბოლოოდ უჩნდება ეჭვი, რომ „დედა“ რეალური არ არის, რომელიც უდასტურებს, რომ ის თავად ნორმანმა შექმნა თავის გონებაში, რათა გამკლავებოდა და დაევიწყებინა ისეთი მოვლენები, რასაც ვერ გადაიტანდა, მაგალითად, მამამისის ძალადობას.[22]

როცა სემის საყვარელი, მარიონ კრეინი (რიანა) მოტელში ღამის გასათევად მივა, ნორმანი მასთან ერთად ივახშმებს და ეტყვის, რომ სემი დაქორწინებულია. მარიონი მოტელში ბრუნდება მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით დაინახავს, რომ სემი მოღალატეა და ცდილობს ნუგეში ნორმანისგან მიიღოს. ნორმანს ეშინია, რომ „დედა“ მას მოკლავს, ამიტომ მარიონს წასვლას აიძულებს და აფრთხილებს, რომ უკან აღარასდროს დაბრუნდეს. როცა სემი მოტელში მარიონის მოსაძებნად ბრუნდება, „დედა“ ნორმანს დაარწმუნებს, რომ ის სააბაზანოში მოკლას.[22]

დილანი ნორმანის სანახავად ბრუნდება, როცა ნორმას გარდაცვალების შესახებ შეიტყობს. ისინი ჩხუბს დაიწყებენ და „დედა“ მის მოკვლას შეეცდება. შეძრწუნებულმა ნორმანმა საკუთარი თავის შესაჩერებლად 911-ზე დარეკა და სემის მკვლელობა აღიარა.[23] როცა ნორმანი ციხეშია, შერიფი გრინი (ბრუკ სმიტი) მისი სხვა მსხვერპლების სხეულებს იპოვის, და ბრალდებას ამ მკვლელობებისთვისაც უყენებს.[24] როცა ნორმანი სასამართლოს მოლოდინშია, რომერო, რომელიც ციხიდან გაიქცა, ნორმანს საპყრობილედან გაიტაცებს.[25] ისინი ტყეში წავლენ, სადაც ნორმანმა ნორმას ცხედარი გადამალა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკა დაიწყო. „დედა“ რომეროს თავისივე იარაღით კლავს, რომელიც სიკვდილის წინ ეუბნება, რომ მან საკუთარი დედა მოკლა. როცა ნორმანი საბოლოოდ დაიჯერებს, რომ ნორმა მან მოკლა, „დედა“ მას სამუდამოდ ემშვიდობება, რადგან სიმართლის გაგების შემდეგ მის დასაცავად საჭირო აღარ არის.[26]

მარტო დარჩენილი ნორმანი რეალობასთან ყოველგვარ კავშირს კარგავს. მისი გონება თეთრი ფიჭვის ყურეში გადმოსვლის შემდეგ მომხდარ მოვლენებს სრულიად ივიწყებს და წარსულში ბრუნდება. ის ნორმას ცხედარს მანქანაში ჩასვამს და სახლში მიდის, თუმცა სჯერა, რომ დედამისი ცოცხალია და მასთან იგივე დიალოგს მართავს, რაც მოტელში პირველად გადმოსვლის დროს ჰქონდათ. მოგვიანებით, ნორმანი დილანს „ოჯახურ ვახშამზე“ იწვევს, ხოლო სავახშმო მაგიდასთან ნორმას ცხედარი დასვამს. როცა დილანი ნორმანს ეუბნება, რომ ნორმა მკვდარია, ის დილანს აიძულებს, რომ იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს. ნორმანს სიკვდილის წინ ეჩვენება დედამისი, რომელსაც ეხუტება, რის გამოც დილანს მადლობას უხდის.[26]

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში „ფსიქო“ ნორმან ბეიტსის პერსონაჟი დაფუძნებულია ორ ადამიანზე. პირველი იყო რეალური მკვლელი ედ გეინი, რომელთანაც გამოგონილ შეხვედრაზე ბლოხმა 1962 წელს დაწერა „ედ გეინის სასაკლაო“.[27]. მეორე ადამიანი კი არის კელვინ ბეკი, „ფრანკენშტეინის სასახლის“ გამომცემელი, რაც არაერთმა პირმა დაადასტურა, მათ შორის ნოლ კარტერმა (ლინ კარტერის მეუღლე), კრის სტრეინბრენერმა და თავად ბლოხმა.[27]

ნორმან ბეიტსის დამახასიათებელი თვისებები რომანსა და ფილმში კონკრეტული ასპექტებით განსხვავდება. რომანში, ნორმანი 40 წელს გადაცილებული, დაბალი, ჭარბწონიანი და ულამაზო მამაკაცია, ხოლო ფილმში — 20 წელს გადაცილებული, მაღალი, სუსტი და სიმპათიური. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმზე მუშაობისას ჰიჩკოკს სურდა, რომ მაყურებლებს ნორმანისადმი სიმპათიის გრძნობა გაჩენოდათ და პერსონაჟი მოსწონებოდათ.[28] რომანში ნორმანი „დედას“ პიროვნებად დალევისა და გათიშვის შემდეგ გარდაისახება; ხოლო ფილმში პიროვნებებს ფხიზელ მდგომარეობაშიც იცვლის. და ბოლოს, რომანში „დედას“ პირველი მსხვერპლი მარი კრეინია, თუმცა ფილმში „დედამ“ მარიონის მოკვლამდე ორი მკვლელობა ჩაიდინა.

