ორტენზია მანჩინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორტენზია მანჩინი
წოდებები
მაზარინისა და მაინის ჰერცოგინია
შატო პორსიენის პრინცესა
დაიბადა 6 ივნისი, 1646
რომი, იტალია
გარდაიცვალა 2 ივლისი, 1699, (53 წლის)
ლონდონი, ინგლისი
საგვარეულო მანჩინები
მეუღლე(ები) არმან შარლ დე ლა პორტ დე ლა მიელერაიე
შვილ(ებ)ი მარი შარლოტი
მარი ანა
მარი ოლიმპია
პოლ ჟიული
მამა ლორენცო მანჩინი
დედა ჯიროლამა მაზარინი
რელიგია კათოლიციზმი

ორტენზია მანჩინი (იტალ. Ortensia Mancini, ფრანგ. Hortense Mancini; დ. 6 ივნისი, 1646 — გ. 2 ივლისი, 1699) — იტალიელი არისტოკრატი, კარდინალი მაზარინის დისწული და ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის საყვარელი. იგი მანჩინის საგვარეულოს ხუთი გამოჩენილი დიდან მეოთხეა, რომელიც თავისი მარტინოცი ბიძაშვილებისა და კარდინალის დახმარებით მოხვდა მეფე ლუი XIV-ის კარზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორტენზია დაიბადა 1646 წლის 6 ივნისს რომში, პაპის სამფლობელოში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ლორენცო მანჩინისა და მისი მეუღლის, ჯიროლამა მაზარინის შუათანა ქალიშვილი. ორტენზიას ოთხი და ჰყავდა: ლაურა, ოლიმპია, მარია და მარია ანა. ის და მისი დები თავიდანვე იქცნენ ბიძის, კარდინალი მაზარინის სამიზნეებად, რათა მათი სარფიანი ქორწინებით მაზარინებსა და მანჩინებს სტატუსი აემაღლებინათ.

მას შემდეგ, რაც რომაელი დიდებული — ანა მარია მარტინოცი ცოლად გაჰყვა კონტის პრინც არმან დე ბურბონს, მეფე ლუი XIV-ის ბიძაშვილს, დები მანჩინები კარდინალის ხელშეწყობით მისი სეფექალები გახდნენ და საფრანგეთში გაჰყვნენ.

საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის მამიდაშვილი, ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ II-მ ორტენზია 1659 წელს გაიცნო და დიდად მოიხიბლა მისით. მაზარინი ვარაუდობდა, რომ ჩარლზი მას ცოლად შეირთავდა, რის გამოც მან ორტენზიას მზითევად 5 მილიონი ლივრი დაასახელა, რათა მეფე უფრო დაეინტერესებინა, თუმცა ამაოდ. ამის შემდეგ იგი ვარაუდობდა მის მითხოვებას სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-ზე, ასევე ლუი XIV-ის მამიდაშვილზე, თუმცა ესეც არ გამოვიდა. საბოლოოდ მაზარინის იმედს ლოთარინგიის ჰერცოგი შარლ V წარმოადგენდა, თუმცა ევროპელი მონარქები ასევე მონარქებთან დამოყვრებას ამჯობინებდნენ.

1661 წლის 1 მარტს, 15 წლის ორტენზია მიათხოვეს ევროპის უმდიდრეს მამაკაცს, არმან შარლ დე ლა პორტ დე ლა მიელერაიეს, რომელსაც ქორწინებამდე მაზარინის ჰერცოგის წოდება მისცეს. კარდინალი მაზარინის გარდაცვალების შემდეგ მის ხელში გადავიდა მაზარინების მთელი სიმდიდრეც, რომელიც გარდა მამულებისა და შატოებისა, მოიცავდა საუცხოო და იშვიათ ხელოვნების ნიმუშებსაც.

ქორწინება უიღბლო იყო, რადგან ფსიქიკურად არასტაბილური არმან შარლი ლამაზ და პოპულარულ ორტენზიაზე გამუდმებით ეჭვიანობდა. თავიდან მან ორტენზიას მამაკაცებთან ურთიერთობა აუკრძალა, შემდეგ ყოველ შუა ღამეს მის ოთახს ჩხრეკდა და საყვარლებს ეძებდა, საბოლოოდ კი ორტენზიას აიძულა, რომ ჯერ პარიზი, შემდეგ კი საფრანგეთი დაეტოვებინა.

ორტენზიამ დატოვა მცირეწლოვანი შვილები და იტალიაში დაბრუნდა, სადაც თავის ძმას, ნევერის ჰერცოგ ფილიპე მანჩინის რომში ჩააყვანინა თავი და 1668 წელს პაპის კურთხევით დააღწია თავი ქორწინებას. ამის შემდეგ მან რომი თავის დასთან, მარიასთან ერთად დატოვა და კელნში გაემგზავრა.

ორტენზია მანჩინი 1675 წელს

საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ თავი მის მფარველად გამოაცხადა და ორტენზიას ყოველთვიურ პენსიად 24 ათასი ლივრი გამოუყო. ასევე მის დამცველად გამოაცხადა თავი მისმა ყოფლიმა საქმრომ, სავოიის ჰერცოგმა კარლო ემანუელე II-მ. ფინანსურად უზრუნველყოფილი ორტენზია სავოიაში დასახლდა და ხელოვნებისა და ფილოსოფიის პატრონაჟს მიჰყო ხელი. მას შემდეგ, რაც ჰერცოგი გარდაიცვალა ორტენზიას სავოიის დატოვებამ მოუწია, რადგან მისი ქვრივი, მარია ჯოვანა ბატისტამ იგი გააძევა თავის ქმართან რომანტიკული ურთიერთობის გამო.

