ოლიმპია მანჩინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოლიმპია მანჩინი
Olympia Mancini by Mignard.png
წოდებები
სუასონის გრაფინია
დაიბადა 11 ივლისი, 1638
რომი, იტალია
გარდაიცვალა 9 ოქტომბერი, 1708, (70 წლის)
ბრიუსელი, ბელგია
საგვარეულო მანჩინები
მეუღლე(ები) ევგენი მორის სავოიელი
შვილ(ებ)ი ევგენი სავოიელი
მამა ლორენცო მანჩინი
დედა ჯიროლამა მაზარინი
რელიგია კათოლიციზმი

ოლიმპია მანჩინი (იტალ. Olimpia Mancini, ფრანგ. Olympe Mancini; დ. 11 ივლისი, 1638, რომი, იტალია — გ. 9 ოქტომბერი, 1708, ბრიუსელი, ბელგია) — იტალიელი არისტოკრატი. კარდინალი მაზარინის დისწული. საფრანგეთში მოღვაზე გამოჩენილი დები მანჩინებიდან მეორე. ლუი XIV-ის საყვარელი. სუასონის გრაფინია როგორც ევგენი მორის სავოიელის მეუღლე. გამოჩენილი გენერლის, ევგენი სავოიელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპია მანჩინი დაიბადა 1638 წლის 11 ივლისს რომში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ლორენცო მანჩინისა და მისი ცოლის, ჯიროლამა მაზარინის მეორე ქალიშვილი. 1653 წელს, მამის დაღუპვის შემდეგ ოლიმპია დედასთან და და-ძმებთან ერთად გადასახლდა პარიზში, საფრანგეთის სამეფო კარზე, სადაც მათ ჯიროლამას ძმა, კარდინალი მაზარინი მფარველობდათ, რომელიც ფაქტობრივად მეფის ნაცვლად მართავდა ქვეყანას. პარიზში ჩასული დები მანჩინები მაზარინმა თავისი გავლენებისა და კავშირების გასაძლიერებლად კარგად გამოიყენა.

დები მანჩინებიდან ოლიმპიას გარდა კიდევ ოთხია ცნობილი:

  • მარია (1639-1715), ლუი XIV-ის პირველი სიყვარული და კოლონას მთავრის მეუღლე;
  • ორტენზია (1646-1699), ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე მეფე ჩარლზ II-ისა და მონაკოს პრინც ლუი I-ის საყვარელი;
  • მარია ანა (1649-1714), ბუილონის ჰერცოგის მეუღლე;

1657 წლის 24 თებერვალს ოლიმპია დააქორწინეს პრინც ევგენი მორის სავოიელზე, რომელიც იყო სავოიის ჰერცოგის ბიძაშვილი და სავოიელთა დინასტიის კარინიანოს შტოს წარმომადგენელი. მას და ოლიმპიას სულ რვა შვილი შეეძინათ, რომელთაგან აღსანიშნავია გამოჩენილი გენერალი ევგენი სავოიელი.

1661 წელს თავისი დის, მარია მანჩინის გათხოვების შემდეგ ოლიმპია დაინიშნა საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის სასახლის ზედამხედველად, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარდა თავად დედოფლისა და სამეფო სისხლის პრინცესებისა, სამეფო კარზე მყოფი ყველა ქალი ოლიმპიას ემორჩილებოდა. სწორედ აქ გამომჟღავნდა ოლიმპიას სიყვარული ინტრიგებისადმი. დედოფალზე ქორწინებიდან მალევე ლუი XIV ოლიმპიას საყვარელი გახდა. როგორც აღწერენ იგი თვალწარმტაცი და უდაოდ მომხიბვლელი იყო. იგი მალევე გახდა ლუის რძლის, ორლეანის ჰერცოგინია ჰენრიეტა ინგლისელის ახლო მეგობარი. როგორც ცნობილია, ჰენრიეტა და ლუი XIV, რომლებიც ასევე ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, ერთმანეთს შორიდან ეტრფოდნენ და სექსუალური კავშირიც ჰქონდათ, რის დამალვაშიც ოლიმპია უწყობდათ ხელს. მას შემდეგ, რაც ლუის ჰენრიეტა შეუყვარდა, ოლიმპია მის წინააღმდეგ შეეკრა მეფის კიდევ ერთ საყვარელს, მადამ ლუიზა დე ლა ვალიერს.

1679 წელს ოლიმპია ლუი XIV-ის სამეფო საყვარელ მადამ დე მონტესპანთან ერთად ამხილეს ე.წ. „შხამების შეთქმულებაში“, რომელიც მიმართული იყო ლუის სხვა საყვარლების თავიდან მოცილებისაკენ. როგორც აღმოჩნდა, მონტესპანი უფრო შორს იყო წასული და მეფეზე კონტროლის შესანარჩუნებლად ეშმაკისეულ რიტუალებშიც კი მონაწილეობდა, რომელიც ჩვილი ბავშვების სისხლში ბანაობას გულისხმობდა. რამდენადაც ცნობილია, ოლიმპიამ ერთხელ მეფეს ასეთი რამ განუცხადა: „დაბრუნდი ჩემთან, ან ამას ინანებ.“ მიიჩნევა, რომ სწორედ მათ მოწამლეს 1670 წელს ჰენრიეტა ინგლისელი. დედოფალმა მარია ტერეზამ ოლიმპიას დასდო ბრალი 1689 წელს საკუთარი ქმრის მოწამვლაშიც. ამის გამო მეფემ მონტესპანიც და ოლიმპიაც გააძევა, მონტესპანი მონაზვნად აღკვეცა, ოლიმპია კი დედოფლის გავლენით ესპანეთში გადაასახლეს.

მადრიდის სამეფო კარზე ოლიმპიამ სულ ერთი წელი დაჰყო, რის შემდეგაც 1690 წელს ესპანეთი დატოვა და ბრიუსელში გადასხლდა. ამის შემდეგ იგი თავის დასთან, მარიასთან ერთად ეწვია თავის მეორე დას, ორტენზიას, რომელიც მეფე ჩარლზ II-ის საყვარელი იყო. დაბრუნებულმა ოლიმპიამ ბრიუსელში მუსიკოსებისა და მხატვრების პატრონაჟს მიჰყო ხელი. იგი 1708 წლის 9 ოქტომბერს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიუსელში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუი თომასი (1657-1702), სუასონის გრაფი. ცოლად შეირთო ურანია დე ლა კროპტი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ფილიპი (1659-1693), სუასონის აბატი;
  3. ლუი ჟიული (1660-1683), სავოიელი კავალერისტი, დაიღუპა თურქებთან გამართულ პეტრონელის ბრძოლაში, უცოლ-შვილოდ;
  4. ემანუელ ფილიბერტი (1662-1676), დრეს გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. ევგენი (1663-1736), გამოჩენილი გენერალი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  6. მარი ჟანა (1665-1705), მადმუაზელ დე სუასონი;
  7. ლუიზ ფილიბერტა (1668-1726), მადმუაზელ დე დრე;
  8. ფრანსუაზი (1668-1671), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Thérèse Louis Latour "Princesses, Ladies and Adventuresses of The Reign of Louis XIV", page 196
  • Latou,pages 196–97
  • A. Fraser, Love and Louis XIV. See also L. Hilton, The Real Queen of France.
  • Otto Flake: Große Damen des Barock. Historische Porträts. Fischer, Frankfurt am Main 1981.