რომანში ნორმანი კარგად განსწავლულია ოკულური და ეზოთერიკული მწერლების, როგორებიც არიან პეტრე უსპენსკი და ალისტერ კროული, ნაშრომებში. მან იცის, რომ „დედას“ არ მოსწონს მწერლების ანტირელიგიური განწყობა.

შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ ბლოხის რომანის ჰიჩკოკის ეკრანიზაციასა და მის სამ გაგრძელებაში ნორმანის როლს ენტონი პერკინსი ასრულებს.[29] პერკინსმა 1976 წელს გადაცემის „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“ ეპიზოდის რამდენიმე სკეტჩში შეასრულა ნორმან ბეიტსის როლი, მათ შორის საგანმანათლებლო ვიდეოში სახელად „სასტუმროს მენეჯმენტის სკოლა ნორმან ბეიტსთან ერთად“. მან ნორმანის როლი ასევე შეასრულა 1990 წლის სატელევიზიო რეკლამაში. ნორმანის როლი ფსიქოს 1998 წლის ვერსიაში შეასრულა ვინს ვონმა, ხოლო კურტ პოლმა, რომელიც პერკინსის დუბლიორი იყო ფილმებში „ფსიქო II“ და „ფსიქო III“, ნორმანის როლი შეასრულა ფილმში „ბეიტსის მოტელი“. პერკინსის შვილმა, ოზმა განასახიერა მცირეწლოვანი ნორმანი ფილმში „ფსიქო II“. ჰენრი ტომასმა შეასრულა ახალგაზრდა ნორმანის როლი ფილმში „ფსიქო IV: დასაწყისი“. ფრედი ჰაიმორმა განასახიერა ნორმანი ტელესერიალში „ბეიტსის მოტელი“. ამ როლისთვის ის ორჯერ წარდგა კრიტიკოსთა არჩევანის დაჯილდოებისა და სატურნის პრემიის ნომინაციებზე და მოიპოვა 2017 წლის ხალხის არჩევანის ჯილდო.[30]

კომიქსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორმანი ჩნდება 1992 წლის კომიქსში, რომელიც დაფუძნებულია 1960 წლის ფილმზე „ფსიქო“, ხოლო გამოშვებულია Innovation Publishing-ის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ კომიქსი წარმოადგენს ჰიჩკოკის ფილმის ადაპტაციას, ნორმანის პიროვნება ბლოხის ორიგინალი რომანზე არის დაფუძნებული: შუახნის, ჭარბწონიანი, გამელოტებული მამამაკაცი. კომიქსის მხატვარმა ფილიპ ეჩევარიამ ახსნა, რომ ნორმანის ფილმისეული ვერსია ენტონი პერკინსის მოთხოვნის გამო არ აირჩიეს.[31]

შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორმან ბეიტსი ამერიკის კინოინსტიტუტის AFI-ის გმირებისა და ბოროტმოქმედების 100-ეულში მეორე ადგილზეა,[32] ჰანიბალ ლექტერსა და დართ ვეიდერს შორის. მის ცნობილ ფრაზას „ბიჭის საუკეთესო მეგობარი დედამისია“ (A boy's best friend is his mother) კინოინსტიტუტის „დიდებული ფილმების გამონათქვამების 100-ეულში“ 56-ე ადგილი უკავია.[33] 2008 წელს, ნორმან ბეიტსი Empire Magazine-მა „ასი უდიდესი ფილმის პერსონაჟის“ სიაში შეიყვანა.[34] ბეიტსი მეოთხე ადგილზეა ჟურნალ „Premiere“-ის „ყველა დროის უდიდესი ფილმის პერსონაჟების 100-ეულში".[35]

გამოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომიქსებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქო“ (1992 წ.)


