კონსტანტინე ჯავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კონსტანტინე ჯავრიშვილი
კონსტანტინე ჯავრიშვილი.jpg
კონსტანტინე ჯავრიშვილი
დაბ. თარიღი 1914
გარდ. თარიღი 1977
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონი
ეროვნება ქართველები
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა გეოლოგი
მთამსვლელი
სპელეოლოგი
ჟურნალისტი
მთარგმნელი
ლიტერატორი

კონსტანტინე ჯავრიშვილი (დ. 1914 — გ. 1977) — ქართველი გეოლოგი, მთამსვლელი, სპელეოლოგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, ლიტერატორი. ძირძველი თბილისელი (ჯავრიშვილის პაპის პაპის პაპა — ქაიხოსრო იყო მეფე ერეკლეს ზარბაზნის ოსტატი). 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა მთიულეთის საძიებო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსად, შახტის მთავარ გეოლოგად; ჟურნალ „დროშის“ განყოფილების გამგედ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლულ მდივნად, ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგებ (1966-1974).

კონსტანტინე ჯავრიშვილი 1930-1940-იან წლებში ხელმძღვანელობდა ალპურ ასვლებს ლაღზწითზე, შინოზე, ქომიტოზე, ტებულოზე, მყინვარწვერზე, გისტოლაზე, კათინთაუზე, თეთნულდზე, ჯანღაზე და სხვა მწვერვალებზე. 1944 წელს ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილების ასვლებს ირანის უმაღლეს მწვერვალზე — დემავენდზე. სსრკ-გერმანიის ომის წლებში იყო ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამთო-სათხილამურო მომზადების განყოფილების უფროსი. 1947-1956 წლებში იყო რეპრესირებული.

კონსტანტინე ჯავრიშვილმა შეადგინა გეოლოგიის ტერმინოლოგია (1941; გ. ლომთათიძესა და მ. ფოფხაძესთან ერთად), თარგმნა რუსულიდან ალექსანდრე ფერსმანის „გასართობი მინერალოგია“ (გ. ლომთათიძესთან ერთად), კ. სიმონოვის „20 დღე უომრად“ (ა. ცინცაძესთან ერთად) და სხვა, ფრანგულიდან ონორე დე ბალზაკის „მამა გორიო“, ალბერ კამიუს „შავი ჭირი“, ჟიულ ვერნის „კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი“. ავტორია ნარკვევებისა „მთები და ადამიანები“ (1970), „მე თბილისელი ვარ“ (1972).

იყო ქართულ ენაზე გამოსული ვერნის თხზულებათა მრავალტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მეციერებათა აკადემიის სპელეოლოგიური საბჭოს თავმჯდომარე (1969-1977). რედაქტორი სპელეოლოგიური კრებულებისა — „საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები“. საქართველოს ალპური კლუბის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ტურიზმის თბილისის საქალაქო კლუბის გამგეობის თავმჯდომარე. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]