გიორგი ლომთათიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომთათიძე.

გიორგი ალექსანდრეს ძე ლომთათიძე (დ. 26 ნოემბერი, 1914, დაბა ცხინვალი — გ. 23 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ქართული ლიტერატურისა და კულტურის ბრწყინვალე მცოდნე, მეცნიერებაში ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ტრადიციების გამგრძელებელი, 75 ნაშრომის ავტორი. 1965 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებული შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ციხე ქალაქ უჯარმის, ნადარბაზევის, ძველი თბილისის „განჯის კარის“, ურბნისის, ვარციხის, კვეტერის, ხვამლის და სხვა ექსპედიციების მონაწილე. დიდი ამაგი დასდო საქართველოს უძველესი დედაქალაქის მცხეთის ისტორიული წარსულის შესწავლას. მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჰქონდა არმაზისხევში, ბაგინეთსა და სამთავროში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მცხეთის მიდამოებში წარმოებულ გათხრებს.

იგი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მშობლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მამა — ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ლომთათიძე.
  • დედა — ზინაიდა ოქროპირიძე ფართოდ განათლებული, ქართული ტრადიციების მქონე ოჯახის შვილი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ლომთათიძემ საშუალო განათლება მიიღო თბილისის I საცდელ-საჩვენებელ შრომის სკოლაში. ამ სკოლას უწინ პირველ გიმნაზიას უწოდებდნენ.

ოციან წლებში, როცა აქ გიორგი ლომთათიძე სწავლობდა, სკოლას სათავეში ედგა შესანიშნავი აღმზრდელი და მასწავლებელი, შემდეგში თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ლიტერატურის მკვლევარი, მიხეილ ზანდუკელი. სკოლაში ზნეობრივი სიწმინდის, მეგობრობისა და სიყვარულის სული ტრიალებდა. ბავშვებს მხოლოდ „საგნებს“ კი არ ასწავლიდნენ, არამედ ადამიანს, მოქალაქეს ზრდიდნენ, კეთილშობილი პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებდნენ მათ.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 17 წლის ახალგაზრდა 1931 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1936 წელს დაასრულა.

1938-1941 წწ. გიორგი ლომთათიძე სწავლას აგრძელებს ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ასპირანტურაში. აქ იგი პროფ. გიორგი ნიორაძის ხელმძღვანელობით დაეუფლა ზოგადსა და საქართველო-კავკასიის არქეოლოგიას, არქეოლოგიური დაზვერვებისა და თხრის მეთოდიკის საფუძვლებს.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წლიდან გიორგი ლომთათიძის ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ყოველდღიურ სამეცნიერო თუ საორგანიზაციო საქმიანობასთან.

1943- 47 წლებში იგი იყო ინსტიტუტის სწავლული მდივანი.

965 – 1971 წწ. შუასაუკუნეთა არქეოლოგიის განყოფილების გამგე.

პარალელურად, 1945-1947 წლებში გიორგი ლომთათიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე (1946-52 წწ.), აქვე - აღმოსავლეთმცოდნეობისა და საქართველოს სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს.

1948- 1949 წლებიდან იგი დაკავშირებული იყო, ერთის მხრივ, ნიკო ბერძენიშვილის მიერ წამოწყებულ ისტორიულ-არქეოლოგიურ კვლევა–ძიებასთან ქვემო ქართლის მიწა-წყალზე, ხოლო მეორე მხრივ, ასეთივე ხასიათის სამუშაოებთან, რაც თბილისში ფართოდ გაშლილ ახალმშენებლობათა უბანზე გაჩაღდა.

გიორგი ლომთათიძე და რუსთავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წლიდან გ. ლომთათიძის სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდა კუხეთის რეგიონს და მის ცენტრს – რუსთავს. ძველი ნაქალაქარის უბნებზე ახალი ქალაქის მშენებელთა მიერ დაზიანებული სამაროვნები და მრავალფენიანი კულტურული ფენები გადაუდებელ შესწავლას საჭიროებდა.

1949 წელს, ივ.ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტში შექმნილ რუსთავის არქეოლოგიურ ექსპედიციას გიორგი ლომთათიძე ჩაუდგა სათავეში, რომელსაც გარდაცვალებამდე, 1971 წლამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა.

რუსთავის ნაქალაქარსა და ციხეზე გეგმაზომიერი სამუშაოების ჩატარების შედეგად, გამოვლინდა და შესწავლილ იქნა სხვადასხვა ტიპის (საცხოვრებელი, სამეურნეო) ნამოსახლარი და სამაროვნები, რომელთა კვლევას გ. ლომთათიძემ არაერთი სტატია და გამოკვლევა მიუძღვნა.

რუსთავისადმი მიძღვნილ ნაშრომებში გიორგი ლომთათიძე ამომწურავად გადმოგვცემს ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების უმთავრეს შედეგებს. განხილულია ნაქალაქარზე გამოვლენილი კომპლექსები: სამაროვნები, ნამოსახლარები და იქ აღმოჩენილი მასალა, სასიმაგრო, საცხოვრებელი, სამეურნეო ნაგებობანი, უამრავი ნივთი და მონეტა; მოცემულია ქალაქის სტრატიგრაფიული შკალა, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი მეცნიერული ღირებულება. გაცოცხლებულია ქალაქის ხანგრძლივი, მძიმე და რთული თავგადასავალი. დასახულია კვლევის ძირითადი გეზი და შემდგომი მუშაობის უმთავრესი პრობლემები.

