ვასილ ჯავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვასილ ტარიელის ძე ჯავრიშვილი (დ. 10 ოქტომბერი, 1889 — გ. 1940?) — ქართველი ოფიცერი, I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე, პოდპოლკოვნიკი (1918).

გენერალ ტარიელ ჯავრიშვილის შვილი. დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი (1907) და პავლეს სამხედრო სასწავლებელი (1908). მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-2 ნაღმმტყორცნელთა დივიზიონში. I მსოფლიო ომში პორუჩიკის წოდებით მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას, შემდეგ მიენიჭა შტაბს-კაპიტნის (1915) და კაპიტნის (1916) წოდებები. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1914), III (1915) და II (1917), წმ. ვლადიმერის IV (1915), წმ. სტანისლავის II (1916) ხარისხის ორდენებით. 1917 წელს მეთაურობდა დივიზიონს. ომის დროს სამჯერ დაიჭრა მძიმედ. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში. სხვადასხვა დროს იყო II საარტილერიო დივიზიონის, საარტილერიო ბრიგადის I დივიზიონის, იმავე ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა დივიზიონის, საარტილერიო დივიზიონის I ბატარეის მეთაური. საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, 1921 წლის თებერვალში მეთაურობდა არმიის საარტილერიო დივიზიონს. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში, იყო საარტილერიო დივიზიონის მეთაური (1921-1922), სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილე (1922-1923) და უფროსი (1923), ქართული მსროლელი დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაური (1923-1925). მასობრივი რეპრესიების დროს, 1937 წელს დააპატიმრეს. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება; სავარაუდოდ, დახვრიტეს. მისი შვილი იყო ალპინისტი და გეოლოგი კონსტანტინე ჯავრიშვილი. ჯავრიშვილის ბიძაშვილი, ვასილ სოლომონის ძე ჯავრიშვილი იყო I მსოფლიო ომის მონაწილე ოფიცერი და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენის კავალერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]