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გილბერტ კრუზი (25 მარტი, 2013 წ.). „We All Go a Little Mad Sometimes: ნორმან ბეიტსისა და ფსიქოს ოთხი გაგრძელების შესახებ“. Vulture.com. ნიუ-იორკი: New York Media. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2017 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. პაულა გურანი. (1999 წლის აგვისტო) ბეიტსის მოტელის მიღმა: რობერტ ბლოხი. Dark Echo Horror Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-14. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2018 წ..
  3. Breslow, Peter (1 ივლისი, 2008 წ.). „ნორმან ბეიტსი: ყველაზე შემზარავი დედას ბიჭი“. NPR.org. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2017 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 ბლოხი, რობერტ (1959 წ.). ფსიქო. ნიუ-იორკი: Simon & Schuster. ISBN 978-1590203354. 
  5. ალფრედ ჰიჩკოკი (რეჟისორი). (8 სექტემბერი, 1960 წ.). ფსიქო. [DVD]. აშშ: Paramount Pictures.
  6. ბლოხი, რობერტ (1982 წ.). ფსიქო II. Venice, კალიფორნია: Whisper Press. ISBN 978-0-918372-08-6. 
  7. რიჩარდ ფრანკლინი (რეჟისორი). (3 ივნისი, 1983 წ.). ფსიქო II. [DVD]. აშშ: Universal Pictures.
  8. ენტონი პერკინსი (რეჟისორი). (2 ივლისი, 1986 წ.). ფსიქო III. [DVD]. აშშ: Universal Pictures.
  9. მიკ გარისი (რეჟისორი). (10 ნოემბერი, 1990 წ.). ფსიქო IV: დასაწყისი. [DVD]. აშშ: Universal Pictures.
  10. რიჩარდ როტსტეინი (რეჟისორი). (5 ივლისი, 1987 წ.). ბეიტსის მოტელი. [DVD]. აშშ: Universal Pictures.
  11. „The Truth“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 1. ეპიზოდი 6. April 22, 2013. A&E.
  12. „Midnight“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 1. ეპიზოდი 10. May 13, 2013. A&E.
  13. „Unconscious“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 3. ეპიზოდი 10. May 13, 2015. A&E.
  14. „A Danger to Himself and Others“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 4. ეპიზოდი 1. March 7, 2016. A&E.
  15. „Goodnight, Mother“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 4. ეპიზოდი 2. March 14, 2016. A&E.
  16. „The Vault“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 4. ეპიზოდი 6. April 18, 2016. A&E.
  17. „Forever“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 4. ეპიზოდი 9. May 9, 2016. A&E.
  18. „Norman“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 4. ეპიზოდი 10. May 16, 2016. A&E.
  19. „Dark Paradise“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 1. February 20, 2017. A&E.
  20. „Bad Blood“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 3. March 6, 2017. A&E.
  21. „Dreams Die First“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 5. March 20, 2017. A&E.
  22. 22.0 22.1 „Marion“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 6. March 27, 2017. A&E.
  23. „Inseparable“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 7. April 3, 2017. A&E.
  24. „The Body“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 8. April 3, 2017. A&E.
  25. „Visiting Hours“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 9. April 17, 2017. A&E.
  26. 26.0 26.1 „The Cord“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 10. April 24, 2017. A&E.
  27. 27.0 27.1 სტეისი კონრადტი (18 მარტი, 2013 წ.). „ყველაფერი, რაც ნორმან ბეიტსის შესახებ უნდა იცოდეთ“. Mental Floss. ნიუ-იორკი: Dennis Media. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2017 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  28. ჯანეტ ლი (1995 წ.). ფსიქო : კლასიკური თრილერის კადრს მიღმა. ისტონი, პენსილვანია: Harmony Press. ISBN 978-0-517-70112-6. 
  29. დევიდ ფერელი (13 სექტემბერი, 1992 წ.). „ენტონი პერკინსი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა; „ფსიქოს“ ვარსკვლავს შიდსი ჰქონდა“. Los Angeles Times. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია: Tronc. ISSN 0458-3035. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2017 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  30. სვიფტი, ენდი. (21 იანვარი, 2017 წ.) 2017 წლის ხალხის არჩევანის ჯილდოს გამარჯვებულები: პრიანკა ჩოპრა, „უცხოელი“ და სხვა. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2017 წ.
  31. Johnston, Rich. (31 აგვისტო, 2016 წ.) ფილიპ ეჩევარია საუბრობს ენტონი პერკინსის შესახებ. Bleeding Cool. Avatar Press. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2018 წ..
  32. AFI-ის გმირებისა და ბოროტმოქმედების 100-ეულში. afi.com. ამერიკის კინოინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-03. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2018 წ..
  33. AFI-ის დიდებული ფილმების გამონათქვამების 100-ეული. afi.com. ამერიკის კინოინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-15. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2018 წ..
  34. „100 უდიდესი ფილმის პერსონაჟი“. Empire. ლონდონი, ინგლისი: Bauer Consumer Media. 29 ივნისი, 2015 წ. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2018 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  35. „ყველა დროის უდიდესი ფილმის პერსონაჟების 100-ეული“. Premiere. ნიუ-იორკი: Hachette Filipacchi Media U.S. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2018 წ.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)