დიდი ღვაწლი მიუძღვის გიორგი ლომთათიძეს რუსთავის მუზეუმის დაარსების საქმეში, რომელიც მისი ინიციატივითა და დიდი ბრძოლის შედეგად დაფუძნდა 1950 წელს. მისივე თემატური გეგმის მიხედვით მოეწყო მუზეუმის პირველი და მეორე საგამოფენო ექსპოზიცია.

ექსპედიციებში მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისისა და რუსთავის პარალელურად, გ. ლომთათიძის სამეცნიერო პრობლემატიკასა და პრაქტიკულ საქმიანობაში შუა საუკუნეების სრულიად ახალ-ახალი ძეგლები შემოდის; მისი უშუალო ხელმძღვანელობით ან უახლოესი მონაწილეობით ითხრება:

და სხვა, რომელთაც ავტორმა ასეულობით ( 200-მდე) გამოკვლევა, სტატია თუ სამეცნიერო ანგარიშის სახით შედგენილი და უხვად ილუსტრირებული ნაშრომი უძღვნა.

პუბლიცისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ლომთათიძე იყო არა მხოლოდ ფართო თვალსაწიერის მქონე მკლევარ-არქეოლოგი, არამედ ბრწყინვალე პუბლიცისტიც. მის მიერ გათხრილი ძეგლებისა თუ საქართველოს ისტორიის რუსთავის ისტორიული მუზეუმის ცალკეულ თემებზე, უპირატესად მათი პოპულარიზაციის მიზნით, ის საქართველოს გაზეთებისა და ჟურნალების გვერდებზე აქვეყნებდა სტატიებსა და ნოველებს.

იგი იყო მრავალი გაზეთის საგანგებო კომისიის წევრი და შეურიგებლად ებრძოდა ენობრივი ნორმების დამახინჯებას, ასევე უცხო სიტყვების უადგილოდ, მოუზომავად გამოყენებას.

გ. ლომთათიძეს დიდი შრომა აქვს გაწეული არქეოლოგიური ტერმინოლოგიის შესაქმნელადაც.

გოგი ლომთათიძეს ათეულობით მემორიალური წერილი, ბიოგრაფია თუ ნეკროლოგი აქვს გამოქვეყნებული ე. თაყაიშვილზე, ივ. ჯავახიშვილზე, ნ.მარზე, გ. ჩუბინიშვილზე, გ. ნიორაძეზე და სხვ.

ნაშრომები და თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „პალეონტოლოგია“
  • „გეოლოგიური ტერმინოლოგია“
  • „არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ძველ დედაქალაქში“
  • „ბრინჯაოს სატევრები და მახვილები სამთავროს უძველეს ორმოსამარხებში“
  • „არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები, 1937-1946 წწ. განათხარის მიხედვით“
  • „რუსთავში წარმოებული არქეოლოგიური თხრის უმნიშვნელოვანესი შედეგები“
  • „ქალაქი რუსთავი არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით“
  • „ქართული კულტურის მატიანე ექვთიმე თაყაიშვილი“
  • „,ყოფა და კულტურა არქეოლოგიური მასალების მიხედვით“

ეს ნაშრომები, მათი აქტუალობისა გამო, მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ, ახალი რედაქციით 1977 წელს ხელახლა გამოიცა მონოგრაფიად - „საქართველოს მოსახლეობის ყოფა და კულტურა I-XIII საუკუნეებში“.

გიორგი ლომთათიძე იყო ქართული, რუსული, ინგლისური ენების ბრწყინვალე მცოდნე და ამ ენებზე 25-მდე წიგნის, ბროშურის, სტატიის მთარგმნელი; მას ეკუთვნის ამერიკელი მწერლის დოს პასოსის რომანის „42 პარალელის“ თარგმანი.

გიორგი ლომთათიძე და ექვთიმე თაყაიშვილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ლომთათიძე იყო თავისი კოლეგებისა და წინაპართა ღვაწლის დიდი დამფასებელი. საგანგებო აღნიშვნის ღირსია მისი ურთიერთობა ექვთიმე თაყაიშვილთან.

იგი წლების განმავლობაში, სამშობლოში დაბრუნებულ, უკვე ხანდაზმულ ექვთიმე თაყაიშვილს უანგაროდ ეხმარებოდა პირადი არქივის მოწესრიგებაში, ნაშრომების რედაქტირებაში, როგორც მის სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის შემდეგ. მან დიდ მამულიშვილთან - ექვთიმე თაყაიშვილთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის წვრილმანი დეტალებიც კი მისთვის ჩვეული გულმოდგინებით და საინტერესოდ ასახა დღიურებში, რომელიც საფუძვლად დაედო მის კიდევ ერთ მონოგრაფიას - „ქართული კულტურის მატიანე ექვთიმე თაყაიშვილი“ (1990 წ) .

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას განსაკუთრებით დიდი სურვილი ჰქონდა გაეთხარა თმოგვი, წუნდა, სამშვილდე.

ეს ძეგლები დღესაც ელიან არქეოლოგის წერაქვს. იმედია, ახალი თაობა ოდესმე შეძლებს გიორგი ლომთათიძის ოცნებების ასრულებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 237, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]