კახის სახელმწიფო ქართული დრამატურგიული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრიილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი საინგილოს სოფელ ალიბეგლოში, აზერბაიჯანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს სოფლის ახალგაზრდობის მოთხოვნით და პოეტ იზა ორჯონიკიძის ინიციატივით, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურმა ინსტიტუტმა სოფელში მიავლინა სტუდენტები მ. კვირკველია და მ. მჭედლიშვილი, რომლებმაც დადგეს საკურსო სპექტაკლები (რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ და ა. სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“). ამ სპექტაკლებში მონაწილე სცენისმოყვარეთა ძალებით 1981 წელს ალიბეგლოს კულტურის სახლთან ჩამოყალიბდა დრამწრე ა. დოლენჯაშვილის ხელმძღვანელობით. 1985 წელს აზერბაიჯანის სსრ-ის კულტურის სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით დრამწრეს მიენიჭა სახალხო თეატრის სტატუსი. ამავე წელს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა დ. მაცხონაშვილმა და პ. ცუცქირიძემ ალიბეგლოელთა ძალებით მოამზადეს თოჯინების სპექტაკლი - ვ. რაბადანის „ოხერტიალა“.

1987 წელს თეატრს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელი, ამავე წელს თეატრი გახდა მშრომელთა თვითმოქმედი დრამატული ხელოვნების II საკავშირო ფესტივალის ლაურეატი.

დღიდან დაარსებისა თეატრთან არსებობს ბავშვთა დრამატული სტუდია სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის.

ალიბეგლოს ქართულ სახალხო თეატრს შეფობენ საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი და საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი (ხელმძღვანელი ჯ. ჭკუასელი), საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი.

2004 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოსცა ბრძანებულება თეატრისათვის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ.[1]

რეპერტუარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს თეატრის რეპერტუარში იყო: რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, ა. სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“, გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“, ლ. ასათიანის „ბასიანის ბრძოლა“, კომპოზიცია აზერბაიჯანულ ხალხურ ლექსებზე - „აზერბაიჯანული ბაიათები ანუ სავიზიტო ბარათი“, ა. გეწაძის „შუაზე გაყოფილი ცრემლი“, „წმინდანები ჯოჯოხეთში“, დ. აწყურელის „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგი“ (მეორე სახელწ. – „ბერბიჭები“, ქართ. ენის ინგილოურ დიალექტზე და აზერბ. ენაზე), ა. ჩხაიძის „თავისუფალი თემა“. ქართველი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებების მიხედვით, საკონცერტო პროგრამა - „ქართული სიმღერის საღამო“, პოეზიის საღამოები — „ადგილობრივი სახალხო მთქმელები“, „ინგილო სახალხო მთქმელები“, „ჩვენ ხუთი წლის ვართ“ (დიალოგი მაყურებელთან), ბ. ლავრენიოვის „ორმოცდამეერთე“ და სხვ.

1987 წელს თეატრის ინიციატივით სოფლის სტადიონზე მოეწყო სახ. დღესასწაული — „ილიაობა“ (მიეძღვნა ი. ჭავჭავაძის დაბადების 150 წლისთავს, ტარდება ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ ნახევარში). 1988 დაიდგა ახალი სპექტაკლები: ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ და საინგილოს ისტორიის ამსახველი მონტაჟი „ალაზანს აქეთ“ (წარსული და თანამედროვეობა; სცენარის ავტორი და რეჟისორი ა. დოლენჯაშვილი); 1990 წელს — ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „აპრილი მოსულა“ (ავტორი და რეჟისორი ა. დოლენჯაშვილი), რ. ტომას „მახე“; 1992 წელს – რ. გაბრიაძის „უცხო ჩიტი“, რ. ერისთავის „ეჭვიანი“, ა. ჩეხოვის „ხელის თხოვნა“, სცენები ბ. ბრეხტის პიესიდან „შიში და სიღატაკე მესამე იმპერიისა“ (ლ. ბრეგაძის თარგმანი). ამავე წელს თეატრი გასტროლებზე იყო სამაჩაბლოს სოფლებში (ზემო და ქვემო აჩაბეთი, ქურთა, კეხვი, ერედვი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Georgian Diaspora to the Republic of Azerbaijan. Embassy of Georgia to the Republic of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.