კარლო ემანუელეს დაღუპვის შემდეგ მას სავოიის ხელისუფლებამ პენსია შეუწყვიტა, მის ფრანგულ პენსიას კი მთლიანად მისი ქმარი იღებდა. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ორტენზიას ელჩი რალფ მონტეგი დაეხმარა, რომელმაც უშუამდგომლა მეფე ჩარლზ II-სთან და მისი ინგლისში ჩასვლა უზრუნველყო. იგი ვარაუდობდა, რომ ჩაანაცვლებდა მეფის საყვარელ ლუიზა დე პორსმუთს, მისი ლონდონში ჩასვლა კი იმით აიხსნა, რომ ჩარლზის ძმის, იორკის ჰერცოგ ჯეიმზის ახალ იტალიელ მეუღლეს, მარია მოდენელს ჩაჰყვა, როგორც სეფექალი. როგორც ინგლისელი მემატიანეები წერენ, ორტენზია ხშირად იცვამდა კაცივით და ქალბატონებთან ურთიერთობდა, რის გამოც ბევრი მას ბისექსუალად თვლის.

1676 წლიდან იგი მართლაც გახდა მეფე ჩარლზის სამეფო საყვარელი და პენსიის სახით 4,000 ფუნტი სტერლინგი დაენიშნა. ამ პერიოდში მას უხდებოდა კონკურენციის მეფის ისეთ საყვარლებთან, როგორებიც არიან: ბარბარა პალმერი და ანა ლენარდი. ჩარლზის პარალელურად მას რომანი ჰქონდა მონაკოს პრინც ლუი I დე გრიმალდისთან.

ჩარლზ II-ის გარდაცვალების გამო ტახტი მისმა ძმამ, ჯეიმზ II-მ დაიკავა, რომელმაც ორტენზიას პენსია შეუნარჩუნა, რაც მისი და დედოფალ მარია მოდენელის ნათესაური კავშირით იყო გამოწვეული. მაშინაც კი, როდესაც 1688 წელს სახელოვანი რევოლუციით დაამხეს ჯეიმზი და ტახტზე მისი ასული მერი II ადის თავის ქმარ უილიამ III-თან ერთად, ორტენზიამ მდგომარეობა შეინარჩუნა და სამეფო კარზე განაგრძო ცხოვრება. 1692 წელს, დედოფალ მერის დაღუპვის შემდეგ მეფე უილიამმა ორტენზიას პენსია გაუნახევრა, მაგრამ კარზე დარჩენის ნება დართო.

დედოფალ მარგარიტა დე ვალუას შემდეგ, ორტენზია და მისი დები საფრანგეთის ისტორიაში პირველი ქალები გახდნენ, რომელთაც თავიანთი მემუარები დაბეჭდეს. მან 1699 წლის 2 ივლისს ლონდონში, 53 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი ქმრის ხარჯებით გადაასვენეს და დაკრძალეს საფრანგეთში, კარდინალი მაზარინის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარი შარლოტი (1662-1729), ცოლად გაჰყვა ეგილონის ჰერცოგ ლუი არმან დე ვინიეროტ დიუ პლესს;
  2. მარი ანა (1663-1720), აბატისა;
  3. მარი ოლიმპია (1665-1754), ცოლად გაჰყვა ბელეფონდის მარკიზ ლუი კრისტოფ დე გიგოლტს;
  4. პოლ ჟიული (1666-1731), მაზარინის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფელის არმანდ შარლოტ დე დიურფორტი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rosvall, Toivo David (1969) Mazarine Legacy: The Life of Hortense Mancini, Duchess Mazarin, Viking Press ISBN 067046418X
  • Conway, Alison (2010) The Protestant Whore: Courtesan Narrative and Religious Controversy in England, 1680-1750, University of Toronto Press, Scholarly Publishing Division ISBN 1442641371
  • Goldsmith, Elizabeth (2012) The Kings' Mistresses: The Liberated Lives of Marie Mancini, Princess Colonna, and Her Sister Hortense, Duchess Mazarin, Public Affairs ISBN 978-1586488895
  • Williams, H. Noel (1915) Rival sultanas: Nell Gwyn, Louise de Kéroualle, and Hortense Mancini
  • Betsy Prioleau, Elizabeth Stevens Prioleau (2003). Seductress: Women Who Ravished the World and Their Lost Art of Love. Hortense Mancini, 1646-1699: Viking Adult. ISBN 978-0670031665.
  • "The Wild and Very Amazing Life of Hortense Mancini". MADAME GUILLOTINE. Archived from the original on 25 November 2011. Retrieved 18 March 2012.
  • Herman, Eleanor (2005). Sex with Kings: 500 Years of Adultery, Power, Rivalry, and Revenge. Friendly Rivalry. p. 128.
  • Carrol, Leslie (2008). Royal Affairs: A Lusty Romp Through the Extramarital Adventures That Rocked the British Monarchy. CHARLES II and Hortense Mancini, Duchesse Mazarin (1646-1699): NAL Trade. ISBN 0451223985.