იდენტურობის დისოციაციური აშლილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იდენტურობის დისოციაციური აშლილობა
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 F44.8
ICD-9 300.14
eMedicine med/3484

იდენტურობის დისოციაციური აშლილობა (აგრეთვე გამოიყენება დიაგნოზი პიროვნების გაორება) — ძალიან იშვიათი ფსიქიკური აშლილობა დისოციაციური აშლილობების ჯგუფიდან. მის დროს ადამიანის პიროვნება იყოფა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი ადამიანის სხეულში არსებობს რამდენიმე სხვადასხვა პიროვნება (ან, სხვა ტერმინოლოგიის მიხედვით, ეგო-მდგომარეობა). ამასთანავე გარკვეულ მომენტებში ადამიანში ხდება „გადართვა“ და ერთი პიროვნება ცვლის მეორეს. ამ „პიროვნებებს“ შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა სქესი, ასაკი, ეროვნება, ტემპერამენტი, გონებრივი შესაძლებლობები, მსოფლმხედველობა, განსხვავებული რეაქცია ერთსა და იმავე სიტუაციებზე[1]. „გადართვის“ შემდეგ მოცემულ მომენტში აქტიურ პიროვნებას არ შეუძლია იმის გახსენება, თუ რა ხდებოდა, სანამ მეორე პიროვნება იყო აქტიური.

ამ აშლილობის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს მძიმე ემოციური ტრავმები ადრეულ ასაკში, გამეორებადი ექსტრემალური ფიზიკური, სექსუალური ან ემოციური ძალადობა[1]. მოცემული აშლილობა უკიდურესი გამოვლინებაა დისოციაციისა — ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმის, რომლის დროსაც ადამიანი მასთან მომხდარი მოვლენების აღქმას იწყებს ისე, თითქოს ისინი სხვას შეემთხვა. ეს მექანიზმი სასარგებლოა, რადგან იგი ადამიანს საშუალებას აძლევს, დაიცვას თავი ზედმეტი, ძნელად ასატანი ემოციებისგან, მაგრამ ამ მექანიზმის გადაჭარბებული აქტიურობის შემთხვევაში ჩნდება დისოციაციური აშლილობა. ფართოდ გავრცელებული მცდარი მოსაზრების მიუხედავად, დისოციაციური აშლილობა არაა დაკავშირებული შიზოფრენიასთან.

ამ დაავადების დიდი იშვიათობის გამო იდენტურობის დისოციაციური აშლილობის არსებობა დიდი ხნის განმავლობაში ეჭვის ქვეშ იყო.

დიაგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად პიროვნების გაყოფის ფენომენის აღსანიშნად უმეტესწილად გამოიყენება დიაგნოზი იდენტურობის დისოციაციური აშლილობა (ინგლ. dissociative identity disorder, DID), რომელიც მიღებულია ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ ცნობარში (DSM-IV). ძველად ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა დიაგნოზი მრავალრიცხოვანი პიროვნებების აშლილობა (ინგლ. multiple personality disorder, MPD), რომელიც მიღებული იყო დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით (დსკ-10). დიაგნოზითვის მიღებული ამჟამინდელი ტერმინი, სპეციალისტების უმრავლესობის აზრით, უფრო მეტად კორექტულია, რადგან პაციენტის თვითიდენტურობის ნაწილები, რომლებიც წარმოიქმნება მისი პიროვნებისგან გამოყოფის (დისოციაციის) შედეგად, არ შეიძლება ჩავთვალოთ დამოუკიდებელ სრულყოფილ პიროვნებებად, თუმცა არაოფიციალურად მათ ასე უწოდებენ, როცა უფრო მეტად შესაფერისი სიტყვა არ მოიძებნება.

DSM-IV-ის თანახმად, იდენტურობის დისოციაციური აშლილობა დიაგნოზირდება იმ შემთხვევაში, თუ მართებულია 4 შემდეგი კრიტერიუმი[2]:

  1. პაციენტს აქვს ორი ან მეტი განსხვავებული იდენტურობა ან პიროვნული მდგომარეობა, ამასთანავე თითოეული მათგანი ფლობს მსოფლმხედველობის მყარ მოდელს, საკუთარ თვალსაზრისსა და დამოკიდებულებას სინამდვილესთან.
  2. ამ იდენტურობებიდან უკიდურეს შემთხვევაში ორი მაინც ერთმანეთის მონაცვლეობით იკავებს კონტროლს პაციენტის ქცევაზე.
  3. პაციენტს არ შეუძლია საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გახსენება და ეს ჩვეულებრივი გულმავიწყობის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება.
  4. მოცემული მდგომარეობა არ დამყარებულა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, სხვა მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით ან ავადმყოფობისგან (მაგალითად, კომპლექსური პარციული შეტევით). მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებში მოცემული სიმპტომები არ აგვერიოს გამოგონილ მეგობართან თამაშში ან სხვა თამაშებში, რომელთა დროსაც გამოიყენება ფანტაზიები.

ახალი პიროვნებების გაჩენის მიუხედავად, საწყისი პიროვნება, რომელიც ატარებს ადამიანის რეალურ სახელსა და გვარს, მათ შორის რჩება. ადამიანის შიგნით პიროვნებების რაოდენობა შეიძლება იყოს დიდი და გაიზარდოს წლებთან ერთად. ხშირ შემთხვევაში ეს აიხსნება იმით, რომ ადამიანი საკუთარ თავში გაუაზრებლად „გამოიმუშავებს“ ახალ პიროვნებებს, რომლებსაც შეუძლიათ მას დაეხმარონ ამა თუ იმ სიტუაციასთან გამკლავებაში. ამგვარად, თუკი მკურნალობის დასაწყისში ფსიქოთერაპევტი ჩვეულებრივ დიაგნოსტირებს 2-4 პიროვნებას, მკურნალობის პროცესში ჩნდება კიდევ 10-12. ზოგჯერ პიროვნებების რაოდენობა აღემატება ასს. პიროვნებებს აქვთ სხვადასხვა სახელი, საუბრისა და ჟესტიკულაციის და სიარულის მანერა, მიმიკა და ხელწერაც კი. როგორც წესი, პიროვნებამ არ იცის მის სხეულში სხვა პიროვნებების არსებობის შესახებ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]